აგრესიული საინვესტიციო სტრატეგია, როგორც წესი, ნიშნავს პორტფელის მართვის სტილს, რომელიც გულისხმობს, შემოსავლების მაქსიმალურად გაზრდას რისკის შედარებით მაღალი ხარისხის მიღებით. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მიღწევის სტრატეგიების პირველად საინვესტიციო მიზანს, როგორც წესი, წარმოადგენს კაპიტალის ზრდა, ნაცვლად ძირითადი ინვესტირებული თანხის უსაფრთხოებისა. ამრიგად, ასეთი სტრატეგიის გამოყენების შემთხვევაში საინვესტიციო პორტფელის უდიდესი ნაწილი შეიძლება აქციებისგან შედგებოდეს და ნაკლებად ან საერთოდ არ მოიცავდეს ობლიგაციებს ან ნაღდ ფულს.
აგრესიული საინვესტიციო სტრატეგიები, როგორც წესი, შესაფერისია მცირე ზომის საინვესტიციო პორტფელის მქონე ახალგაზრდებისთვის. გრძელი საინვესტიციო ჰორიზონტი მათ საშუალებას აძლევს, ბაზრის რყევები გადალახონ. მიუხედავად ინვესტორის ასაკისა, რისკისადმი მაღალი ტოლერანტობა აგრესიული საინვესტიციო სტრატეგიის აბსოლუტურ წინაპირობას წარმოადგენს.
აგრესიული საინვესტიციო სტრატეგიის გააზრება
საინვესტიციო სტრატეგიის აგრესიულობა დამოკიდებულია საინვესტიციო პორტფელში მაღალი რისკისა და ჯილდოს მქონე აქტივთა კლასების წილზე, როგორიც არის აქციები.
მაგალითად ავიღოთ საინვესტიციო პორტფელი A, რომელშიც აქტივები შემდეგნაირად არის განაწილებული: 75% — აქციები, 15% — ობლიგაციები და 10% — ინვესტიციები ფართო მოხმარების საგნების ბაზარზე, ჩაითვლება საკმაოდ აგრესიულად, რადგან პორტფელის მხოლოდ 15% მოიცავს დაბალრისკიან აქტივებს. თუმცა, ის მაინც ნაკლებად აგრესიული იქნება ვიდრე პორტფელი B, რომლის აქტივთა განაწილება ასეთია: 85% — აქციების, 15% — ინვესტიციები ფართო მოხმარების საგნების ბაზარზე.
აგრესიული პორტფელის კაპიტალის კომპონენტშიც კი, აქციების შემადგენლობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მის რისკის პროფილზე. მაგალითად, თუ კაპიტალის კომპონენტი მხოლოდ ლურჯი ჩიპის აქციებისგან შედგება, ის ნაკლებად სარისკოდ ჩაითვლება, ვიდრე პორტფელი მხოლოდ მცირე კაპიტალიზაციის აქციებით.
აგრესიული საინვესტიციო სტრატეგიის კიდევ ერთი ასპექტი დაკავშირებულია განაწილებასთან. სტრატეგია, რომელიც ინვესტირებული ფულის თანაბრად 20 სხვადასხვა აქციაზე განაწილებას გულისხმობს, შეიძლება აგრესიული იყოს, მაგრამ მთელი ფულის თანაბრად მხოლოდ 5 სხვადასხვა აქციაზე განაწილება უფრო აგრესიული სტრატეგია იქნება.
აგრესიული საინვესტიციო სტრატეგიები შეიძლება ასევე მოიცავდეს ფოკუსირებას ისეთ აქციებზე, რომლებიც დროის მოკლე პერიოდში შედარებით ძლიერი წარმადობით ხასიათდება. ამან შეიძლება ინვესტორს მაღალი ანაზღაურება მოუტანოს, თუმცა ეს სტრატეგია ასევე იწვევს ტრანზაქციის უფრო დიდ ხარჯებს, რაც ცუდი წარმადობის რისკს გაზრდის.
აგრესიული საინვესტიციო სტრატეგია და აქტიური მენეჯმენტი
აგრესიული სტრატეგიის დროს საჭიროა უფრო აქტიური მენეჯმენტი, ვიდრე კონსერვატიული “Buy and Hold” მიდგომის შემთხვევაში, რადგან ის, როგორც წესი, ბევრად უფრო მერყევია და შეიძლება, ბაზრის პირობებიდან გამომდინარე, ხშირ კორექტირებას საჭიროებდეს.
აქტიური ინვესტორები საფონდო ბირჟაზე დიდი მოგების მიღებისკენ ისწრაფვიან. ისინი თავად ირჩევენ ფასიან ქაღალდებს. აქტიურ ინვესტორებს ერთი მიზანი აქვთ: აჯობონ ბაზრის საშუალო ანაზღაურებას. ისინი ამას სხვადასხვა სტრატეგიის საშუალებით აკეთებენ, მაგრამ მთავარი საფუძველს მოკლევადიანი რყევებით და გრძელვადიანი ტენდენციებით სარგებლობა წარმოადგენს.
აქტიური ინვესტირება დიდ დროსა, ძალისხმევას მოითხოვს და საინვესტიციო პორტფელში შემავალი ფასიანი ქაღალდების ღრმა ანალიზს მოიცავს. ამრიგად, ბევრი აქტიური ინვესტორი ყოველდღიურ ვაჭრობას მიმართავს, თუმცა ყველა მათგანი არა, რადგან ზოგიერთ აქტიურ ინვესტორს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მოგების მიღება სურს.
პასიური ინვესტორები, ფასიანი ქაღალდების ან სხვა საინვესტიციო პროდუქტების ყიდვისას მიჰყვებიან სტრატეგიას “Buy and Hold”. იმის ნაცვლად, რომ თავიანთი პოზიციები შემდეგი შესაძლებლობისთანავე გაყიდონ, ასეთი ინვესტორები წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი იცდიან.
პასიური ინვესტორები ეთანხმებიან პასიური ინვესტიციის ძირითად დაშვებას იმის შესახებ, რომ ფართო ბაზარი, საბოლოოდ, ყოველთვის გაიზრდება.
პასიური ინვესტორების მიზანია მინიმუმამდე დაიყვანონ საინვესტიციო ხარჯები და რისკები, ხოლო ანაზღაურება მაქსიმალურად გაზარდონ. ბაზრის საფუძვლიანად გამოკვლევის ნაცვლად, ასეთი ინვესტორები კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ასეთი პორტფელი, ცალკეულ აქციებთან ერთად, ხშირად მოიცავს გაცვლით სავაჭრო ფონდებს (ETF) და ურთიერთდახმარების ფონდებს.
პასიური ინვესტორები, ხშირად უგულებელყოფენ ტექნიკურ ინდიკატორებს და ამის ნაცვლად გრძელვადიან ტენდენციაზე ორიენტირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრატეგიის მოკლევადიანი მოგება შეიძლება მცირე იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.