ინვესტირება საკმაოდ ფართო ცნებაა — თუ გარეუბანში მდებარე სახლი იმის იმედად იყიდე, რომ დასახლება მომავალში პრესტიჟული გახდება და ბინის ღირებულებაც გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ ინვესტიცია უძრავ ქონებაში განახორციელე. თუმცა, ფინანსურ სამყაროში ინვესტირება, როგორც წესი, ფასიან ქაღალდებს უკავშირდება. ასე რომ თუ ამ მიმართულებით დაინტერესდები, შეგიძლია ფული დააბანდო აქციებში, ობლიგაციებში, ან შეიძინო სავაჭრო ფონდები (ETF), რომლებიც ფასიანი ქაღალდების მთელ “თაიგულს” შემოგთავაზებენ.
ინვესტირება შენს ხელთ არსებული ფულადი რესურსების დაბანდებას ნიშნავს, მისი მიზანი კი აქტივების დაგროვებაა, რომლებიც სამომავლოდ სარგებლის მომტანი უნდა გახდეს. მაგალითისთვის, როცა საფონდო ბირჟებზე ინვესტიციას დებ, ფულს (აქტივებს) ფასიან ქაღალდებში ცვლი. თუ ყველაფერი რიგზეა, სწორ დროსა და ადგილას ჩადებული ინვესტიციის ღირებულება, როგორც წესი, იზრდება. თუმცა ხანდახან პირიქითაც ხდება: შესაძლოა, ფასიანი ქაღალდების ან ქონების ღირებულება შემცირდეს.