უორენ ბაფეტი საინვესტიციო რჩევების მოსმენა ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. ლეგენდარული ინვესტორი 93 წლისაა და მისი ქონება ამჟამად $123 მილიარდს აჭარბებს. ბაფეტმა ინვესტირება ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზე დაიწყო, მან პირველი აქცია 11 წლის ასაკში შეიძინა. მას შემდეგ ინვესტორმა დააგროვა დიდი ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც იგი საზოგადოებას ხშირად უზიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელის სამართავად, აქციების სწორად შესარჩევად, თავის კვლევით და ფინანსურ უნარებს იყენებს, იგი სხვა ადამიანებს მოუწოდებს: „მოიქეცით ისე, როგორც ვამბობ და არა ისე — როგორც ვიქცევი“. ომაჰას ორაკული ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობამ ინვესტიცია უნდა ჩადოს საინდექსო ფონდებში და არა ინდივიდუალურ აქციებში.
მართლაც, საინდექსო ფონდებში ინვესტირება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუ საკუთარი სიღრმისეული კვლევის ჩატარებისთვის საკმარისი დრო ან კომპეტენცია არ გაგაჩნიათ. ასეთ ფონდებზე ორიენტირება ერთი ტრანზაქციით მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას მოგცემთ, რაც, ინდივიდუალური აქციების შეძენის შემთხვევაში, დიდ დროსა და გარკვეულ საინვესტიციო უნარებს მოითხოვს. საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია კი ინვესტირების განუყოფელი ასპექტია, რომელიც რისკის დაბალანსებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.
გარდა ამისა, ბაფეტი მიიჩნევს, რომ ინვესტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაზრისთვის რთულ პერიოდებში — „უბრალოდ განაგრძეთ ყიდვა. ამერიკული ბიზნესი დროთა განმავლობაში წარმატებული იქნება“. ბაზრის ვარდნის დროს ბაფეტი სწორედ ასე იქცევა, იგი ხელსაყრელ შესაძლებლობებს ეძებს და ინვესტიციას დებს ხარისხიან კომპანიებში, რომელთა აქციების ფასები გარკვეული პერიოდით შემცირებულია. ინვესტორის ამ სტრატეგიას ნათლად წარმოაჩენს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი: „ყიდვის გადაწყვეტილებას მარტივი წესი მკარნახობს: იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი მაშინ, როდესაც სხვებს ეშინიათ.“
„უბრალოდ განაგრძეთ ყიდვა“ — ეს სამი სიტყვა გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ თანმიმდევრულობის, მოთმინებისა და ამერიკის ეკონომიკისადმი ნდობის შესახებ, რამაც ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია.
ფოკუსირდით გრძელვადიან პერსპექტივაზე
ძირითადი გზავნილი არის გონივრული სტრატეგიის შემუშავება, შემდეგ მის მიხედვით მოქმედება და გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება. მართალია, თუ საინდექსო ფონდში ინვესტიციას ჩადებთ და შემდეგ ბაზარი დაეცემა, კიდევ უფრო მეტი ფულის დაბანდება შეიძლება, ერთი შეხედვით, სახიფათოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ის მთლიანი საფონდო ბირჟა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შედეგად, რთულ პერიოდში საშუალება გექნებათ საინდექსო ფონდის მეტი წილი ნაკლები თანხით შეიძინოთ და საბოლოოდ თქვენ მიერ ჩადებული ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ. ამაში დაგეხმარებათ ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგიაც, რომელიც რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირების დროს გრძელვადიანი მიდგომის შენარჩუნება და ბაზრის ვარდნის პერიოდებში პანიკური გაყიდვების თავიდან აცილება.
ბაფეტის რჩევა არა მხოლოდ ინვესტირებას, არამედ თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც ეხება. დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ჩვენ ყველანი ვაფასებთ ახალი ტენდენციების დაფიქსირების, ინოვაციურობის და ახალი საფრთხეების ან შესაძლებლობების საპასუხოდ კურსის სწრაფად შეცვლის უნარებს. ეს თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროფესიის ადამიანისთვის. თუმცა მოთმინება და თანმიმდევრულობა არანაკლებ ღირებული უნარებია, მით უმეტეს, გაურკვევლობის პერიოდში.