ფინანსური სიჯანსაღე არის ტერმინი, რომელიც პერსონალური ფინანსური მდგომარეობის აღსაწერად გამოიყენება. ფინანსურმა ექსპერტებს შემუშავებული აქვთ ზოგადი მითითებები ფინანსური სიჯანსაღის დონის შესაფასებლად, მაგრამ თითოეული ინდივიდის მდგომარეობა განსხვავებულია. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, დახარჯოთ დრო საკუთარი ფინანსური გეგმის შემუშავებაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი მიზნების მისაღწევად სწორ გზაზე დგახართ და საკუთარ თავზე ზედმეტ ფინანსურ რისკს არ იღებთ.
გაზომეთ საკუთარი ფინანსური სიჯანსაღის დონე
საკუთარი ფინანსური სიჯანსაღის უკეთ გასააზრებლად, შესაძლოა, ქვემოთ მოცემულ რამდენიმე კითხვაზე პასუხების გაცემა დაგეხმაროთ:
- რამდენად მზად ხართ მოულოდნელი მოვლენებისთვის? გაქვთ გადაუდებელი საჭიროების ფონდი?
- დადებითია თუ არა თქვენი ქონების ღირებულება?
- გაქვთ ცხოვრებაში ის, რაც გჭირდებათ ან გინდათ?
- თქვენი ვალის რა ნაწილს მიიჩნევთ მაღალპროცენტიანად? აღემატება ის 50%-ს?
- აქტიურად ზოგავთ ფულს პენსიაზე გასასვლელად? ფიქრობთ, რომ თქვენი გრძელვადიანი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დგახართ?
- საკმარისად ხართ დაზღვეული? — იქნება ეს ქონების, თუ ჯანმრთელობის დაზღვევა.
როგორ განისაზღვრება ფინანსური სიჯანსაღე?
ინდივიდის ფინანსური სიჯანსაღე შეიძლება შეფასდეს რამდენიმე გზით. ადამიანის დანაზოგი და მთლიანი ქონება წარმოადგენს მის განკარგულებაში არსებულ ფულად რესურსებს მიმდინარე ან სამომავლო გამოყენებისთვის. მათზე შეიძლება გავლენა იქონიოს ვალმა, როგორიცაა საკრედიტო ბარათების დავალიანება, იპოთეკა, ავტო და სტუდენტური სესხები. ფინანსური სიჯანსაღე არ არის სტატიკური მაჩვენებელი. ის ინდივიდის აქტივების და ლიკვიდურობის დონის, ასევე საქონლისა და მომსახურების ფასის რყევის საფუძველზე იცვლება.
ფინანსური სიჯანსაღის ტიპური ნიშნებია შემოსავლების სტაბილური ნაკადი, ხარჯების იშვიათი ცვლილებები, ძლიერი ანაზღაურება განხორციელებულ ინვესტიციებზე და ფულადი სახსრების ბალანსი, რომელიც იზრდება და ზრდის გზაზეა.
ფინანსური სიჯანსაღის გაუმჯობესება
თქვენი ფინანსური სიჯანსაღის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში უნდა გააანალიზოთ, თუ ფინანსური მოგზაურობის რა ეტაპზე იმყოფებით ახლა. გამოთვალეთ თქვენი ქონების ღირებულება — ეს მოიცავს ყველაფერს, რასაც ფლობთ: საპენსიო ანგარიშებს, მანქანებს და სხვა აქტივებს (ყველა სახის ვალდებულებების გამოკლებით).
ბიუჯეტი
შემდეგ უნდა შეადგინოთ ბიუჯეტი. საკმარისი არ არის მხოლოდ იმის დაგეგმვა, თუ რაზე დახარჯავთ ფულს, ასევე მნიშვნელოვანია უკვე გაწეული ხარჯების ყურადღებით გაანალიზება. იქნებ არის მიმართულებები, სადაც ხარჯების შემცირება შეგიძლიათ. მაგალითად, განმეორებადი გამოწერის სერვისი, რომელსაც არც კი იყენებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების ერთმანეთისგან გამიჯვნა, უპირველეს ყოვლისა პირველ მათგანზე ფოკუსირება.
ბიუჯეტის შესაქმნელად შეგიძლიათ ელექტრონული ცხრილები ან სხვადასხვა ციფრული აპლიკაცია გამოიყენოთ.
გადაუდებელი საჭიროების ფონდი
გადაუდებელი საჭიროების ფონდის შექმნამ შეიძლება თქვენი ფინანსური სიჯანსაღის დონე მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს. ეს ფონდი მოიცავს ფულს, რომელიც ინახება და ხელმისაწვდომია გადაუდებელი შემთხვევებისთვის, როგორიცაა ავტომობილის შეკეთება ან სამუშაოს დაკარგვა. გადაუდებელი საჭიროების ფონდი, როგორც წესი, მინიმუმ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარის თანხას მოიცავს და ფინანსურად რთულ პერიოდებში ვალის აღებისგან თავის შეკავების საშუალებას გაძლევთ.
ვალი
ვალის ეფექტიანად მართვა გადამწყვეტია ფინანსური წარმატებისთვის. მაღალპროცენტიანი ვალების გადახდის სტრატეგიის შემუშავება საშუალებას მოგცემთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. მათ რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად ასევე შეგიძლიათ „ზვავის“ მეთოდი გამოიყენოთ. „ზვავის“ მეთოდის გამოსაყენებლად დაახარისხეთ თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა). თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც გასწვდებით. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ გადაიხდით.