„სპეციალიზებული პორტფელი“ არის საინვესტიციო პორტფელი, რომელშიც ფულის ნაკადები მოსალოდნელ ვალდებულებებს შეესაბამება. ასეთი პორტფელი, როგორც წესი, პასიურად იმართება და მაღალ რეიტინგიანი, ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივებისგან შედგება.
სპეციალიზებული პორტფელის გააზრება
სპეციალიზებულ პორტფელებს პოპულარიზაცია გაუწია ფინანსურმა მკვლევარმა — მარტინ ლ. ლეიბოვიცმა, რომელმაც ეს იდეა ვრცლად აღწერა და მას ფულადი სახსრების შესატყვისი სტრატეგია უწოდა. სპეციალიზებული პორტფელის შემთხვევაში, ინვესტორი ობლიგაციებს და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებს ყიდულობს და, როგორც წესი, მათ განაღდების ვადის დადგომამდე ფლობს. მიზანი არის კუპონების საშუალებით ფულადი ნაკადების შექმნა, რომლებიც გარკვეულ დროში განსახორციელებელ გადახდებს შეესაბამება.
სპეციალიზებული პორტფელი, დეფოლტის რისკის შესამცირებლად, მაღალ რეიტინგიანი ფასიან ქაღალდების გამოყენებას გულისხმობს. თუმცა ასეთი საინვესტიციო ვარიანტების უსაფრთხოებამ და სტაბილურობამ შეიძლება ანაზღაურება შეზღუდოს.
სპეციალიზებული პორტფელის უპირატესობები
სპეციალიზებული პორტფელი ყველაზე შესაფერისია ინვესტორებისთვის, რომლებსაც მომავლისთვის შემოსავლის საიმედო წყარო სჭირდებათ. ამ გზით მათ შეუძლიათ მიიღონ ფულადი სახსრების პროგნოზირებადი ნაკადი, ამასთან შეამცირონ საბაზრო, რეინვესტირების, ინფლაციის, დეფოლტისა და ლიკვიდურობის რისკები.
სპეციალიზებული პორტფელის ნაკლოვანებები
ყველაზე ნაკლებად ძვირადღირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა შესაბამისი ვადებითა და კუპონებით შეიძლება მათემატიკურად რთული იყოს. სპეციალიზებული პორტფელების შექმნა მოითხოვს ფიქსირებულ შემოსავალთან დაკავშირებულ გამოცდილებას, მათემატიკისა და ოპტიმიზაციის თეორიის მაღალი დონის ცოდნას, ასევე სავალო ფასიანი ქაღალდების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ქონას. გარდა ამისა, ობლიგაციების მრავალი ფორმა სპეციალიზებული პორტფელებისთვის შესაფერისი არ არის.
სპეციალიზებული პორტფელის მაგალითი
დავუშვათ, რომ კომპანიას აქვს საპენსიო ფონდი და მენეჯმენტი მოელის, რომ გადახდების განხორციელება 20 წლის შემდეგ დაიწყება. კომპანიამ შეიძლება განსაზღვროს მოსალოდნელი ვალდებულებები, შემდეგ კი შექმნას პორტფელი, რომელიც — საერთო ღირებულების + საპროცენტო გადახდების საფუძველზე — მცირე საინვესტიციო რისკის პირობებში ვალდებულებების გადასახდელად საჭირო ფულის შესაბამის ოდენობას გამოიმუშავებს.
ვალდებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება (LDI)
სპეციალიზებული პორტფელის პოპულარულ გამოყენებას საპენსიო ინვესტიციებში ვალდებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება ეწოდება. ეს გეგმები იყენებს მოქმედებების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს, დროთა განმავლობაში შეამციროს რისკები (როგორიც არის საპროცენტო განაკვეთების ან საბაზრო) და მიაღწიოს ანაზღაურებას, რომელიც ემთხვევა ან აღემატება მოსალოდნელი საპენსიო გეგმის ვალდებულებების ზრდას.
ვალდებულებაზე ორიენტირებული საინვესტიციო სტრატეგია განსხვავდება „ეტალონზე ორიენტირებული“ მიდგომისგან, რომელიც კონკრეტულ საორიენტაციო ინდექსზე უკეთესი წარმადობის დაფიქსირებას ისახავს მიზნად. ვალდებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება მიზანშეწონილია იმ სიტუაციებისთვის, როდესაც მომავალი ვალდებულებების პროგნოზირება შესაძლებელია გარკვეული სიზუსტით.