ფინანსური წარმატების მიღწევისკენ ბევრი ჩვენგანი მიისწრაფვის, მაგრამ ეს სათანადო ძალისხმევას მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დისციპლინირებული მიდგომა ფულის მართვის, ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისა და სათანადო ფინანსური ჩვევების გამომუშავების მიმართ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ რჩევებს, რომლებიც ფინანსური წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
არჩევანი ფრთხილად გააკეთეთ
ყველა გადაწყვეტილებას თავისი ღირებულება აქვს, ასე რომ, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, კარგად დაფიქრდით, ალტერნატივები გაანალიზეთ. ძალიან ხშირად ადამიანები ფინანსურ გადაწყვეტილებებს გაუაზრებლად იღებენ. მაგალითად, ადამიანს რაიმეს შეძენა სურს, ამისთვის საკმარისი ნაღდი ფული არ აქვს და ამიტომ იყენებს საკრედიტო ბარათს იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ვალის გადახდა. ასევე საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი სახლს იპოთეკური სესხის საშუალებით პირობების სრულად გაცნობის გარეშე ყიდულობს.
როცა ორ ან მეტ რამეს შორის არჩევანს აკეთებთ, თქვენ ავტომატურად თმობთ რაღაცას. როდესაც გადაწყვეტთ, რომ ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინოთ, გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ ეს ფული სხვა მომსახურების ან საქონლის საყიდლად, ინვესტირებისთვის, იპოთეკის დასაფარად ან სხვა მიზნებისთვის გამოიყენოთ. ამ ნაბიჯის გადადგმამდე დაფიქრდით თქვენი არჩევანის რეალურ ღირებულებაზე.
ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში
საკუთარ თავში ინვესტირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ დროსა და ფულს განათლების მისაღებად, საკუთარი უნარების განსავითარებლად დახარჯავთ, მომავალში გაცილებით მაღალი შემოსავლის გამომუშავებას შეძლებთ. თუ რამდენიმე წლის განმავლობაში პიროვნულ განვითარებასა და ადამიანებთან ურთიერთობების დამყარებაზე ფოკუსირდებით, წარმატების მისაღწევად ბევრად უფრო მყარი საფუძვლის შექმნას შეძლებთ.
შეადგინეთ ბიუჯეტი
აუცილებელია, ბიუჯეტირების საფუძვლებიც გესმოდეთ. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რამდენ ფულს გამოიმუშავებთ და შემდეგ ეს თანხა ეფექტურად გადაანაწილოთ. თქვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ საკმარისზე მეტი თანხა გქონდეთ ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად (მათ შორის მოულოდნელი გადაუდებელი შემთხვევებისთვის), დარჩენილი ნაწილი კი დანაზოგისა და ინვესტირებისკენ მიმართოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არასაჭირო ხარჯების შემცირება ან საერთოდ აღმოფხვრა.
ფოკუსირდით დაზოგვაზე
თქვენ მიერ გამომუშავებული ფულის მთლიანად დახარჯვა უპასუხისმგებლო ქმედებაა. აუცილებელია, რომ ადამიანები დაზოგვას სერიოზულად მიუდგნენ. ამის გაკეთების შესანიშნავი გზა ხელფასის აღებისას, გადასახადების გადახდამდე, პირველ რიგში დაზოგვაზე ფოკუსირებაა. ამ მიმართულებით ყველაზე მომგებიანი არჩევანი შეიძლება საფონდო ბირჟაზე ინვესტირება იყოს. რა თქმა უნდა, ეს საქმიანობა რისკებს მოიცავს, მაგრამ გათვლილ რისკზე წასვლა ზოგჯერ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ მხრივ პასუხისმგებლობიანი მიდგომა შესაბამისი გეგმის არსებობას გულისხმობს. დაიწყეთ აქტივთა განაწილების სტრატეგიების შესწავლით, რათა გაიგოთ, როგორ აირჩიოთ ფასიანი ქაღალდების სწორი ნაზავი თქვენი საინვესტიციო მიზნების მისაღწევად.
ისწავლეთ ინვესტირება
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ „ინვესტორი“ არ არის სიტყვა, რომელიც მას ეხება. სინამდვილეში, ყველა, ვისაც საპენსიო ანგარიში აქვს, ინვესტორია. ტექნოლოგიების განვითარებამდე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ ფიზიკური სახით მიმდინარეობდა, რაც არც ისე კომფორტული პროცესი იყო. დღევანდელი რეალობა კი საშუალებას გვაძლევს, სასურველი კომპანიის აქციონერი სახლიდან გაუსვლელად გავხდეთ. ამასთან, დაინგრა მითი, რომ ინვესტირება მხოლოდ გარკვეულ პრივილეგირებულ წრეებთან დაკავშირებული საქმიანობაა — დღეს ეს ისეთი ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს.
საფონდო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი საშუალება იყოს. სანამ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას დაიწყებთ, გარკვეული განათლების მიღება გადამწყვეტი ფაქტორია. გაეცანით ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორიცაა რისკი და ანაზღაურება, დივერსიფიკაცია, საინვესტიციო სტრატეგიები და ა. შ. არსებობს უამრავი რესურსი, მათ შორის წიგნები, სტატიები და ონლაინ კურსები, რომლებიც ძლიერი საფუძვლის შექმნაში დაგეხმარებათ.