საფონდო ბირჟა არის ადგილი, სადაც მყიდველი (buyer) და გამყიდველი (seller) საჯაროდ ვაჭრობს აქციებით, თუ სხვა ფასიანი ქაღალდებით – ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ფინანსების სამყაროში მოგზაურობას, საფონდო ბირჟაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრით ვაგრძელებთ.
საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა აუქციონს ჰგავს. პოტენციური მყიდველი იმ თანხის მაქსიმუმს ასახელებს, რისი გადახდაც შეუძლია. როგორც აუქციონზე – ლოტის საწყისი ფასი. პოტენციური გამყიდველი კი იმ მინიმალურ ზღვარს ადგენს, საიდანაც ვაჭრობას დაიწყებს, იგივე, რაც აუქციონზე – შეთავაზება. როგორც კი მყიდველის მიერ დაფიქსირებული „საუკეთესო შეთავაზება“ (BID) გაუტოლდება გამყიდველის მიერ დაფიქსირებულ „საუკეთესო წინადადება“-ს (ASK), ბირჟაზე იდება გარიგება. ამერიკის საფონდო ბირჟა 13 ბირჟას აერთიანებს. მათგან ორი ყველაზე ცნობილი, ნიუ-იორკშია – New York Stock Exchange და Nasdaq.
მაგალითი: Snap Inc.-მა, რომელიც Snapchat-ის მფლობელი კომპანიაა, საკუთარი აქციები, საჯაროდ გასაყიდად, 2016 წელს გამოიტანა. ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, დღემდე მიმდინარეობს, საფონდო სიმბოლოთი “SNAP“.
საფონდო ბირჟა რთული, კომპლექსური ორგანიზმია, თუმცა მარტივი კონცეფცია აქვს
ნიუ-იორკინდან – ჰონგ კონგამდე, რაც კი მსოფლიოში საფონდო ბირჟები არსებობს, ყველას ერთი ფუნქცია აქვს – აერთიანებს მყიდველებსა და გამყიდველებს. ისინი კი, წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული წესებით ვაჭრობენ.
საფონდო ბირჟის ძირითადი ფუნქციები
საფონდო ბირჟაზე, ფართო საზოგადოებას შეუძლია, იმ კომპანიების აქციებზე მიიღოს წვდომა, რომლებიც საჯაროდ ივაჭრება. წარმოიდგინეთ, რაღაც, ფერმერთა ბაზრის მსგავსი, სადაც მყიდველები და გამყიდველები ხვდებიან ერთმანეთს, რომ თავიანთი პროდუქტები გაცვალონ. მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არ არის საქმე – საფონდო ბირჟაზე, ბევრად უფრო რთული მექანიზმი მოქმედებს, მას მთელი რიგი რეგულაციები ეხება, ფასები კი ძალიან სწრაფად იცვლება. აქ, ძირითადად, სამი მიმართულებით მიდის ვაჭრობა:
- აქციების ყიდვა – მათი შეძენა შეუძლია როგორც ჩვეულებრივ, რითეილ, ისე გამოცდილ, ინსტიტუციონალურ, ანუ დიდ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ ინვესტორს
- აქციების გაყიდვა – ეს ბირჟის ვაჭრობისთვის დამახასიათებელი, ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ აქციების ყიდვის მეორე მხარეა – საფონდო ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდები კომპანიის წარმომადგენელს, დაქირავებულ ბროკერს ან უბრალო რითეილ ინვესტორს გამოაქვს, რომელმაც ეს აქციები წარსულში შეიძინა
- აქციების გამოშვება – თუ კერძო კომპანიას კაპიტალის მოზიდვა სურს, შეუძლია, საკუთარი კომპანიის გარკვეული წილი, საფონდო ბირჟაზე გაყიდოს, რომლებსაც საწყისი თუ მეორადი შეთავაზების გზით, რითეილ ან რომელიმე დიდ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ინვესტორი ყიდულობს
p.s. საფონდო ბირჟაზე მხოლოდ აქციებით არ ვაჭრობენ. აქ შესაძლებელია ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა
რისკები საფონდო ბირჟაზე
ამ საქმეს, რა თქმა უნდა, თან ახლავს რისკი. თუ საფონდო ბირჟაზე აპირებთ ინვესტირებას, კარგად უნდა გაიაზროთ, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი რისკები. აქციების ფასი შეიძლება გაიზარდოს, თუმცა, პირიქითაც არის მოსალოდნელი – მისი ღირებულება დაეცეს. არც ის არის გამორიცხული, საერთოდ განულდეს და ამ შემთხვევაში, მთელ ინვესტიციას დაკარგავთ. ამიტომ, ამ რისკების გათვალისწინებით, ყველა ინვესტორს უნდა ჰქონდეს წინასწარ შემუშავებული სტრატეგია და ვაჭრობის პროცესში, გეგმის მიხედვით იმოქმედოს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.
როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა?
საფონდო ბირჟის მთავარი ფუნქციაა, გააერთიანოს მყიდველი და გამყიდველი, რომ მათ, აქციებით ვაჭრობაზე, მოლაპარაკებები დაიწყონ. ფასების განსაზღვრაზე, როგორც უკვე გითხარით, აქ, აუქციონის პრინციპი მოქმედებს.
მყიდველს სურს, რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს. ამიტომ, საფონდო ბირჟის მაკლერი, არ აქვს მნიშვნელობა, თავად ყიდულობს, თუ მსხვილი კომპანიისთვის მუშაობს, აკეთებს შეთავაზებას – ასახელებს თანხას, რასაც ბირჟაზე წარმოდგენილ აქციებში გადაიხდის. ფინანსისტთა ენაზე, ეს „საუკეთესო შეთავაზებაა“.
ამ დროს, გამყიდველს სურს, რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. აქციების მფლობელს, თუ მაკლერს შეუძლია, გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და შედარებით, დაბლა დაწიოს გასაყიდი ფასი. საფონდო ბირჟაზე, ეს არის „საუკეთესო წინადადება“.
საუკეთესო წინადადებასა და საუკეთესო შეთავაზებას შორის სხვაობას Spread ჰქვია, ორივე მხარე ცვლის პირველ ფასს, გამყიდველი აკლებს, მყიდველი კი უმატებს და საბოლოოდ, ორივესთვის მისაღებ თანხაზე თანხმდებიან.
ვინ ვაჭრობს საფონდო ბირჟაზე?
- რითეილ, ანუ კერძო ინვესტორი – შეგიძლიათ, იყოთ თქვენც, ანუ ადამიანი, ვინც ყიდულობს ან ყიდის ცალკეულ აქციებს, საკუთარი საბროკერო ანგარიშიდან
- საფონდო ბირჟის მაკლერი/ბროკერი – ეს დარეგისტრირებული წარმომადგენელია, რომელმაც მიიღო სპეციალური განათლება და ჩააბარა სალიცენზიო გამოცდა. მას შეუძლია, იყიდოს ან გაყიდოს ფასიანი ქაღალდები, ინვესტორის სახელით. შესაბამისად, თანამშრომლობს საბროკერო კომპანიასთან და მისი ინტერესების მიხედვით მოქმედებს
- პორტფოლიო მენეჯერი – მართავს სხვადასხვა კომპანიისა თუ ინვესტორის პორტფელს, მათი სახელით, მათ მაგივრად აწარმოებს მოლაპარაკებებს საფონდო ბირჟაზე, ყიდის ან ყიდულობს ფასიან ქაღალდებს. ეს გაცილებით მასშტაბური ფიგურაა, ვიდრე – საფონდო ბირჟის მაკლერი
- საინვესტიციო ბანკირი – ეხმარება კომპანიებს, აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებაში
ვინ მონაწილეობს საფონდო ბირჟის მუშაობაში?
საფონდო ბირჟა მხოლოდ მყიდველითა და გამყიდველით არ შემოიფარგლება. აქ, ვაჭრობას სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. მაგალითად:
- ხელმძღვანელი – საბროკერო – სადილერო კომპანია, რომელიც ფლობს სააქციო პორტფელს და მზადაა, ფასიანი ქაღალდები ინვესტორს მიჰყიდოს
- აგენტი – ერთგვარი შუამავალი, რომელიც ყიდვისა და გაყიდვის მსურველ ინვესტორებს ერთმანეთთან აკავშირებს
- ე.წ. მეურვე – აწვდის ინვესტორს ყველანაირ ინფორმაციას, აქციებთან დაკავშირებით – ფასს, რისკებს, ღირებულების ზრდისა თუ კლების ისტორიას და ა.შ.
საფონდო ბირჟაზე, როგორც უკვე გითხარით, არსებობს კანონმდებლობით დარეგულირებული წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ყველა მონაწილე მხარესთვის. მათ შორის, თავად ორგანიზატორებისთვის. მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- გამჭვირვალე ფასი – საფონდო ბირჟამ უნდა მისცეს გარანტია ყველა მონაწილეს, რომ მათ საუკეთესო წინადადებას (ფასი, რომელსაც აქციებსა და სხვა ფასიან ქაღალდებში გადაიხდიან) და შეთავაზებას (ფასი, რომლის მიღებაც გამყიდველს სურს) უჩვენებენ.
