კაპიტალის კონტროლი წარმოადგენს ნებისმიერ ზომას, რომელსაც იღებს მთავრობა, ცენტრალური ბანკი ან სხვა მარეგულირებელი ორგანო, რათა შეზღუდოს უცხოური კაპიტალის ნაკადების შემოდინება/გადინება შიდა ეკონომიკაში. ეს კონტროლი მოიცავს გადასახადებს, ტარიფებს, რეგულაციებს, მოცულობის შეზღუდვებს და ბაზარზე დაფუძნებულ ძალებს. კაპიტალის კონტროლმა შეიძლება გავლენა იქონიოს აქტივების მრავალ კლასზე, როგორიცაა აქციები, ობლიგაციები და ვალუტები.
კაპიტალის კონტროლის გააზრება
კაპიტალის კონტროლი შეიძლება დაწესებული იყოს ეკონომიკის მასშტაბით ან სპეციფიკური სექტორისთვის ან ინდუსტრიისთვის. კაპიტალის კონტროლის ამოქმედება შეუძლია მთავრობის მონეტარულ პოლიტიკას. ხელისუფლებას შეუძლია, შეზღუდოს ადგილობრივი მოქალაქეების შესაძლებლობა, შეიძინონ უცხოური აქტივები (კაპიტალის გადინების კონტროლი) ან უცხოელების შესაძლებლობა, იყიდონ შიდა აქტივები (კაპიტალის შემოდინების კონტროლი).
მკაცრი კონტროლის ფორმები ყველაზე ხშირად გვხვდება განვითარებად ეკონომიკებში, სადაც კაპიტალის რეზერვები უფრო დაბალია და არასტაბილურობის მიმართ უფრო მგრძნობიარეა.
დებატები კაპიტალის კონტროლის შესახებ
კრიტიკოსები თვლიან, რომ კაპიტალის კონტროლი არსებითად ზღუდავს ეკონომიკურ პროგრესს და ეფექტიანობას, ხოლო მომხრეები მას გონივრულად მიიჩნევენ, რადგან ის ეკონომიკის უსაფრთხოების ხარისხს ზრდის. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების უმეტესობა კაპიტალის კონტროლის ლიბერალური პოლიტიკით ხასიათდება, ასეთმა ქვეყნებმა ეტაპობრივად გააუქმა უფრო მკაცრი წესები, რომლებიც წარსულში იყო დადგენილი.
თუმცა, იმავე ქვეყნების უმეტესობას გააჩნია აუცილებელი დროებითი ზომები კრიზისის პერიოდში კაპიტალის მასობრივი გადინების ან ვალუტაზე მასიური სპეკულაციური თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიც არის გლობალიზაცია და ფინანსური ბაზრების ინტეგრაცია, კაპიტალის კონტროლის საერთო შემსუბუქებას შეუწყო ხელი.
უცხოური კაპიტალისთვის ეკონომიკის გახსნა, როგორც წესი, კომპანიებს უზრუნველყოფს უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ფინანსურ რესურსებზე და ამას შეუძლია, მთლიანი მოთხოვნა გაზარდოს შიდა აქციებზე.
რეალური მაგალითი
კაპიტალის კონტროლს მთავრობა ხშირად აწესებს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი მოქალაქეების და უცხოელი ინვესტორების მიერ ქვეყნიდან ფულის გატანა. მაგალითად, 2015 წლის 29 ივნისს ევროპის ცენტრალურმა ბანკმა გაყინა მხარდაჭერა საბერძნეთისთვის ევროპის სუვერენული ვალის კრიზისის დროს.
საბერძნეთის მთავრობამ კი დახურა ბანკები და განახორციელა კაპიტალის კონტროლის პოლიტიკა 2015 წლის 29 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, საბერძნეთი მოქალაქეების მიერ ადგილობრივი ბანკებიდან ფულის გატანის თავიდან ასაცილებლად. კაპიტალის მონეტარული კონტროლი ბანკებიდან ყოველდღიურად გამოსატან თანხებზე ლიმიტს აწესებს, ასევე ზღუდავს ფულის გადარიცხვებს და საკრედიტო ბარათებით საზღვარგარეთ გადახდების განხორციელებას.