გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება არის სტრატეგია, რომელიც, ფინანსური მოგების მიღებასთან ერთად, კონკრეტული სასარგებლო სოციალური ან გარემოსდაცვითი ეფექტების მიღწევას ისახავს მიზნად. გავლენაზე დაფუძნებულმა ინვესტირებამ შეიძლება აქტივთა სხვადასხვა კლასი მოიცვას და მრავალი განსხვავებული რეზულტატი გამოიღოს. ამ სტრატეგიის მიზანი ფულისა და საინვესტიციო კაპიტალის დადებითი სოციალური შედეგების მისაღწევად გამოყენებაა.
გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების გააზრება
ტერმინი გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება პირველად 2007 წელს გამოჩნდა, მაგრამ ეს პრაქტიკა, რეალურად, უფრო ადრე განვითარდა. ამ ტიპის ინვესტირების ძირითად მიზანს სოციალურ გარემოზე ბიზნეს აქტივობის ნეგატიური ეფექტის შემცირების ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ხშირად ეს სტრატეგია ფილანთროპიის ნაწილად.
ინვესტორები, რომლებიც გავლენაზე დაფუძნებულ ინვესტირებაზე არიან ფოკუსირებულნი, ფულის დაბანდებამდე განიხილავენ კომპანიის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას ან მენეჯმენტის განზრახვას, მათმა საქმიანობამ საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა იქონიოს. გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების პოტენციური ზემოქმედების ტიპი შეიძლება ინდუსტრიის ან სპეციფიკური კომპანიის მიხედვით განსხვავებული იყოს.
გავლენაზე დაფუძნებულ ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ხორციელდება ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ, მათ შორის არის ჰეჯ-ფონდები, კერძო ფონდები, ბანკები, საპენსიო ფონდები და ა. შ.
თუმცა, სოციალურად ცნობიერი ფინანსური სერვისების კომპანიები და ონლაინ საინვესტიციო პლატფორმები ამ ყველაფერში მონაწილეობის შესაძლებლობას ახლა ინდივიდებსაც სთავაზობს.
გავლენაზე დაფუძნებული ინვესტიციების ტიპები
როდესაც საქმე ანაზღაურებას ეხება, ამ ტიპის ინვესტიციები ინვესტორებს უამრავი შესაძლებლობით უზრუნველყოფს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავლენაზე დაფუძნებული ინვესტიციები, ფინანსურ ანაზღაურებასთან ერთად, ინვესტორებს საზოგადოებაზე პოზიტიურად ზემოქმედების საშუალებასაც აძლევს.
ამ სტრატეგიის შესაძლებლობები მრავალფეროვანია და ინვესტორებს შეუძლიათ თავიანთი ფული დააბანდონ როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. გავლენაზე დაფუძნებული ინვესტიციები მოიცავს რამდენიმე ინდუსტრიას, მათ შორის არის:
- ჯანდაცვა
- განათლება
- ენერგეტიკა (განსაკუთრებით სუფთა და განახლებადი ენერგია)
- აგროკულტურა
ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი)
გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ინვესტირება წარმოადგენს პრაქტიკას, რომელსაც შეიძლება ინვესტიციის წარმადობაზე მატერიალური გავლენა ჰქონდეს. ESG ფაქტორების ინტეგრაცია გამოიყენება ტრადიციული ფინანსური ანალიზის გასაუმჯობესებლად, ტექნიკური შეფასებების მიღმა პოტენციური რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ცნობიერება მნიშვნელოვანია, ESG შეფასების მთავარ მიზნად მაინც ფინანსური წარმადობა რჩება.
სოციალურად პასუხისმგებლობიანი ინვესტირება (SRI)
სოციალურად პასუხისმგებლობიანი ინვესტირება უფრო შორს მიდის, ვიდრე ESG — ის ინვესტიციების კონკრეტული ეთიკური პრინციპების შესაბამისად შერჩევას გულისხმობს. ძირითადი მოტივი შეიძლება იყოს რელიგია, პირადი ღირებულებები ან პოლიტიკური შეხედულებები.
მნიშვნელოვანი საკითხები
სოციალურად და ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი პრაქტიკა იზიდავს გავლენაზე დაფუძნებულ მიდგომაზე ორიენტირებულ ინვესტორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს შეუძლია, ასეთი პრაქტიკით ფინანსური სარგებელი მიიღოს. გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირებით განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან ახალგაზრდა თაობები, რომლებსაც სურთ, საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა იქონიონ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ინვესტორები სულ უფრო მეტად ზემოქმედებენ ბაზარზე, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაფართოვდება.
რაც უფრო მეტი ადამიანი გააცნობიერებს გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების სოციალურ და ფინანსურ სარგებელს, უფრო მეტი კომპანია აითვისებს სოციალური პასუხისმგებლობის არეალს.
გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება vs SRI
SRI, რომელსაც ზოგჯერ მდგრად ან სოციალურად ცნობიერ ინვესტირებას უწოდებენ, გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების ფორმას წარმოადგენს. მაშინ, როცა SRI-ის განმარტება მოიცავს ზიანის თავიდან აცილებას, გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირება ასევე მიუთითებს დადებით გავლენაზე ამ სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების საშუალებით.
SRI-ზე ფოკუსირებული ინვესტორები ირჩევენ კომპანიებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის შესახებ. მაგალითად, ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება უარი თქვას ისეთ კომპანიაში ინვესტირებაზე, რომელიც აწარმოებს, ყიდის ან პოპულარიზაციას უწევს თამბაქოს, რადგან ეს პროდუქტი ადამიანების ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.
გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების მაგალითები
The Gates Foundation
გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, რომლის ჯამური შემოწირულება თითქმის $50 მილიარდს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გეითსის ფონდის უმეტესი ნაწილი ქველმოქმედებაზეა ორიენტირებული, მას ასევე გააჩნია სტრატეგიული საინვესტიციო ფონდი, რომლის ღირებულებაც $2.5 მილიარდს აღწევს. ეს სახსრები ინვესტირებულია საწარმოებში, რომლებიც შეესაბამება ფონდის მიზნებს ჯანმრთელობის, განათლებისა და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
The Ford Foundation
Ford Foundation 1936 წელს ედსელ და ჰენრი ფორდებმა დააარსეს. ფონდის თავდაპირველი შემოწირულება $25,000-ს შეადგენდა. დღეს ის არის ერთ-ერთი უდიდესი კერძო ფონდი, რომლის ფულადი სახსრებიც $16 მილიარდს აღწევს. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გრანტების სახითაა გაცემული და ფონდის ფასეულობებთან შესაბამისი მიმართულებების მხარდაჭერას ხმარდება.