ბაზრის ლიდერი არის კომპანია, რომელიც ინდუსტრიაში ყველაზე დიდ საბაზრო წილს იკავებს. მას ხშირად შეუძლია, თავისი დომინირება კონკურენტულ ლანდშაფტზე და ბაზრის მიმართულებაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენოს. ბაზრის ლიდერი, როგორც წესი, შეიძლება სარგებლობდეს ყველაზე დიდი საბაზრო წილით ან მთლიანი გაყიდვების უდიდესი ნაწილით მოცემულ ბაზარზე. მან შეიძლება აჯობოს კონკურენტებს სხვა მეტრიკების მიხედვითაც, მათ შორის ბრენდის ლოიალობის, აღქმული ღირებულების, პროდუქტის განაწილების, იმიჯის, ფასის, სარეკლამო ხარჯებისა და მოგების ჩათვლით.
ასეთი კომპანია შეიძლება იყოს პირველი, ვინც შეიმუშავებს კონკრეტულ პროდუქტს ან სერვისს, რას მას საშუალებას მისცემს, დაადგინოს თამასა, განსაზღვროს პროდუქტის იდეალური მახასიათებლები და ბაზარზე მიჩნეულ იქნას ბრენდად, რომელსაც მომხმარებლები თავად შეთავაზებასთან აკავშირებენ.
როგორ მუშაობს ბაზრის ლიდერობა
კომპანიას შეუძლია, ბაზრის ლიდერად გარკვეული პროდუქტის ან სერვისის პირველად შეთავაზების საშუალებით იქცეს. პროდუქტი ან სერვისი საკმარისად ახალი უნდა იყოს მომხმარებელთა ბაზის მოსაზიდად და შემდეგ კომპანიამ, ლიდერობის შესანარჩუნებლად, მომხმარებელთა პრეფერენციები უნდა დაიცვას. თუ კომპანია შემოდის ბაზარზე, როგორც პიონერი, მას შეუძლია, აგრესიულად გაყიდოს პროდუქტის საკუთარი ვერსია დიფერენცირებული მახასიათებლებით. ხოლო კონკურენტებს, რომლებსაც ლიდერის სტატუსის მოპოვება სურთ, შეუძლიათ, ბაზრის კვლევასა და პროდუქტის განვითარებაში დიდი ინვესტიცია ჩადონ, შემდეგ კი მიღებული ინფორმაცია არსებული პროდუქტის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ.
ბაზრის ლიდერებს, საბაზრო ფასების გასაკონტროლებლად, შეუძლიათ მასშტაბის ეკონომია გამოიყენონ. მომხმარებლები ბაზრის ლიდერებს ენდობიან და, რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, პროდუქტის მათგან შეძენას ამჯობინებენ. ასეთ კომპანიებს გააჩნია დეტალური მონაცემები შესყიდვების გადაწყვეტილების მიმღებთა შესახებ და ბრენდის გაძლიერებისას, ამ ცოდნის საფუძველზე აგრესიულ რეკლამირებას მიმართავენ. ბაზრის ლიდერები იზიდავენ ძლიერ პარტნიორებს და, როგორც წესი, ინოვაციურები არიან ტექნოლოგიებისა და პროცესების დანერგვაში, რაც მათ ძლიერი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში ეხმარება.
რეალური მაგალითები
ბაზრის ლიდერად დარჩენა კომპანიისგან მოითხოვა არა მხოლოდ არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას, არამედ მათი რაოდენობის გაზრდას. კომპანიამ ასევე შეიძლება გადმოიბიროს კონკურენტების მომხმარებლები ხარისხისა და ფასის იდეალური კომბინაციის დადგენით. ინტერნეტის თანამედროვე ეპოქაში ადვილია მომხმარებელზე ორიენტირებული ბაზრის ლიდერების იდენტიფიცირება, როგორიცაა, მაგალითად, Apple, Google და Amazon.
ბაზრის ლიდერები ფრთხილად უნდა იყვნენ ბაზრის წილის მოპოვებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ კომპანია ბაზარზე ზედმეტად დომინანტი გახდება, ან თუ ჩანს, რომ თავის პოზიციას ბოროტად იყენებს, შეიძლება მის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყოს. ამასთან, ინვესტირების თვალსაზრისით, ბაზრის ლიდერი შეიძლება სულაც არ იყოს ყველაზე მომგებიანი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ კომპანიას ყველაზე დიდი საბაზრო წილი უკავია, შესაძლოა, მისი მთლიანი ხარჯები, მათ შორის პროდუქტის კვლევა და განვითარება, წარმოების ხარჯები, მარკეტინგული ხარჯები და ა. შ. ძალიან მაღალი იყოს იმისათვის, რომ კომპანია, კონკურენტებს შორის, ყველაზე მომგებიანი გახდეს.