აქციების რევერსული დაყოფა არის კორპორატიული მოქმედების ტიპი, რომელიც კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების გაერთიანებას, მათი რაოდენობის შემცირებას და ფასის პროპორციულად გაზრდას გულისხმობს. აქციების რევერსული დაყოფა ასევე ცნობილია, როგორც აქციების კონსოლიდაცია, აქციების შერწყმა და ეს აქციების დაყოფის საპირისპირო პროცესს წარმოადგენს.
აქციების რევერსული დაყოფის გააზრება
ბაზრის განვითარებიდან და სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიების მმართველ გუნდებს შეუძლიათ კორპორატიულ დონეზე განახორციელონ ქმედებები, რომლებმაც შეიძლება მათი კაპიტალის სტრუქტურაზე გავლენა იქონიოს. ერთ-ერთი მათგანი კი აქციების რევერსული დაყოფაა. ამ პროცესის დროს, ვინაიდან კომპანიები აქციების რაოდენობის შემცირებით რაიმე ღირებულებას არ ქმნიან, ფასი თითო აქციაზე იზრდება რაოდენობის შემცირების პროპორციულად.
თითო აქციაზე ფასის ზრდა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც კომპანიები აქციების რევერსულ დაყოფას მიმართავენ. ეს პროცესი არ ზემოქმედებს კორპორაციის ღირებულებაზე, თუმცა ის, როგორც წესი, იმის შედეგია, რომ აქციებმა ღირებულება მნიშვნელოვნად დაკარგა.
აქციების რევერსული დაყოფის უპირატესობები და ნაკლოვანებები
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეიძლება კომპანიის მენეჯმენტმა ბაზარზე არსებული აქციების რაოდენობის შემცირება გადაწყვიტოს, რომელთაგან ზოგიერთი მომგებიანია.
უპირატესობები
ბირჟის ლისტინგიდან ამოღების თავიდან აცილება: კომპანიის აქციის ფასის რეკორდულად დაბალ დონემდე დაცემამ შეიძლება ის დაუცველი გახადოს ბაზრის შემდგომი ზეწოლისა და სხვა არასასურველი მოვლენების მიმართ, როგორიცაა ბირჟის ლისტინგის მოთხოვნების შეუსრულებლობა.
ბირჟა ზოგადად აწესებს მინიმალურ bid ფასს (მყიდველის მიერ შეთავაზებული ფასი), რომელიც აქციის ბირჟაზე დასაშვებად არის დადგენილი. თუ ფასი ამ ნიშნულის ქვემოთ ჩამოვა და ზღვრულ მაჩვენებელზე დაბალ დონეზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება, შესაძლოა აქცია ბირჟიდან ამოიღონ.
მაგალითად, Nasdaq-მა შეიძლება ლისტინგიდან ამოიღოს აქცია, რომლის სავაჭრო ფასიც მუდმივად $1-ზე დაბალია. ასეთი ბირჟის ლისტინგიდან ამოღება აქციებს “penny stock”-ის სტატუსს ანიჭებს და მათ ალტერნატიულ ბაზრებზე განთავსებას იწვევს, რის შემდეგაც მათი ყიდვა-გაყიდვა უფრო რთული ხდება.
მსხვილი ინვესტორების მოზიდვა: კომპანიებისთვის, აქციების რევერსული დაყოფის საშუალებით, უფრო მაღალი ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ინსტიტუციურ ინვესტორს და ურთიერთდახმარების ფონდს აქვს პოლიტიკა, რომელიც კონკრეტულ მინიმალურ მაჩვენებელზე ნაკლები ფასის მქონე აქციების შეძენას ეწინააღმდეგება. მაშინაც კი, თუ კონკრეტული კომპანიის აქციები ლისტინგიდან ამოღებას გადაურჩება, დაბალი ფასი მაინც დააზიანებს მის სავაჭრო ლიკვიდურობას და რეპუტაციას.
მარეგულირებლების დაკმაყოფილება: მსოფლიოს სხვადასხვა იურისდიქციაში, კომპანიის რეგულირება, სხვა ფაქტორებთან ერთად, აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, აქციების რაოდენობის შემცირებით, კომპანიები ზოგჯერ მიზნად ისახავენ, აქციონერთა რაოდენობა შეამცირონ. კომპანიებს, რომელთა მიზანია, კერძო საკუთრების ფირმად ქცევა, ასევე შეუძლიათ შეამცირონ აქციონერთა რაოდენობა ასეთი ზომების მიღების საშუალებით.
სპინოფის ფასის გაზრდა: როდესაც კომპანიაში სპინოფი (როდესაც კომპანია არსებული ბიზნესის აქციების გაყიდვით ან ახალი აქციების გამოშვებით ახალ, დამოუკიდებელ ფირმას აყალიბებს) იგეგმება, შედეგად შექმნილი დამოუკიდებელი ფირმისთვის შეძლება გამოყენებულ იქნას რევერსული დაყოფა უფრო მიმზიდველი ფასის მოსაპოვებლად.
ნაკლოვანებები
ზოგადად, აქციების რევერსული დაყოფა, ბაზრის მონაწილეების მიერ პოზიტიურად არ აღიქმება. ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ კომპანიის აქციების ფასი საგრძნობლად შემცირდა და მენეჯმენტი მის ხელოვნურად გაზრდას, ბიზნესის რეალურად გაუმჯობესების გარეშე ცდილობს. გარდა ამისა, ღია ბაზარზე აქციების რაოდენობის შემცირებამ ასევე შეიძლება მათი ლიკვიდურობა დააზარალოს.
აქციების რევერსული დაყოფის მაგალითი
დავუშვათ, ფარმაცევტული კომპანიის მიერ ბაზარზე გამოშვებული აქციების ჯამური რაოდენობა 10 მილიონს შეადგენს, ხოლო თითო აქციის ფასი $5-ია. შეიძლება კომპანიის მენეჯმენტს სურდეს, ეს უკანასკნელი ხელოვნურად გაზარდოს.
ის გადაწყვეტს, აქციების 1-5-თან მიმართებით რევერსულ დაყოფას, რაც 5 არსებული აქციის ერთ აქციაში გაერთიანებას ნიშნავს. კორპორატიული მოქმედებების დასრულების შემდეგ, კომპანიას ექნება ორი მილიონი ახალი აქცია (10 მილიონი/5) და თითოეულის ფასი $25 იქნება ($5 x 5).
აქციის ფასის პროპორციული ცვლილება ასევე მხარს უჭერს იმ ფაქტს, რომ კომპანიას, უბრალოდ აქციების რევერსული დაყოფით, რეალური ღირებულება არ შეუქმნია. მისი საერთო ღირებულება, წარმოდგენილი საბაზრო კაპიტალიზაციით, კორპორატიულ მოქმედებამდე და მის შემდეგ იგივე უნდა დარჩეს.
აქციების რევერსულ დაყოფამდე მოცემული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $50 მილიონს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი აქციების რაოდენობის მის ფასზე გამრავლებით გამოითვლებოდა — $5 x 10 მილიონი. რევერსული დაყოფის შემდეგ საბაზრო კაპიტალიზაცია უცვლელი დარჩა — $25 x 2 მილიონი.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.