გადაუხდელი არის დივიდენდი, რომელიც უნდა გადაეცეს აქციონერებს, მაგრამ ჯერ არ არის განაწილებული. გადაუხდელი დივიდენდები არსებობს რეგისტრაციისა (დრო, როდესაც არსებული აქციონერები უფლებამოსილნი არიან მომავალი დივიდენდი მიიღონ) და გადახდის თარიღებს შორის დროის სხვაობის გამო. ეს უკანასკნელი წარმოადგენს დღეს, როდესაც რეალურად ხდება დივიდენდების გადახდა.
გადაუხდელი დივიდენდების გააზრება
გადაუხდელი დივიდენდების ცნების უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ოთხი ძირითადი თარიღი, რომელიც დივიდენდების გადახდის პროცესის შემადგენელი ნაწილია. პირველი არის დეკლარაციის თარიღი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „განცხადების თარიღი“. ეს არის დღე, როდესაც კომპანიის დირექტორთა საბჭო მომავალი დივიდენდის შესახებ განცხადებას აკეთებს. ამას მოჰყვება ექს-დივიდენდის თარიღი. ის მიუთითებს დღეზე, რომლიდანაც კონკრეტული კომპანიის აქციები შემდგომი დივიდენდური სარგებლის გარეშე გაიყიდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგ დივიდენდურ ანაზღაურებას მიიღებენ ის ინვესტორები, რომლებიც ამ თარიღამდე კომპანიის აქციონერების სიაში იქნებიან.
შემდეგი მნიშვნელოვანი დღე არის აქციების მფლობელთა რეგისტრაციის თარიღი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რეგისტრაციის დღე. მომავალ დივიდენდურ ანაზღაურებაზე უფლების მისაღებად, ინვესტორები ამ თარიღისთვის კომპანიის აქციონერთა რიცხვს უნდა შეუერთდნენ. როგორც წესი, რეგისტრაციის თარიღი ექს-დივიდენდის თარიღიდან ორ დღეში დგება. დაბოლოს, გადახდის თარიღი არის დღე, როდესაც აქციონერები დივიდენდებს იღებენ.
დეკლარაციისა და გადახდის თარიღებს შორის კომპანიას საანგარიშო წიგნში გადაუხდელი დივიდენდები დაუგროვდება. გადახდების განხორციელების შემდეგ, ისინი, შესაბამისად, ანულირდება.
გადაუხდელი დივიდენდის მაგალითი
დავუშვათ, XYZ Corporation არის საჯარო კომპანია, რომლის თითო აქციის ფასი $30-ს შეადგენს. დივიდენდების გადახდის თანმიმდევრული ისტორიის გამო ბევრი ინვესტორი მას განიხილავს, როგორც სტაბილური შემოსავლის მომტან ინვესტიციას. ამ რეპუტაციის შენარჩუნების სურვილით, XYZ-ის მენეჯერები 30 ივლისს აანონსებენ მომავალ დივიდენდურ ანაზღაურებას, რომელიც $1.50-ს შეადგენს. მისი რეგისტრაციის თარიღია ხუთშაბათი, 8 აგვისტო. კომპანიის ექს-დივიდენდის თარიღი კი სამშაბათი, 6 აგვისტოა.
ამ სცენარში, დივიდენდის მიღების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ ინვესტორებს, რომლებმაც XYZ კომპანიის აქციები შეიძინეს ორშაბათს, 5 აგვისტოს, ან ამ თარიღამდე. გადახდის თარიღი შეიძლება კომპანიის პრეფერენციებზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ ოთხი თარიღიდან ის ყოველთვის ბოლოს დგება. 30 ივლისს დივიდენდების გამოცხადების თარიღსა და გადახდის თარიღს შორის პერიოდის განმავლობაში, XYZ-ს თავის საანგარიშო წიგნში გადაუხდელი დივიდენდები აესახება, რომლებიც მათი გადახდის შემდეგ ანულირდება.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.