ინვესტირება რთული პროცესი არ უნდა იყოს. იმისთვის, რომ წარმატებული ინვესტორი გახდეთ, მთავარი რაც გჭირდებათ არის დრო და თანმიმდევრულობა. საჭირო არ არის ბაზართან იდეალურად სინქრონიზება (სინამდვილეში გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეუძლებელია). არც იმის აუცილებლობა არსებობს, რომ ყოველდღიური ფინანსური ანგარიშების კითხვისას საათები დახარჯოთ.
მიეცით რთულ პროცენტს სამუშაოს შესრულების საშუალება
რთული პროცენტი, შეიძლება, ფინანსებში თქვენი ყველაზე უარესი მტერი ან საუკეთესო მეგობარი იყოს. როდესაც საქმე ვალს ეხება, რთულმა პროცენტმა, შესაძლოა, დიდი ზიანი მოგაყენოთ. ინვესტირების დროს რთული პროცენტის ეფექტი თავს იჩენს მაშინ, როდესაც გამომუშავებული ფული თავად იწყებს კიდებ უფრო მეტი შემოსავლის გამომუშავებას. ძნელია $1 მილიონი მკაცრად დაზოგვით დააგროვოთ; თქვენ უნდა ჩადოთ ინვესტიცია და მისცეთ საშუალება რთულ პროცენტს, რომ თავისი ჯადოსნობა შეასრულოს. ადამიანების უმეტესობა სიმდიდრეს ასე აგროვებს.
ცნობილია, რომ ალბერტ აინშტაინმა რთულ პროცენტს „მსოფლიოს მერვე საოცრება“ უწოდა. როგორც კი რთული პროცენტის რეალურ ძალას გააცნობიერებთ, დაიწყებთ იმის დანახვას, თუ რამდენად ძვირი დაგიჯდებათ ინვესტირების მომავლისთვის გადადება. ერთადერთი სწორი დრო ინვესტირების დასაწყებად არის აწმყო.
უბრალოდ მიეცით საკუთარ თავს დრო
წარმოვიდგინოთ, რომ ყოველთვიურად $1,000-ს აბანდებთ ინვესტიციაში, რომლის ყოველწლიური ანაზღაურება 10%-ს შეადგენს. აი, როგორ დაგროვდება შემოსავალი 65 წლამდე იმის მიხედვით, თუ როდის დაიწყებთ:
ინვესტირების დაწყების ასაკი | დრო 65-წლამდე | ჯამური თანხა ანგარიშზე |
63 | 2 | $25,200 |
53 | 12 | $256,600 |
43 | 22 | $856,800 |
33 | 32 | $2.41 მილიონი |
23 | 42 | $6.45 მილიონი |
ეს ცხრილი ნათლად გვიჩვენებს დროისა და რთული პროცენტის ძალას. სხვაობა 43-დან 53 წლამდე დაახლოებით $600,000-ს შეადგენს, მაგრამ სხვაობა 33-დან 43-წლამდე უკვე $1,5 მილიონს აჭარბებს.
იმისთვის, რომ ფინანსურად მყარ სიტუაციას მიაღწიოთ ან მილიონერი გახდეთ, არ არის აუცილებელი, რომ ინვესტირებისთვის დიდი თანხები გაგაჩნდეთ. თქვენ მხოლოდ დრო და თანმიმდევრულობა გჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ყოველთვიურად მხოლოდ $500-ის ინვესტირება შეძლებთ, იმავე წლიური ანაზღაურების პირობებში, შეგიძლიათ მილიონერის სტატუსს დაახლოებით 30 წელზე მეტ დროში მიაღწიოთ. რა თქმა უნდა, გარანტიები არ არსებობს, მაგრამ თუ ინვესტიციას ახორციელებთ ფართო ბაზარზე ისეთი ფონდების საშუალებით, როგორიც არის S&P 500, გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია საშუალოდ წლიური 10%-იანი ანაზღაურების მიღწევა.