ბიუჯეტი აღრიცხავს ფულს, რომლის გამომუშავებას და დახარჯვასაც აპირებთ გარკვეული დროის განმავლობაში. ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია შემოსავალი და ხარჯები, შეუძლია — ან უნდა — ჰქონდეს ბიუჯეტი.
ბიუჯეტის გააზრება
ბიუჯეტში ჩამოთვლილია განსაზღვრული დროის განმავლობაში მოსალოდნელი შემოსავლის წყაროები და ხარჯები. ვადები — კვირა, თვე, კვარტალი ან წელი — შეიძლება განსხვავებული იყოს სიტუაციის მიხედვით. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ბიუჯეტები შეიძლება იყოს ყოველთვიური, რათა შეესაბამებოდეს ხარჯებს, როგორიცაა ქირა და კომუნალური მომსახურება.
ბიუჯეტი ფინანსური დაგეგმვის აუცილებელი ინსტრუმენტია. ყველაზე საბაზისო დონეზე, ის აჩვენებს, საკმარისია თუ არა შემოსავალი ხარჯების დასაფარად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შემოსავალსა და ხარჯებს შორის ურთიერთობა არსებითად განსაზღვრავს თქვენს ფინანსურ პერსპექტივას. თუ ხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა უარესდება. სიმდიდრის დასაგროვებლად კი საჭიროა, გადაიხადოთ დავალიანება, შექმნათ დანაზოგი და მიმართოთ რეგულარულად ინვესტირებას. ამაში კი ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ.
როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?
ქვემოთ მოცემულია ეტაპები, რომლებიც ბიუჯეტირებისას უნდა გაიაროთ:
განსაზღვრეთ დროის პერიოდი. როგორც აღინიშნა, საყოფაცხოვრებო ბიუჯეტი, ჩვეულებრივ, ერთ თვეს მოიცავს. ასევე შეგიძლიათ ორიენტირად, მაგალითად, ორკვირიანი პერიოდი აიღოთ, თუ ანაზღაურებას ამ შუალედებით იღებთ.
აღრიცხეთ მთლიანი მოსალოდნელი შემოსავალი. ეს მაჩვენებელი მოიცავს თქვენს (შესაძლოა მეუღლისაც) ძირითად და ნებისმიერ გვერდით შემოსავალს.
აღრიცხეთ მთლიანი მოსალოდნელი ხარჯები. გადახედეთ საბანკო ანგარიშებს ან წინა თვეების ხარჯებს, რათა სრული სია მიიღოთ.
საჭიროებისამებრ დააკორექტირეთ. თუ ხარჯები შემოსავალზე მეტია, საჭიროა კორექტირება. ტექნიკურად, შეგიძლიათ ბიუჯეტის დაბალანსება შემოსავლის გაზრდით ან ხარჯების შემცირებით. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, უფრო სწრაფი და რეალისტური გამოსავალია.
განსაზღვრეთ მონიტორინგის პროცესი. მძიმე სამუშაო იწყება მაშინ, როცა ბიუჯეტის შედგენას დაასრულებთ. სწორედ მაშინ გიწევთ, პრაქტიკაში დაიცვათ თქვენ მიერ განსაზღვრული ხარჯვის ლიმიტები. იდეალურ შემთხვევაში, ხარჯები ბიუჯეტს ყოველდღიურად ან რამდენიმე დღეში ერთხელ უნდა შეადაროთ.
50/30/20 ბიუჯეტი
ბიუჯეტირებისთვის ერთ-ერთი ხშირად გამოყენებული მეთოდი არის 50/30/20-ის წესი, რომელიც თქვენს შემოსავალს (გადასახადების გადახდის შემდეგ) სამ კატეგორიად ყოფს:
- 50% აუცილებელი საჭიროებებისთვის (მაგ. სასურსათო პროდუქტები, ქირის ან იპოთეკის გადახდა, მანქანის დაზღვევა, ჯანდაცვა, სტუდენტური სესხის გადახდა, კომუნალური მომსახურება და ა. შ.)
- 30% თქვენი სურვილებისთვის (მაგ. ფინჯანი ყავა ყოველ დილით, Netflix-ის ანგარიში, Spotify Premium, განტვირთვა შაბათ-კვირას და ა. შ.)
- 20% დანაზოგისა და ინვესტირებისთვის.
დასაწყებად, უნდა განსაზღვროთ თქვენი შემოსავალი, რომელიც გადასახადებისა და დაზღვევის საფასურის გადახდის შემდეგ რჩება. ზუსტი თანხის განსაზღვრის შემდეგ, შეგიძლიათ ის 50/30/20-ის წესის მიხედვით გაანაწილოთ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 50/30/20-ის წესის შესრულებას, შესაძლოა, ცხოვრების სტილის სერიოზული კორექცია დასჭირდეს, რაც ხშირად კომპრომისზე წასვლას გულისხმობს. თქვენზეა დამოკიდებული გადადგამთ თუ არა ნაბიჯებს საჭიროებებისა და სურვილების შემცირების კუთხით.
საბოლოო ჯამში 50/30/20-ის წესი არის მხოლოდ კონცეფცია, რომელიც უნდა გვახსოვდეს, რათა საინვესტიციო გეგმის ერთგულნი დავრჩეთ. შესაძლოა თქვენთვის 70/20/10 უკეთ მუშაობდეს ან სრულიად სხვა პროპორციები შეარჩიოთ. მთავარი აზრი ის არის, რომ შეადგინოთ გეგმა და მას მიჰყვეთ.