აქციებში ინვესტირებით კომპანიის მფლობელობის მცირე წილს ყიდულობ და იმედოვნებ, რომ მას გაზრდილი ფასით გაყიდი. ინვესტორები სარგებელს უმეტესწილად სწორედ გაძვირებული ფასით გაყიდვისას ნახულობენ (ანუ აქციებს იმ ფასად ყიდიან, რომ ტრანზაქციის ღირებულებას თუ ვაჭრობის საკომისიოს ფარავენ და მოგებაც რჩებათ). ზოგიერთი კომპანია კი საკუთარ აქციონერებს მოგებიდან პერიოდულად დივიდენდებს ურიგებს. თუ ისეთი კომპანიის აქციები გაქვს ნაყიდი რომლებიც დივიდენდებს სტაბილურად გასცემენ, შენ პერიოდულად (ხშირ შემთხვევაში კვარტალში ან წელიწადში ერთხელ) მიიღებ ამ კომპანიის მოგებიდან წილს.
ისტორიულად აქციებში ინვესტირება სხვა საინვესტიციო პროდუქტებთან შედარებით ყველაზე მომგებიანი არჩევანია. წამყვანი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის მიხედვით, S&P 500-ის ინდექსმა (რომელიც აშშ-ში მოქმედი 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს) 2010-20 პერიოდში საშუალოდ 13.6%-იანი მოგება დაწერა. თუ 2010 წელს S&P 500-ში განახორციელებდი $5,000-ის ინვესტირებას 2020 წლისთვის შენი ინვესტიციის ღირებულება $18,000-ს მიაღწევდა.