როდესაც საქმე კარიერულ წარმატებას და ბედნიერებას ეხება, რაიმე კონკრეტული, უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. ის, რაც ზოგი ადამიანისთვის მუშაობს, შესაძლოა, თქვენთვის სულაც არ აღმოჩნდეს სასარგებლო.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერული წარმატების განსაზღვრული რუკა შეიძლება ყველა ადამიანისთვის განსხვავებული იყოს, არსებობს გარკვეული მითითებები იმის შესახებ, თუ რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ გზაზე.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც კარიერული წარმატების შესახებ საკმაოდ ბევრი რამ იცის, არის მილიარდერი ინვესტორი — რეი დალიო. მან საინვესტიციო კარიერა ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში დაიწყო და ამჟამად მისი ქონება $15.4 მილიარდს შეადგენს. დღეს კი შემოგთავაზებთ სწორედ ამ წარმატებული ინვესტორის რჩევას კარიერის შესახებ.
მიზნებისა და კარიერის განხილვისას რეი ხაზს უსვამს ყველაზე დიდ შეცდომას, რომელსაც ადამიანები უშვებენ: „არჩევანის გაკეთების უნარის ნაკლებობა“.
მან ეს სიტყვები კიდევ უფრო განავრცო: „ზოგიერთი ადამიანი ამაში რაიმეს დაწყებამდეც კი მარცხდება. მათ ეშინიათ, უარი თქვან კარგ შესაძლებლობებზე უკეთესი ალტერნატივის სასარგებლოდ, ისინი ცდილობენ, ერთდროულად ძალიან ბევრ მიზანს მიაღწიონ. საკუთარ თავს მრავალი ვარიანტით პარალიზების საშუალებას ნუ მისცემთ. ჩემი კარიერის განმავლობაში ამ მიმართულებით შეცდომები მეც დავუშვი, არ ვიყავი საკმარისად კონკრეტული იმაში, თუ რა მინდოდა და რატომ მინდოდა. და, როგორც მოსალოდნელი იყო, საბოლოოდ ჩემში უკმაყოფილება გროვდებოდა“.
აშკარა პირველი ნაბიჯი არის იმის გარკვევა, თუ რა გინდათ და რატომ გინდათ. მაგრამ შემდეგ მოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ.
რაზე იტყვით უარს თქვენთვის სასურველის მისაღებად?
დალიო თავის წიგნში — Principles: Life & Work განმარტავს: „მიზნის არჩევა ხშირად ნიშნავს უარის თქმას რაღაცებზე, რაც გსურთ, რათა მიიღოთ სხვა რამ, რაც უფრო მეტად გინდათ ან გჭირდებათ“.
გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამოსამუშავებლად მნიშვნელოვანია, არჩევანის გაკეთების პროცესში მაქსიმალურად გააზრებულად ჩართვა შეძლოთ. მარტივად რომ ვთქვათ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება თქვენს არჩევანს და როგორ იმოქმედებს ის თქვენს მომავალზე.
როდესაც სპორტდარბაზში ვარჯიშობთ, ხშირად იგრძნობთ კუნთების ტკივილსა და დაღლილობას. თუმცა ამის გადალახვით გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობის, ენერგიისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას შეძლებთ.
კარიერის შემთხვევაშიც ასეა. შეიძლება თქვენთვის სასურველი საქმის კეთება მოცემულ მომენტში ძალიან მტკივნეული და რთული იყოს, მაგრამ ამ არასასიამოვნო ეტაპის გადალახვის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ თავისუფლება, სიხარული ან ნებისმიერი სხვა გრძნობა, რომლისკენაც ისწრაფვით.
მსხვერპლი ყველაფრისთვის არის საჭირო. თუ ამ რეალობას ვერ მიიღებთ და გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ისწავლით, მაშინ საბოლოოდ მსხვერპლად სწორედ თქვენი სურვილები და მიზნები იქცევა.