აქციების გამოსყიდვა არის პროცესი, რომლის დროსაც კომპანია ყიდულობს თავის მიერ გამოშვებული აქციების ნაწილს, რათა ღია ბაზარზე მათი რაოდენობა შეამციროს.
კომპანიები აქციების გამოსყიდვას მიმართავენ მრავალი მიზეზის გამო, როგორიცაა დარჩენილი აქციების ღირებულების გაზრდა მიწოდების შემცირებით ან სხვა აქციონერების მიერ საკონტროლო პაკეტის ფლობის თავიდან აცილება.
აქციების გამოსყიდვის გააზრება
აქციების გამოსყიდვა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ინვესტიცია საკუთარ თავში. ბაზარზე არსებული აქციების რაოდენობის შემცირება ინვესტორების საკუთრებაში არსებული აქციების პროპორციას ზრდის. მენეჯმენტმა შეიძლება იგრძნოს, რომ კომპანიის აქციები ბაზარზე არ არის სათანადოდ დაფასებული და განახორციელოს აქციების გამოსყიდვა ინვესტორებისთვის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად.
და იმის გამო, რომ კომპანია საკუთარი მიმდინარე ოპერაციების მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, აქციების გამოსყიდვა ასევე ზრდის მოგების წილს თითო აქციაზე. ეს პროცესი გაზრდის აქციების ფასს იმ შემთხვევაში, თუ იგივე ფასი/მოგება თანაფარდობა (P/E) შენარჩუნდება.
აქციების გამოსყიდვა ამცირებს არსებული აქციების რაოდენობას, რაც თითოეულ მათგანს კორპორაციის უფრო დიდ წილად აქცევს. ამრიგად, თითო აქციაზე მოგება (EPS) მატულობს, ხოლო (P/E) კოეფიციენტი მცირდება ან აქციების ფასი იზრდება. აქციების გამოსყიდვა ინვესტორებს აჩვენებს, რომ ბიზნესს საგანგებო სიტუაციებისთვის საკმარისი ნაღდი ფული და ეკონომიკური პრობლემების დაბალი ალბათობა გააჩნია.
აქციების გამოსყიდვის კიდევ ერთი მიზეზი არის კომპენსაციის მიზნები. კომპანიები ხშირად აჯილდოებენ თავიანთ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს, ამისთვის ისინი გამოსყიდულ აქციებს მათზე გასცემენ. ეს ხელს უწყობს არსებული აქციონერების წილების განზავების (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება) თავიდან აცილებას.
აქციების გამოსყიდვის პროცესი
აქციების გამოსყიდვა ორი გზით ხორციელდება:
- აქციონერებს შეიძლება წარუდგინონ სატენდერო შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ თავიანთი აქციების მთელი ან გარკვეული ნაწილი გასაყიდად მოცემულ ვადაში მიმდინარე საბაზრო ფასთან შედარებით პრემიით. ეს პრემია წარმოადგენს კომპენსაციას აქციების გაყიდვისთვის.
- კომპანიები ყიდულობენ საკუთარ აქციებს ღია ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში და მათ შესაძლოა ჰქონდეთ აქციების გამოსყიდვის პროგრამაც, რომელიც გარკვეულ დროს ან რეგულარულ ინტერვალებში აქციების გამოსყიდვას გულისხმობს.
კომპანიას შეუძლია აქციების გამოსყიდვა ვალის აღებით, ნაღდი ფულით ან ოპერაციებიდან მიღებული ფულადი სახსრებით დააფინანსოს.
აქციების გაფართოებული გამოსყიდვა კომპანიის აქციების გამოსყიდვის არსებული გეგმის ზრდას წარმოადგენს, ის აჩქარებს კომპანიის აქციების გამოსყიდვის პროცესს და ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი აქციების უფრო სწრაფ შემცირებას იწვევს. დიდი მოცულობის აქციების გამოსყიდვის გეგმა, სავარაუდოდ, აქციების ფასის ზრდას გამოიწვევს.
გამოსყიდვის კოეფიციენტის გამოსათვლელად გასული წლის განმავლობაში აქციების გამოსყიდვაზე დახარჯული ფული უნდა შეაფარდოთ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციასთან გამოსყიდვის პერიოდის დასაწყისში. ეს კოეფიციენტი საშუალებას გაძლევთ, შეადაროთ აქციების გამოსყიდვის პოტენციური გავლენა სხვადასხვა კომპანიებზე. ეს ასევე კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რამდენად გააჩნია კომპანიას უნარი, აქციონერები ღირებულებით უზრუნველყოს. ისტორიულად, ისეთ კომპანიებს, რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ აქციების გამოსყიდვას, ფართო ბაზარზე უკეთესი შედეგების დაფიქსირების გამოცდილება გააჩნია.
აქციების გამოსყიდვის მაგალითი
X კომპანიის აქციების ფასი დაბალი იყო მისი კონკურენტის აქციებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ფინანსურად კარგი წელი ჰქონდა. ინვესტორების დასაჯილდოებლად და მათთვის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, კომპანია აცხადებს აქციების გამოსყიდვის პროგრამას, რომელიც მიმდინარე საბაზრო ფასის პირობებში კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების 10%-ის გამოსყიდვას გულისხმობს.
აქციების გამოსყიდვამდე კომპანიას მოგებამ $1 მილიონი შეადგინა და მიმოქცევაში იყო მისი 1 მილიონი აქცია, შესაბამისად, EPS $1-ს აღწევდა. X კომპანიის თითო აქციის ფასი $20-ს შეადგენდა, ანუ მისი P/E კოეფიციენტი 20 იყო. აქციების 10%-ის, ანუ 100,000 აქციის გამოსყიდვის შემთხვევაში EPS $1.11-მდე გაიზრდება, რადგან $1 მილიონის მოცულობის მოგება ამჯერად 900,000 აქციაზე განაწილდება. იმავე P/E კოეფიციენტის შესანარჩუნებლად, აქციების ფასი 11%-ით — $22.22-მდე უნდა გაიზარდოს.
აქციების გამოსყიდვის კრიტიკა
აქციების გამოსყიდვამ შეიძლება ინვესტორებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ კორპორაციას ზრდის სხვა მომგებიანი შესაძლებლობები არ გააჩნია, რაც ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
აქციების გამოსყიდვა ბიზნესს არასაიმედო მდგომარეობაში აყენებს, თუ ეკონომიკა ვარდნას განიცდის ან კორპორაცია აღმოჩნდება ფინანსური პრობლემების წინაშე, რომლებსაც ვერ უმკლავდება. სხვები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ აქციების გამოსყიდვა ბაზარზე აქციების ფასების ხელოვნურად გასაზრდელად გამოიყენება.
დასკვნა
კომპანიები ყიდულობენ თავიანთ აქციებს, რათა ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობა შეამცირონ. მოლოდინი არის ის, რომ მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობის შემცირება მათ ფასზე დადებითად აისახება.