უორენ ბაფეტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. წლების განმავლობაში ბაფეტი ბიზნეს სამყაროში იქცა გავლენიან ფიგურად, რომელიც თავის ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას როგორც პროფესიონალებს, ასევე დამწყებ ინვესტორებს უზიარებს.
2021 წელს Berkshire Hathaway-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე ლეგენდარულ ინვესტორს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ბიზნესში და ცხოვრებაში სრულყოფილებისაკენ სწრაფვის შესახებ. მისი პასუხი კი ასეთი იყო:
„ყველა ბიზნესში არის რაღაც, რაც არ მოგეწონებათ. თუ მეუღლეში, მეგობრებში ან კომპანიებში სრულყოფილებას ეძებთ, მას ვერ იპოვით“.
ეს განცხადება ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ წარმოდგენას, რომ სრულყოფილების სწრაფვა არა მხოლოდ მიღწევადია, არამედ წარმოადგენს გზას, რომელიც წარმატების მისაღწევად უნდა გაიაროთ. დღეს ვისაუბრებთ სამ ნათელ მიზეზზე, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ ინვესტორებმა, ლიდერებმა თუ მეწარმეებმა სრულყოფილების დევნა.
- სრულყოფილების დევნა მუდმივ იმედგაცრუებას იწვევს
სრულყოფილებისკენ სწრაფვა შეიძლება გადაიქცეს დაუსრულებელ მოგზაურობად, რომელიც იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. როგორც ბაფეტმა აღნიშნა, ყველა ბიზნესში არის რაღაც, რაც არ მოგეწონებათ, შესაბამისად, თუ ინვესტორი ხართ და კომპანიებს სრულყოფილების კრიტერიუმით აფასებთ, საბოლოოდ მუდამ იმედგაცრუებული დარჩებით.
ბაფეტის სიტყვები მოგვიწოდებს, ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება შევითვისოთ, გავიაზროთ, რომ ბიზნესი მუდმივად ვითარდება და წარმატებისთვის ადაპტირებას საჭიროებს.
- სრულყოფილების დევნა ინოვაციასა და ზრდას აფერხებს
მეწარმეებს, რომლებიც სრულყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი, შეიძლება რისკების აღება, ახალი იდეების გამოცდა ან არატრადიციული მიდგომების შესწავლა არ სურდეთ. ინოვაციასა და პროგრესს ხშირად სწორედ არასრულყოფილების მიღება განაპირობებს, როდესაც მას დაუკმაყოფილებელი საჭიროებების ამოცნობა და კრეატიული გადაწყვეტილებები ემატება. ფოკუსის სრულყოფილებიდან პროგრესზე გადატანით, მეწარმეებს შეუძლიათ თავიანთი კომპანიების ინოვაციური პოტენციალი გამოავლინონ.
- სრულყოფილების დევნა წინსვლას აფერხებს
როდესაც სრულყოფილება საბოლოო მიზანი არ არის, წარუმატებლობა გამოცდილებად აღიქმება და არა — მარცხად. თუ ინვესტირების დაწყება გსურთ და ამისთვის საუკეთესო დროს, სრულყოფილ სიტუაციას ელოდებით, შეიძლება ნაბიჯი ვერასოდეს გადადგათ. გახსოვდეთ, რომ დღევანდელ რეალობაში აუცილებელი არ არის, ინვესტიციებისთვის დიდი თანხა გამოყოთ, ინვესტირება მცირე თანხითაც არის შესაძლებელი. მთავარია რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ და ინვესტირება ჩვევად აქციოთ, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, რთული პროცენტით მაქსიმალურად სარგებლობის საშუალებას მოგცემთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად არის ნაჩვენები, თუ რამდენად მნიშვნელოვანი აქტივია დრო საინვესტიციო სამყაროში წარმატების მისაღწევად.