„მოსავლის აღების სტრატეგია“ არის მარკეტინგული და ბიზნეს სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ინვესტირების შემცირებას ან შეწყვეტას პროდუქტში, პროდუქციის ხაზში ან ბიზნესის ხაზში, რათა ამ საქმიანობაში ჩართულმა სუბიექტებმა მაქსიმალური მოგება მიიღონ. ეს სტრატეგია, როგორც წესი, გამოიყენება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ბოლოს, როდესაც დადგინდება, რომ შემდგომი ინვესტიცია მისგან მიღებულ შემოსავალს აღარ გაზრდის.
„მოსავლის აღების სტრატეგიების“ გააზრება
როდესაც პროდუქტი სასიცოცხლო ციკლის დასასრულს უახლოვდება, ის, როგორც წესი, ვერ სარგებლობს დამატებითი ინვესტიციებით და მარკეტინგული ძალისხმევით. პროდუქტის ამ ეტაპს უწოდებენ „მეწველი ძროხის“ სტადიას და ეს ხდება მაშინ, როდესაც აქტივს მოაქვს ანაზღაურება და შემდგომ ინვესტიციას არ საჭიროებს. ამიტომ, „მოსავლის აღების სტრატეგიის“ გამოყენება კომპანიებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი, სანამ პროდუქტი კლების სტადიას მიაღწევს. ხშირად კომპანიები საბოლოო პროდუქტისგან მიღებულ შემოსავალს ახალი პროდუქტების განვითარებისა და დისტრიბუციის დასაფინანსებლად იყენებს. ეს თანხები ასევე შეიძლება მოხმარდეს არსებული, მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე პროდუქტების პოპულარიზაციას.
მაგალითად, გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ შეიძლება შეწყვიტოს ინვესტიციები თავის გაზიან პროდუქტში, რომელიც ბაზარზე უკვე მყარად არის დამკვიდრებული, რათა ფინანსური რესურსები ენერგეტიკული სასმელების ახალი ხაზისთვის გამოყოს. კომპანიებს „მოსავლის აღების სტრატეგიის“ რამდენიმე ვარიანტი აქვს. ხშირად მმართველი გუნდები გაყიდვების გასაზრდელად, ბრენდის ლოიალობას ეყრდნობიან, ამიტომ ისინი ახალი პროდუქტებისთვის მარკეტინგულ ხარჯებს ამცირებენ ან საერთოდ აუქმებენ. „მოსავლის აღების სტრატეგიის“ გამოყენებისას კომპანიას შეუძლია, შეზღუდოს ან აღმოფხვრას კაპიტალური ხარჯები, როგორიცაა ახალი აღჭურვილობის შეძენა. გარდა ამისა, მმართველ გუნდს შეუძლია შეზღუდოს ხარჯები ოპერაციებზე.
მოსავლის აღების სტრატეგია შეიძლება მოიცავდეს კონკრეტული პროდუქტის ან პროდუქტის ხაზის თანდათანობით აღმოფხვრას, როდესაც ტექნოლოგიური მიღწევები რომელიმეს მოძველებულს ხდის. მაგალითად, კომპანიებმა, რომლებიც ყიდის სტერეო სისტემებს, თანდათან გააუქმა ფირსაკრავების გაყიდვები CD ფლეერების სასარგებლოდ, რადგან კომპაქტური დისკის გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ფირების — შემცირდა. გარდა ამისა, როდესაც კონკრეტული პროდუქტის გაყიდვები სამიზნე მაჩვენებელს მუდმივად ჩამორჩება, კომპანიებმა შეიძლება თანდათან ამოიღოს დაკავშირებული პროდუქტები თავიანთი პორტფელებიდან.
მნიშვნელოვანი საკითხები
„მოსავლის აღების სტრატეგია“ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს გეგმის თვალსაზრისითაც, რადგან ეს საინტერესოა ინვესტორებისთვის, როგორებიც არიან ვენჩურული კაპიტალისტები ან კერძო ინვესტორები. ამ მეთოდს ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიას, რადგან ინვესტორები ცდილობენ კომპანიაში თავიანთი წილის გაყიდვას მისი წარმატების შემდეგ. ისინი იყენებენ „მოსავლის აღების სტრატეგიას“ თავიანთი ინვესტიციიდან მიღებული მოგების მოსაგროვებლად, რათა ეს ფულადი სახსრები ახალ საწარმოებში დააბანდონ. ინვესტორებისთვის „მოსავლის აღების სტრატეგია“ შეიძლება იყოს კომპანიის სხვა ფირმისთვის მიყიდვა ან აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO).