პიტერ ლინჩი არის ლეგენდარული ინვესტორი, რომელსაც ხშირად უორენ ბაფეტის, ბენჟამინ გრეჰემის, ჩარლი მანგერისა და სხვა მილიარდერების გვერდით მოიხსენიებენ. მან თავისი ქონება საფონდო ბირჟაზე ინვესტირების წყალობით დააგროვა. დღევანდელ სტატიაში სწორედ პიტერის საინვესტიციო სტილის რამდენიმე ძირითად ასპექტს განვიხილავთ.
ვინ არის პიტერ ლინჩი?
პიტერ ლინჩი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორია. იგი ფართოდ განიხილება, როგორც ურთიერთდახმარების ფონდის ყველაზე წარმატებული მენეჯერი.
Fidelity Investments-ში კარიერის განმავლობაში, ლინჩი Magellan Fund-ის მენეჯერი იყო 1977-1990 წლებში და მისი მმართველობის 13 წლის განმავლობაში ფონდის საშუალო წლიურმა ანაზღაურებამ 29.2% შეადგინა. ეს ციფრები უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფონდში პიტერის სათავეში მოსვლის დროს ჩადებული $10,000-იანი ინვესტიცია მისი თანამდებობიდან წასვლისთვის $280,000-მდე გაიზრდებოდა.
გარდა ამისა, პიტერ ლინჩი რამდენიმე ყველაზე გაყიდვადი საინვესტიციო წიგნების ავტორია. მათ შორის არის 1989 წელს გამოცემული One Up on Wall Street, რომელმაც ინვესტორს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.
პიტერ ლინჩის საინვესტიციო მიდგომა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პიტერ ლინჩს ინვესტირების შესახებ რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი, შესაბამისად, მისი სტრატეგია საიდუმლო არ არის.
ლინჩის ყველაზე პოპულარული საინვესტიციო ფილოსოფია მის შემდეგ სიტყვებში გამოიხატება: „ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რაშიც ერკვევით“. ლინჩი თვლის, რომ მცირე ინვესტორებს, უოლ სტრიტის პროფესიონალებთან შედარებით, რეალურად გააჩნიათ უპირატესობა, რადგან მათ შეუძლიათ, იპოვონ რეალური საინვესტიციო შესაძლებლობები მანამ, სანამ ისინი უოლ სტრიტის რადარებზე მოხვდება. პიტერმა ერთხელ თქვა, რომ Apple, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობა, მაშინ აღმოაჩინა, როდესაც მისმა ქალიშვილმა iPod შეიძინა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე ბაზარზე სხვა პორტატიული მუსიკალური პლეერები იყიდებოდა. თუმცა ლინჩი მოქმედებაზე არ გადასულა და Apple-ის აქციებში ინვესტიცია არ ჩაუდია.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პიტერ ლინჩი ინვესტიციების შეძენისა და გაყიდვისთვის შესაფერისი საუკეთესო დროების გამოცნობას არ ცდილობს. მას დიდი შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათი გრძელვადიან პერსპექტივაში შენარჩუნების სჯერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პიტერი არ ყიდულობს ან ყიდის აქციებს ბაზრის ზრდის ან დაცემის მოლოდინში.
ამასთან, ლინჩი ინვესტორებს ურჩევს, დაადგინონ, თუ რაში მდგომარეობს კომპანიის ახალი შესაძლებლობები. ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც მას მოჰყავს არის McDonald’s-ში გახსნილი მსხვილი პოზიცია, რომელიც, ბევრი ინვესტორის აზრით, არასახარბიელო იყო, რადგან თითქოს კომპანიისთვის ზრდის პერსპექტივა აღარ ჩანდა. თუმცა 1980-იანი წლების შუა პერიოდში ლინჩმა McDonald’s-ის აქციები შეიძინა და მას შემდეგ კომპანიამ თავის აქციონერებს 3,000%-ის მოცულობის მთლიანი ანაზღაურება მოუტანა. გაკვეთილი: ნუ იფიქრებთ, რომ დიდ და წარმატებულ ბიზნესებს განვითარების პერსპექტივა აღარ გააჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ პიტერ ლინჩმა Magellan Fund-ში დაკავებული პოზიცია 1990 წელს დატოვა, იგი საკუთარ ცოდნას საზოგადოებას ზოგჯერ ინტერვიუების სახით უზიარებს. ერთ-ერთ ასეთ ინტერვიუში კი მან თქვა, რომ ინვესტორები დღეს საკმარისად ფრთხილები არ არიან და ძალიან ბევრი ადამიანი კონკრეტულ აქციებს მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ ამის შესახებ მეგობრისგან ან რომელიღაც წვეულებაზე გაიგო. პიტერი აღნიშნავს, რომ დღეს გაცილებით მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და სწორად ინვესტირების შესწავლა.