- დადასტურება – თუ საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობთ, ანუ ხართ ბროკერი, გაქვთ უფლება, გარიგებასა და მის ყველა დეტალზე მიიღოთ დასტური (გადამოწმებული, დაზუსტებული ინფორმაცია/მონაცემები), ბირჟის მხრიდან
- საკვალიფიკაციო გამოცდები – მაგალითად, გამოცდების სერია The Series 7 exam, რომელიც ტარდება იმისთვის, რომ გამოჩნდეს რამდენად მომზადებულები არიან ბროკერები, იციან, თუ – არა ფინანსურ ინდუსტრიაში არსებული საერთო წესები და რეგულაციები
- ვაჭრობის შეჩერება – თუ აქციებით ვაჭრობის, ან სხვა ოპერაციების ფასი განსაზღვრულ ნიშნულს უახლოვდება და ინვესტიციებისა თუ გარიგებების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საფონდო ბირჟას აქვს უფლება, შეაჩეროს ვაჭრობა, რამდენიმე საათით ან თუნდაც, მთელი დღით. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა საფონდო ბირჟაზე, მაგრამ რიგ შემთხვევაში აუცილებელი
- სიახლეები, ინფორმაციის მუდმივი განახლება – საფონდო ბირჟას შეუძლია, შეაჩეროს აქციებით ვაჭრობა მაშინაც, როდესაც რაიმე სიახლე უნდა გახდეს ცნობილი. მაგალითად, ინფორმაცია რომელიმე კომპანიიგან/ფინანსური ინსტიტუტისგან მსხვილი შენაძენის ან ბანკროტად გამოცხადების შესახებ. ეს ინვესტორს, ბროკერს და ყველა სხვა მოთამაშეს საშუალებას მისცემს, უფრო სწორად და სამართლიანად შეაფასოს სიტუაცია და აქციებით თუ სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს
იმედი გვაქვს, ამ სტატიით მოვახერხეთ, თქვენთვის აგვეხსნა, რა არის და როგორ მუშაობს საფონდო ბირჟა. ალბათ, საინტერესოა ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ფინანსური ინდუსტრიის შექმნის ამბავიც. სწორედ ამიტომ, დასასრულს, რამდენიმე ისტორიულ ფაქტსაც გიამბობთ:
პირველი, თანამედროვე ტიპის, საფონდო ბირჟა ლონდონში გაიხსნა. ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა, მაგალითად, იმ დროს, თითქმის, არ არსებობდა რეგულაციები, ძალიან ცოტა რამ იყო იმ კომპანიების შესახებ ცნობილი, ვისაც აქციების გაყიდვა სურდა. პარალელურად, იზრდებოდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიმართ ინტერესი და სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვებოდა ამ საქმიანობაში. ურთიერთგამომრიცხავმა მოცემულობებმა სერიოზული ფინანსური არასტაბილურობა გამოიწვია. ზარალდებოდნენ ოპერაციების მონაწილეებიც – ხშირად ხდებოდნენ თაღლითობისა და ტყუილის მსხვერპლი. გამოსავალი 1773 წელს იპოვეს – ლონდონში, საფონდო ბირჟა ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანი აქციებით ვაჭრობისთვის თანმიმდევრული და სამართლიანი გარემოს შექმნა იყო.
რაც შეეხება ამერიკას, თამამად შეიძლება ითქვას, დღეს, ის, მთელს მსოფლიოში, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან ასოცირდება. აქ, პირველი საფონდო ბირჟა, 1790 წელს, ფილადელფიაში შეიქმნა.
ორი წლის შემდეგ, ჩამოყალიბდა New York Stock Exchange (NYSE, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა), დღეს რომ „უოლ სტრიტის“ სახელით ვიცნობთ. Buttonwood Agreement -ის შეთანხმებაზე, 24 მოვაჭრე – დილერის ხელმოწერით, განისაზღვრა, რომ იქმნებოდა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ახალი ცენტრი. დღეს, აქ, მიმდინარეობს ელექტრონული და ფიზიკური ყიდვა – გაყიდვა. მთელს მსოფლიოში, „უოლ სტრიტის“ საფონდო ბირჟა ცნობილია თავისი ორი ზარით – ადგილობრივი დროით, 9:30-ზე და 4:00-ზე, პირველი მიანიშნებს ვაჭრობის დაწყებას, მეორე – დასრულებას.
უფრო მოგვიანებით, 1971 წელს Nasdaq-მა (National Association of Securities Dealers Automated Quotations, ამერიკული საფონდო ბირჟა, რომელიც სპეციალიზებულია მაღალტექნოლოგიური კომპანიების აქციებზე) დაიწყო მუშაობა. ის იყო ელექტრონული საფონდო ბირჟა. მომდევო წლებში, მთელი რიგი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, გახდა პირველი ბირჟა აშშ-ში, რომელმაც „ონლაინ“ ვაჭრობა დაიწყო. დღეს, Nasdaq არის ძალიან პოპულარული ადგილი, სივრცე, სადაც აქციებს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ათავსებენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.