თავდაცვითი არის აქცია, რომელიც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ დივიდენდებს და სტაბილურ მოგებას, მიუხედავად მთლიანი საფონდო ბირჟის მდგომარეობისა. ასეთი აქციების გამომშვები კომპანიების პროდუქტებზე მუდმივი მოთხოვნაა, ამიტომ ისინი გამოირჩევა სტაბილურობით ეკონომიკური ციკლის სხვადასხვა ფაზაში. ასეთი ფირმები არ უნდა აგვერიოს თავდაცვის კომპანიებში, რომლებიც იარაღს, სამხედრო აღჭურვილობასა და საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.
თავდაცვითი აქციების გააზრება
ინვესტორებმა, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი პორტფელები შესუსტებული ეკონომიკის ან მაღალი ცვალებადობის პერიოდში დაიცვან, შეიძლება გაზარდონ თავიანთი წილი თავდაცვით აქციებში. კარგად ჩამოყალიბებული კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, Procter & Gamble (PG), Philip Morris International (PM) და Coca-Cola (KO), თავდაცვით აქციებად განიხილება. ფულადი სახსრების ძლიერი ნაკადების გარდა, ამ კომპანიებს გააჩნია სტაბილური ოპერაციები, რომლებსაც შეუძლია, რთულ ეკონომიკურ პირობებს გაუმკლავდეს.
თავდაცვითი აქციები ამსუბუქებს შიშს, რადგან ისინი არ არის ისეთი სარისკო, როგორც სხვა აქციები და მათი გამომშვები კომპანიის ბიზნეს მოდელის რელსებიდან გადასავარდნად მნიშვნელოვანი კატასტროფაა საჭირო.
რეცესიის დროს თავდაცვითი აქციები უკეთესი წარმადობით ხასიათდება, ვიდრე ფართო ბაზარი. თუმცა, ექსპანსიის ფაზაში, როგორც წესი, ისინი ბაზრის წარმადობას ჩამორჩება.
თავდაცვითი აქციების უპირატესობები
თავდაცვითი აქციები გვთავაზობს არსებით სარგებელს დაბალი რისკის პირობებში. მათ ახასიათებს უფრო მაღალი შარპის კოეფიციენტი (ინვესტიციის ეფექტურობის რისკის მიხედვით კორექტირებული საზომი, რომელიც მისი და შედარებით ურისკო აქტივის ანაზღაურებების ერთმანეთთან შედარებით გამოითვლება), ვიდრე მთლიან საფონდო ბირჟას. ეს არის ძლიერი არგუმენტი, რომ თავდაცვითი აქციები ობიექტურად უკეთესი ინვესტიციებია, ვიდრე სხვა აქციები. უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი ნაწილობრივ თავდაცვით აქციებზე ფოკუსირებით გახდა. ბაზრის დასამარცხებლად ზედმეტ რისკზე წასვლა აუცილებელი არ არის. სინამდვილეში, თავდაცვითი აქციების საშუალებით დანაკარგების შეზღუდვა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს.
თავდაცვითი აქციების ნაკლოვანებები
რაც შეეხება უარყოფით მხარეს, თავდაცვითი აქციების დაბალი ცვალებადობა ხშირად bull market-ის დროს უფრო მცირე ანაზღაურებას იწვევს და მათი ფასის ზრდა ამ პერიოდში, ფართო ბაზართან შედარებით, უფრო გვიან ფიქსირდება. ამ მიზეზით ბევრი ინვესტორი, ბაზრის აღმავლობის პერიოდში, თავდაცვით აქციებს ყიდის, bear market-ის დროს კი მათზე კონცენტრირდება მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანია. ამ წარუმატებელმა მცდელობებმა, რომელიც თავდაცვითი აქციების საშუალებით ბაზართან სწორად სინქრონიზებას გულისხმობს, შეიძლება ინვესტორების ანაზღაურება მნიშვნელოვნად შეამციროს.
თავდაცვითი აქციების მაგალითები
თავდაცვითი აქციები ასევე ცნობილია როგორც არაციკლური აქციები, რადგან მათი წარმადობა დიდად არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ციკლთან. ქვემოთ მოცემულია მათი რამდენიმე ტიპი.
კომუნალური მომსახურება
წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები თავდაცვითი აქციების მაგალითებს წარმოადგენს, რადგან ეს რესურსები ადამიანებს ეკონომიკური ციკლის ნებისმიერ ფაზაში სჭირდებათ.
ძირითადი სამომხმარებლო საქონელი
იმ კომპანიების აქციები, რომლებიც აწარმოებს და/ან ყიდის ძირითად სამომხმარებლო საქონელს თავდაცვითად ითვლება, რადგან ამ პროდუქტებს ადამიანი ყიდულობენ აუცილებლობიდან გამომდინარე, მიუხედავად ეკონომიკური პირობებისა. მათ შორისაა საკვები, სასმელები, ჰიგიენური საშუალებები, თამბაქო და საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს კომპანიები ქმნიან სტაბილურ ფულად ნაკადს და პროგნოზირებად შემოსავალს ძლიერი და სუსტი ეკონომიკის პირობებში. როგორც წესი, ასეთი აქციები ბაზრის ვარდნის პერიოდში ჯაბნის ციკლურ აქციებს და ჩამორჩება მათ ეკონომიკური აღმავლობის ფაზაში.
ჯანდაცვის აქციები
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების და სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლების აქციები ისტორიულად თავდაცვით აქციებად ითვლება, რადგან ადამიანები ავად ხდებიან მიუხედავად იმისა, თუ რა ფაზაშია ეკონომიკა. თუმცა, ახალი მედიკამენტებიდან გამომდინარე გაზრდილი კონკურენცია და რეგულაციების გარშემო არსებული გაურკვევლობა ნიშნავს, რომ ისინი აღარ არის ისეთი თავდაცვითი, როგორც — ადრე.
უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT)
უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT) ასევე ითვლება თავდაცვითად, რადგან ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ თავშესაფარი. როდესაც თავდაცვით აქციებზე ხართ კონცენტრირებული, მოერიდეთ REIT-ებს, რომლებიც მაღალი კლასის აპარტამენტებზეა ფოკუსირებული. ასევე, თავი აარიდეთ საოფისე შენობების ან სამრეწველო პარკის REIT-ებს, რომლებიც, ბიზნესის შენელებისას, შეიძლება იჯარის დეფოლტის ზრდის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.