ინფლაცია არის დროთა განმავლობაში საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა და ამა თუ იმ ვალუტის მსყიდველუნარიანობის შემცირება.
ინფლაციის მატებასთან ერთად თქვენს ხელთ არსებული ვალუტით სულ უფრო ნაკლების ყიდვა შეგიძლიათ. ეკონომისტები ინფლაციის ზრდას ან შემცირებას დროის შუალედში ზომავენ. ეს მაჩვენებელი ცნობილია, როგორც ინფლაციის დონე. ინფლაციის ეფექტის შემჩნევა ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტში შეგვიძლია. ზოგიერთი ეს ეფექტი საცხოვრებლის, საკვების, საწვავისა და სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზომიერ ინფლაციას შეიძლება გარკვეული სარგებელი ჰქონდეს, მომხმარებელთა ძირითადი ნაწილი ყურადღებას თავისი ფულის ღირებულების შემცირებაზე ამახვილებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მაღალი ინფლაცია საზიანოდ ითვლება, ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ინფლაციას, მცირე დოზით, შეუძლია ხელი ეკონომიკურ ზრდას შეუწყოს. ინფლაციის საპირისპირო მოვლენაა დეფლაცია, მდგომარეობა, როდესაც ფასები მცირდება.
ინფლაციის რეალური მაგალითისთვის, მოდით, ბენზინის ფასი განვიხილოთ. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, 2000 წლიდან 2019 წლამდე ბენზინის ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 3.10% შეადგინა. ასე რომ, ბენზინის ავზი, რომელიც 2000 წლეს $20 ღირდა, 2019 წელს $35 დაგიჯდებათ. ეს საკმაოდ სერიოზული ზრდაა.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
ინფლაცია ჰგავს ხვრელს თქვენს ყულაბაში. თუ ინფლაციის დონე დაბალია, ხვრელი უფრო პატარაა, ხოლო რაც უფრო მაღალია ინფლაციის დონე, მით უფრო დიდია ხვრელი და სამომხმარებლო კალათის შესაძენად მით უფრო მეტი ფულის გადახდა მოგიწევთ.