საფონდო ბირჟის სამყარო კომპლექსური და დინამიური სივრცეა, სადაც რიცხვები და სქემები ადამიანის ემოციებსა და ფსიქოლოგიას ხვდება. საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ადამიანური ფსიქოლოგიის გავლენის გააზრება ფინანსურ ბაზრებზე წარმატების მისაღწევად საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ, გამოვიკვლევთ სხვადასხვა ემოციებს, მიკერძოებებსა და ქცევებს, რომლებსაც შეუძლია ინვესტორების წარმატებამდე მიყვანა ან მათი შეცდომაში შეყვანა.
შიში და სიხარბე
ორი ყველაზე ძლიერი ემოცია, რომელიც საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებს არის სიხარბე და შიში. პირველმა მათგანმა შეიძლება bull market-ის დროს ინვესტორები ზედმეტად ოპტიმისტურად განაწყოს, რაც ხშირ შემთხვევაში აქციების ძვირად შეძენას განაპირობებს. შიშის შედეგად კი შეიძლება ინვესტორებმა, ბაზრის ვარდნის პერიოდში, ინვესტიციების პანიკურად გაყიდვა დაიწყონ, რაც მათთვის არახელსაყრელია, რადგან ასეთ დროს აქციების ფასები შემცირებულია.
ზარალის მიუღებლობა და მისი გავლენა
ზარალის მიუღებლობა კიდევ ერთი ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორია. ადამიანებისთვის ხშირად ზარალისგან განცდილი ტკივილი უფრო მძაფრია, ვიდრე მოგებით გამოწვეული სიხარული. ამან შეიძლება განაპირობოს იმპულსური გადაწყვეტილებები ინვესტიციების გაყიდვის შესახებ, როგორც კი მათი ღირებულება შემცირებას დაიწყებს.
დადასტურების მიკერძოება და „ექოკამერა“
დადასტურების მიკერძოება არის კოგნიტური მიკერძოება, რომლის დროსაც ინვესტორები ეძებენ თავიანთი შეხედულებების დამადასტურებელ ინფორმაციას, ხოლო უგულებელყოფენ ფაქტებს, რომლებიც ამ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება. ეს ქცევა ქმნის „ექოკამერას“, რომელშიც ინდივიდები ერთნაირი მოსაზრებებით არიან გარშემორტყმულნი.
ხალხის მასების მიყოლა
ადამიანები სოციალური არსებები არიან და ეს ფაქტი საფონდო ბირჟაზეც ვრცელდება. ბრბოს მენტალიტეტი ხშირად აიძულებს ინვესტორებს, მიჰყვნენ ხალხის მასებს — იყიდონ მაშინ, როდესაც ყველა ყიდულობს და გაყიდონ მასიური გაყიდვების პერიოდში. ამან შეიძლება გამოიწვიოს „ბაზრის ბუშტები“1 და კრახები, რადგან ჯგუფური აზროვნება უკუაგდებს რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
„ფიქსაცია“ და ხელმისაწვდომობის მიკერძოება
„ფიქსაციამ“ (პირვანდელ ინფორმაციაზე ზედმეტად დაყრდნობა) და ხელმისაწვდომობის მიკერძოებამ (უახლესი ან ადვილად დასამახსოვრებელი ინფორმაციისთვის უპირატესობის მინიჭება) შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს საინვესტიციო არჩევანზე. ამ მიკერძოებებმა შეიძლება გამოიწვიოს აქციების ღირებულების არასწორად შეფასება, რაც ინვესტორებს უბიძგებს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომლებიც ფაქტებსა და რეალურ მონაცემებს არ ეყრდნობა.
გრძელვადიანი პერსპექტივის მნიშვნელობა
წარმატებული ინვესტორებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი საკვანძო თვისება გრძელვადიანი პერსპექტივის მნიშვნელობის გააზრების უნარია. მათ ესმით, რომ საფონდო ბირჟა ექვემდებარება მოკლევადიან რყევებს და ასეთი ცვალებადობები საინვესტიციო სტრატეგიის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. უფრო დიდ სურათზე კონცენტრირების საშუალებით მათ შეუძლიათ, თავდაჯერებულად აირიდონ მოკლევადიანი რყევების ზემოქმედება.
რისკისადმი ტოლერანტობის შეფასება და დივერსიფიკაცია
ინვესტორებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის ხარისხი და საინვესტიციო სტრატეგია ამის შესაბამისად შეადგინონ. პორტფელის დივერსიფიკაცია არის მიდგომა, რომელსაც შეუძლია, ბაზრის რყევების ფსიქოლოგიური გავლენა შეამციროს. ფულის სხვადასხვა აქტივებზე გადანაწილებით ინვესტორებს შეუძლიათ, გაანეიტრალონ ემოციური სტრესი, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთი კომპანიის აქციების წარმადობაზე დამოკიდებულებას მოჰყვეს.
განათლებისა და დისციპლინის როლი
განათლება არის ძლიერი იარაღი ემოციური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. ინფორმირებული ინვესტორები ხშირად უფრო თავდაჯერებულები არიან და ირაციონალურ არჩევანს ნაკლებად აკეთებენ. სასურველი კომპანიების ბიზნეს საფუძვლების გააზრება მათ კონტროლისა და უსაფრთხოების განცდით უზრუნველყოფს. დისციპლინა კიდევ ერთი საკვანძო ელემენტია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინვესტორები, რომლებიც ქმნიან და იცავენ კარგად გააზრებულ საინვესტიციო გეგმას, იმპულსურ, ემოციებზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ემოციური გამძლეობის ჩამოყალიბება
ინვესტორებმა უნდა განავითარონ ემოციური გამძლეობა, რათა ბაზრის გარდაუვალი აღმავლობისა და ვარდნის ფსიქოლოგიურ ეფექტებს გაუმკლავდნენ. ამის მიღწევა შესაძლებელია გამოცდილებით და კარგად განსაზღვრული საინვესტიციო სტრატეგიით. გახდე ემოციურად მდგრადი ნიშნავს, რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის გააზრებას, რეალისტური მოლოდინების ქონას და გრძელვადიან მიზნებზე კონცენტრირების შენარჩუნებას.
პროფესიონალური რჩევების მოძიება
მათთვის, ვისაც ბაზრის მოვლენებზე საკუთარი ფსიქოლოგიური რეაქციების მართვა უჭირს, ფინანსური პროფესიონალებისგან რჩევის მოძიება შეიძლება ღირებული ვარიანტი იყოს. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ უფრო ობიექტური და რაციონალური პერსპექტივის შექმნაში, რაც თქვენს ფინანსურ მიზნებთან და რისკისადმი ტოლერანტობის ხარისხთან შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ.
[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.