„მოთხოვნის შოკი“ არის უეცარი, მოულოდნელი მოვლენა, რომელიც მკვეთრად ზრდის ან ამცირებს მოთხოვნას პროდუქტზე ან მომსახურებაზე, როგორც წესი, დროებით. მოთხოვნის პოზიტიური შოკი ეწოდება მის უეცარ ზრდას, ხოლო ნეგატიური — შემცირებას. პროდუქტის ან მომსახურების ფასებზე ნებისმიერი სახის შოკი ზემოქმედებს.
ეს მოვლენა საპირისპიროა მიწოდების შოკისა — პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების უეცარი ცვლილების, რომელიც შესამჩნევ ეკონომიკურ ეფექტს იწვევს.
მიწოდებისა და მოთხოვნის შოკები ეკონომიკური შოკების ტიპებს წარმოადგენს.
მოთხოვნის შოკის გააზრება
მოთხოვნის შოკი არის პროდუქტის ან მომსახურების საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი, მაგრამ დროებითი დარღვევა, გამოწვეული მოულოდნელი მოვლენით, რომელიც რეალობის აღქმასა და მოთხოვნას ცვლის.
მოთხოვნის შოკი შეიძლება გამოიწვიოს მიწისძვრამ, ტერორისტულმა მოვლენამ, ტექნოლოგიურმა პროგრესმა, მთავრობის მიერ განხორციელებულმა მასტიმულირებელმა პროგრამამ და ა. შ.
მოთხოვნა და მიწოდება
როდესაც მოთხოვნა პროდუქტზე ან მომსახურებაზე სწრაფად იზრდება, მისი ფასი, როგორც წესი, იმატებს, რადგან მომწოდებლები გაზრდილ მოთხოვნას ვერ უმკლავდებიან. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას იწვევს. მოთხოვნის უეცარი ვარდნა კი საპირისპირო პროცესს წარმოშობს.
მოთხოვნის შოკი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივი კატასტროფის ან რთული კლიმატური პირობების მოლოდინით.
პოზიტიური მოთხოვნის შოკი შეიძლება მომდინარეობდეს ფისკალური პოლიტიკისგან, როგორიცაა ეკონომიკური სტიმული ან გადასახადების შემცირება. მოთხოვნის ნეგატიურ შოკებს კი შეიძლება განაპირობებდეს შეკუმშვის პოლიტიკა, როგორიცაა ფულის მიწოდების ან სახელმწიფო ხარჯების შემცირება. დადებითი იქნება, თუ უარყოფითი, ეს ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მიზანმიმართულ შოკებად ჩაითვალოს.
მოთხოვნის შოკის მაგალითები
მოთხოვნის შოკის ერთ-ერთ რეალურ მაგალითს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ელექტრომობილების აღზევება წარმოადგენს. ამ პროდუქტზე და მის შემადგენელ ნაწილებზე მოთხოვნის პროგნოზირება რთული იყო. მაგალითად, 2000-იანი წლების შუა ხანებში ლითიუმის ბატარეებზე დაბალი მოთხოვნა იყო.
2010 წლიდან ისეთ ელექტრომობილებზე მოთხოვნის მატებამ, როგორიცაა Tesla, ამ მანქანების საერთო ბაზრის წილი 3%-მდე ან დაახლოებით 2,100,000 ავტომობილამდე გაზარდა. შესაბამისად, ლითიუმის ბატარეებზე მოთხოვნა მკვეთრად და გარკვეულწილად მოულოდნელად გაიზარდა.
ლითიუმის დეფიციტი
ლითიუმი შეზღუდული ბუნებრივი რესურსია, რომლის მოპოვებაც ძნელია და ის მხოლოდ მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში გვხვდება. წარმოება ვერ დაეწია მოთხოვნის ზრდის ტემპს, შედეგად მივიღეთ მოთხოვნის შოკი.
2016-2018 წლებში ლითიუმზე მოთხოვნა ორზე მეტჯერ გაიზარდა, შედეგად საშუალო ფასმა ტონაზე $8,650-დან (2016) $17,000-მდე (2018) მოიმატა. ამ დროის განმავლობაში, მოთხოვნა გაიზარდა ელექტრომობილებზე, ასევე ლითიუმის ბატარეაზე მომუშავე მობილურ ტელეფონებზე, ლეპტოპებსა და ტაბლეტებზე.
2020-2022 წლებში ლითიუმის ფასი კვლავ მსგავსად გაიზარდა. თავდაპირველად COVID-19-ის პანდემიამ მოთხოვნის კლება გამოიწვია, რის შედეგადაც საშუალო ფასი ტონაზე $8,000-მდე შემცირდა. თუმცა, როდესაც ეკონომიკა აღდგა ფასმა სწრაფად მოიმატა $17,000-მდე 2021 წლის ბოლოსთვის.
ნეგატიური მოთხოვნის შოკი
ნეგატიური მოთხოვნის შოკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი შეიძლება ტელევიზორების განვითარების ისტორიაში აღმოვაჩინოთ. იაფფასიანი ბრტყელეკრანიანი ტელევიზორების შემოღების შემდეგ კინესკოპურ ეკრანებზე მოთხოვნა რამდენიმე წელიწადში თითქმის ნულამდე დაეცა.