ESG ინვესტირება არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც განიხილავს კომპანიის გარემოსდაცვით (E), სოციალურ (S) და მმართველობით (G) რისკებს, როგორც საინვესტიციო გადაწყვეტილებების ნაწილს. ESG საინვესტიციო სტრატეგიის სარგებელი მოდის ორ ძირითად კომპონენტზე: სტაბილური შემოსავალი და დადებითი გავლენა.
ცუდი მმართველობა, საფრთხის შემცველი ან უსამართლო შრომითი პოლიტიკა, მონაცემთა უსაფრთხოების პრობლემები, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება, წყლის დეფიციტის საფრთხე ან ნახშირბადის თვალსაზრისით ინტენსიური ბიზნეს პრაქტიკა არის ESG რისკების მაგალითები, რომლებმაც შეიძლება კომპანიის გრძელვადიან მომგებიანობას საფრთხე შეუქმნას.
თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, ყურადღება მოიპოვა ანტი-ESG ინვესტირებამ. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს ეს მიმართულება.
რას გულისხმობს ანტი-ESG ინვესტირება?
ტერმინი ანტი-ESG ინვესტირება გარკვეულწილად სუბიექტურია. ამ მიდგომის ზოგიერთი მომხრისთვის ის გულისხმობს მოგების მაქსიმიზაციას და კომპანიის გარემოსდაცვითი, სოციალური, თუ მმართველობითი გავლენის უგულებელყოფას. ანტი-ESG ინვესტორები ხშირად ამტკიცებენ, რომ კომპანია მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
ESG ინვესტირების სხვა კრიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ მეტრიკებს, რომლებსაც კომპანიები და ფონდები ESG წარმადობის განსაზღვრისთვის იყენებენ. მაგალითად, ზოგიერთი ანტი-ESG მიდგომის მხარდამჭერი გარკვეულ კომპანიებს ადანაშაულებს ე. წ. „greenwashing-ში“, რომელიც ორგანიზაციების მიერ ESG სერტიფიკატების გაზვიადებულად ან არასწორად წარმოჩენას გულისხმობს.
სხვები ეწინააღმდეგებიან ESG პრაქტიკას ძირითადად იდეოლოგიური მიზეზების გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ საკითხები, როგორებიც არის კლიმატის ცვლილება, თანასწორობა და სხვა ასეთი ინიციატივები ხშირად უაღრესად პოლიტიკური ხასიათისაა.
ანტი-ESG ფონდები
2023 წლის შუა პერიოდში ფინანსური სერვისების ამერიკული ფირმის — Morningstar-ის ანგარიშმა გამოავლინა 27 ფონდი, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ, როგორც ანტი-ESG მიდგომის მქონეები. საინვესტიციო კვლევითმა ფირმამ ანტი-ESG ფონდები ხუთ განსხვავებულ კატეგორიად დაყო:
ანტი-ESG: ეს ფონდები ინვესტიციებს ახორციელებენ ანტი-ESG ფაქტორებზე დაყრდნობით. მათი პორტფელები შედგება კომპანიებისგან, რომლებიც უსამართლოდ იქნენ დაჯარიმებულნი ESG რეიტინგებით.
პოლიტიკური: ანტი-ESG მიდგომაზე ფოკუსირებული პოლიტიკური ფონდები, როგორც წესი, ეძებენ კომპანიებს, რომელთა პოლიტიკაც სინქრონიზებულია უფრო კონსერვატიულ დღის წესრიგთან.
„უარმყოფელი“: ესენია ფონდები, რომლებიც ადრე ESG ინვესტირების პრინციპებს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მას შემდეგ მიდგომა შეიცვალეს და ამ მოძრაობასთან ასოცირება არ სურთ.
„მანკიერი“: „მანკიერი ფონდები“ წარმოადგენს უძველეს ანტი-ESG ფონდებს, რომლებიც ფოკუსირებულია ე. წ. „ცოდვის აქციებზე“, როგორებიც არის თამბაქოს, ალკოჰოლის, ნავთობისა და სათამაშო ბიზნესის კომპანიები.
„ამომრჩეველთა“ ფონდები: ესენია პასიურად მართული ფონდები, რომლებიც მიჰყვებიან ძირითად საბაზრო ინდექსებს, მაგრამ ინვესტორებს ეკოლოგიურად და სოციალურად მოტივირებულ აქციონერთა შემოთავაზებების წინააღმდეგ ხმის მიცემას ჰპირდებიან.