რისკის მიღება ხდება მაშინ, როდესაც ბიზნესი ან ინდივიდი აღიარებს, რომ რისკისგან მიღებული პოტენციური ზარალი არ არის საკმარისად დიდი, რათა მის თავიდან ასაცილებლად ფულის დახარჯვა გამართლებული იყოს. ეს ცნება ასევე ცნობილია, როგორც „რისკის შეკავება“ და წარმოადგენს რისკ მენეჯმენტის ასპექტს, რომელიც, როგორც წესი, ბიზნეს ან საინვესტიციო სფეროებში გვხვდება.
რისკის მიღება გულისხმობს, რომ იშვიათი და მცირე რისკები, რომლებსაც არ გააჩნია პოტენციალი, კატასტროფული ეფექტი იქონიოს, დაშვებულია და მათი დადგომის შემთხვევაში ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ასეთი მიდგომა არის ღირებული ინსტრუმენტი პრიორიტეტების განსაზღვრისა და ბიუჯეტირების პროცესში.
რისკის მიღების ახსნა
ბევრი ბიზნესი იყენებს რისკ მენეჯმენტის ტექნიკებს რისკების იდენტიფიცირებისთვის, შესაფასებლად და პრიორიტეტიზაციისთვის, რათა მათი მინიმუმამდე შემცირება, მონიტორინგი და კონტროლი შესაძლებელი გახდეს. ბიზნესებისა და რისკ მენეჯმენტ ჯგუფების უმეტესობა აღმოაჩენს, რომ მათ წინაშე დგას უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი რისკები, ვიდრე რეალურად, არსებული რესურსების გათვალისწინებით, გაუმკლავდებიან. კომპანიებმა უნდა იპოვოს ბალანსი ნაცნობი რისკის დადგომის შედეგად წარმოქმნილ და მის თავიდან აცილების ან სხვაგვარად გამკლავების ხარჯებს შორის.
რისკების ტიპებს მიეკუთვნება გაურკვევლობა ფინანსურ ბაზრებზე, პროექტების წარუმატებლობა, სამართლებრივი ვალდებულებები, საკრედიტო რისკი, უბედური შემთხვევები, ბუნებრივი კატასტროფები და ზედმეტად აგრესიული კონკურენცია.
რისკის მიღება შეიძლება ჩაითვალოს როგორც თვითდაზღვევის ფორმა. ნებისმიერი და ყველა რისკი, რომელიც არ არის მიღებული, გადატანილი ან თავიდან აცილებული, „შეკავებულად“ მიიჩნევა. ბიზნესის მიერ მიღებული რისკების უმეტესი ნაწილი შედარებით მცირეა. თუმცა ზოგჯერ სუბიექტებმა შეიძლება მიიღონ რისკი, რომელიც იმდენად კატასტროფულია, რომ მისგან დაზღვევა შეუძლებელია ღირებულების გამო. გარდა ამისა, მიღების მაგალითს წარმოადგენს ნებისმიერი პოტენციური ზარალი რისკისგან, რომელსაც დაზღვევა არ ითვალისწინებს ან, რომელიც სადაზღვევო თანხას აღემატება.
რისკის მიღების ალტერნატივები
გარდა ამისა, რისკ მენეჯმენტში რისკისადმი მიდგომის რამდენი განსხვავებული გზა არსებობს. ესენია:
თავიდან აცილება: ეს გულისხმობს გეგმების შეცვლას რისკის აღმოსაფხვრელად. ასეთი სტრატეგია კარგია რისკებისთვის, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბიზნესზე ან პროექტზე.
რისკის გადატანა: ვრცელდება პროექტებზე, რომლებშიც მრავალი მხარეა ჩართული. ეს მეთოდი ხშირად მოიცავს დაზღვევას. რისკის გადატანა ასევე ცნობილია, როგორც „რისკის გაზიარება“ — სადაზღვევო პოლისებს რისკი ეფექტურად გადააქვს დაზღვეულიდან მზღვეველზე.
შერბილება: რისკის ზემოქმედების შეზღუდვა ისე, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მისი გამოსწორება უფრო ადვილი გახდეს. ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია. რისკის შერბილება ასევე ცნობილია, როგორც „რისკის ოპტიმიზაცია“ ან „შემცირება“.
ექსპლუატაცია: თუ პროდუქტი იმდენად პოპულარულია, რომ გაყიდვების ტემპის შესანარჩუნებლად კომპანიას საკმარისი სამუშაო ძალა არ ჰყავს, რისკის აღმოფხვრა გაყიდვების პერსონალის რაოდენობის გაზრდით არის შესაძლებელი.