უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეცდომებს საუკეთესოებიც კი უშვებენ. ბაფეტის ლეგენდარული ყოველწლიური წერილები Berkshire Hathaway-ის აქციონერების მიმართ, მისი ყველაზე დიდი საინვესტიციო შეცდომების შესახებ მოგვითხრობს.
ბაფეტის უდიდესი საინვესტიციო გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და, დიახ, მისი შეცდომებიც ამის ნაწილია.
#1 ConocoPhillips
2008 წელს უორენ ბაფეტმა დიდი წილი შეიძინა ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია ConocoPhillips-ში. თუმცა ეს არახელსაყრელი ინვესტიცია აღმოჩნდა, რადგან ინვესტორმა აქციები ძალიან ძვირად შეიძინა და შედეგად, Berkshire Hathaway-მ მრავალმილიარდიანი ზარალი განიცადა.
განსხვავება შესანიშნავ კომპანიასა და შესანიშნავ ინვესტიციას შორის არის ფასი, რომელსაც აქციებისთვის იხდით. იმ დროისათვის ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე $100-ს აღემატებოდა, ამიტომ ნავთობკომპანიის აქციების ფასი მაღალ ნიშნულზე იყო, რაც შემდგომი ზრდისთვის მცირე ადგილს ტოვებდა.
გაკვეთილი
აქციების ფასების ზრდის დროს მღელვარებაში ჩაძირვა ადვილია. თუმცა ინვესტორებს, რომლებიც თავიანთ ემოციებს აკონტროლებენ, უფრო ობიექტური ანალიზის გაკეთება შეუძლიათ. ისტორიულად, ნედლი ნავთობის ფასი ყოველთვის ავლენდა მნიშვნელოვან ცვალებადობას და უკვე დიდი ხანია, რაც ნავთობკომპანიები ბუმისა და ვარდნის ციკლებს ექვემდებარებიან.
#2 U.S. Air
1989 წელს ბაფეტმა US Air-ის პრივილეგირებული აქციები შეიძინა. როგორც ჩანს, ინვესტორის ყურადღება მიიპყრო შემოსავლების მაღალმა ზრდამ, რომელიც კომპანიამ მანამდე დააფიქსირა. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ინვესტორმა შეცდომა დაუშვა, რადგან US Air-მა ვერ შეძლო დივიდენდების გადასახდელად საკმარისი შემოსავლის გამომუშავება. ბაფეტს გაუმართლა, რომ საბოლოოდ კომპანიის აქციების მოგებით გაყიდვა შეძლო, რაც ინდუსტრიაში გაჩენილი ოპტიმიზმით იყო გამოწვეული.
გაკვეთილი
როგორც უორენ ბაფეტმა 2007 წელს გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნა, ზოგჯერ ბიზნესები კარგად გამოიყურებიან შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ მათ, ამ აღმასვლის გამოსავლენად, ეტაპობრივად დიდი კაპიტალური ინვესტიციები სჭირდებათ. ეს ასეა ავიაკომპანიების შემთხვევაშიც, რადგან ისინი ზოგადად საჭიროებენ დამატებით თვითმფრინავებს შემოსავლების მნიშვნელოვნად გასაზრდელად.
#3 Dexter Shoes
1993 წელს ბაფეტმა შეიძინა ფეხსაცმელების კომპანია — Dexter Shoes. მოგვიანებით, მისი ინვესტიცია კატასტროფაში გადაიზარდა, რადგან ინვესტორმა Dexter-ში დაინახა გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც კომპანიამ სწრაფადვე დაკარგა. ბაფეტმა განაცხადა: „ის, რაც მდგრად კონკურენტულ უპირატესობად მივიჩნიე, რამდენიმე წელიწადში გაქრა“. ინვესტორის თქმით, ეს მისი ყველაზე ცუდი ინვესტიცია იყო.
გაკვეთილი
კომპანიებს შეუძლიათ გამოიმუშაონ მაღალი მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რაიმე სახის მდგრად კონკურენტულ უპირატესობას ფლობენ. მაგალითად, Walmart-ს აქვს წარმოუდგენლად დაბალი ფასები; Honda-ს მაღალი ხარისხის ავტომობილებს აწარმოებს. ამ კომპანიებს შეუძლიათ, შეინარჩუნონ მოგების მაღალი მარჟა მანამ, სანამ თავისი საქმის კეთებას კონკურენტებზე უკეთ შეძლებენ.
#4 Google
უორენ ბაფეტმა გულწრფელად აღიარა, რომ Google-ში ინვესტირების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მისი ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო შეცდომა იყო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინვესტორს ჰქონდა გარკვეული ინსაიდერული ინფორმაცია Google-ის შესაძლებლობების მნიშვნელოვნების შესახებ. იმ დროისთვის Berkshire Hathaway უკვე იყენებდა GEICO დაზღვევას და ეს უკანასკნელი, მეტი მომხმარებლის მოსაზიდად, ძლიერ იყო და არის დამოკიდებული Google-ზე, როგორც სარეკლამო ინსტრუმენტზე. თუმცა ბაფეტმა ეს შანსი ხელიდან მაინც გაუშვა.
გაკვეთილი
ბაფეტი აღიარებს, რომ მან არ დაუთმო საკმარისი დრო და ძალისხმევა Google-ის ბიზნესის ანალიზს, რათა ინვესტირების შესახებ ლოგიკური გადაწყვეტილება მიეღო. საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და ბიზნესის ანალიზი კი, როგორც ვიცით, მომგებიანად ინვესტირებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.