მცირე და დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციების არსი ძირითადად გაგებულია მათი დასახელებების მიხედვით, რაც მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად ღირებულია ისინი საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით. დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციები (big-cap stocks ან large-cap stocks) დიდი კომპანიების აქციებია, ხოლო მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები (small-cap stocks) – პატარა კომპანიების.
ამგვარი იარლიყები შეიძლება ხშირად დამაბნეველი იყოს, რადგან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფულის გამომუშავება მხოლოდ დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციებში ინვესტირებითაა შესაძლებელი. ეს კი შეიძლება სიმართლისგან ძალიან შორს იყოს – განსაკუთრებით დღეს. თუ თქვენ ვერ გაიგებთ, თუ რამდენად კარგი გახდა მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციები, ინვესტორების მომგებიან შესაძლებლობებს გაუშვებთ ხელიდან.
Small-cap აქციები, მათი ღირებულებისა და big-cap აქციებად ქცევის პოტენციალის გამო, ხელსაყრელ ინვესტიციად მიიჩნევა, მაგრამ small-cap აქციების განმარტება დროთა განმავლობაში შეიცვალა. ის, რაც 1980 წელს big-cap აქციად იყო მიჩნეული, დღეს small-cap აქციაა. ამ სტატიაში განვმარტავთ ტერმინებს და ინვესტორებს მათი არსის გაგებაში დავეხმარებით.
აქციების მასშტაბების განსაზღვრა
საბაზრო კაპიტალიზაცია – ეს არის კომპანიის მიერ ბრუნვაში ჩაშვებული აქციების ღირებულების საერთო საბაზრო შეფასება ფულად ერთეულში. ამ მაჩვენებლის მისაღებად, აქციების საერთო რაოდენობა უნდა გაამრავლოთ მათ ფასზე. მხედველობაში უნდა მიიღოთ ისიც, რომ მიღებულ მაჩვენებელს კომპანიის მიერ საჯაროდ გამოცემული ნებისმიერი ობლიგაციის საბაზრო ღირებულება უნდა მიუმატოთ იმისთვის, რომ გაიგოთ კომპანიის მთლიანი საბაზრო ღირებულება.
საბაზრო კაპიტალი გვიჩვენებს კომპანიის სიდიდეს, იმას, რაც ინვესტორების ყველაზე დიდი ინტერესის საგანია. ეს იმიტომ, რომ საბაზრო კაპიტალი ძირითადად გამოყოფს კომპანიის საკვანძო მახასიათებლებს, რისკის შეფასების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციებს შეიძლება თითოეული ბროკერი თავისებური საზომით ზომავდეს, ამჟამად ზოგადი კონსენსუსი ამ თემაზე ის არის, რომ ასეთი აქციების გამომშვები კომპანიის საბაზრო კაპიტალი $300 მილიონიდან $2 მილიარდამდეა.
ერთ-ერთი მცდარი აზრი, რაც ადამიანებს ასეთი კომპანიების შესახებ აქვთ, არის ის, რომ თითქოს ისინი სტარტაპ კომპანიებია, რომლებიც ბაზარზე ახლა იდგამენ ფეხს. ეს აზრი კი სიმართლისგან ძალიან შორს დგას. ბევრი მცირე კაპიტალიზაციის კომპანიას, ისევე, როგორც მათ დიდ კოლეგებს, აქვს ძლიერი გამოცდილება, ფართო აღიარება და შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლები. Small-cap აქციის ფასებს ზრდის უფრო მეტი პოტენციალი აქვთ და ამიტომ ისინი შეიძლება ინვესტორებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
„დიდი ბიჭები“
Big-cap აქციები, ისეთი კომპანიების აქციებია, რომელთა საბაზრო კაპიტალი $10 მილიარდზე მეტია (მაგალითად, General Electric და Walmart). ასეთი კომპანიის აქციებს ასევე blue-chip აქციებს უწოდებენ. ამ კომპანიები საიმედო შემოსავლების ისტორიით, სოლიდური რეპუტაციითა და ძლიერი ფინანსებით ხასიათდებიან.
ზოგი ინვესტორი მცდარად ფიქრობს, რომ big-cap აქციები, მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, small-cap აქციებთან შედარებით ბევრად ნაკლები რისკის ხარისხით ხასიათდება. ფინანსურ ისტორიაში ამის საწინააღმდეგო მრავალი მაგალითი ყოფილა, ერთ-ერთი მათგანი კომპანია Enron-ია. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო ძლიერია მისი დაცემა.
კომპანია, რომელიც ენერგეტიკული ინდუსტრიის ფავორიტი იყო, საბუღალტრო სკანდალში გაეხვა. Enron იყენებდა mark to market (MTM) ბუღალტერიას (ეს გულისხმობს მიმდინარე საბაზრო პირობების მიხედვით აქტივების ფასების კორექტირებას), იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ კომპანია თითქოს იმაზე ბევრად მომგებიანი იყო, ვიდრე სინამდვილეში. მისი შვილობილი კომპანიები განაგრძობდნენ ვალისა და დანაკარგების დამალვას. საბოლოოდ კომპანია გაკოტრდა. საკვანძო პერსონალს (გენერალურ დირექტორს – ჯეფრი სკილინგს) და კომპანიის საბუღალტრო ფირმას სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.
რა შეიძლება ამ მაგალითზე ვისწავლოთ? მხოლოდ იმიტომ, რომ აქცია დიდი კაპიტალიზაციის მქონეა, არ ნიშნავს, რომ ეს ინვესტიციისთვის კარგი შესაძლებლობაა. თქვენ მაინც უნდა ჩაატაროთ გარკვეული კვლევა და შეისწავლოთ უფრო პატარა კომპანიები, რომლებსაც თქვენი პორტფელისთვის მყარი საფუძვლის შექმნა შეუძლიათ.
როგორ არის აქციები კაპიტალიზაციის მიხედვით დახარისხებული
კაპიტალიზაციის თვალსაზრისით დახარისხება შეიძლება სხვადასხვა საბროკერო კომპანიებში განსხვავებული იყოს, ამ მომენტისათვის არსებული მიახლოებითი განმარტებები შემდეგია:
- Mega-cap (მეგა კაპიტალი): $200 მილიარდი და მეტი
- Big-cap (დიდი კაპიტალი): $10 მილიარდი და მეტი
- Mid-cap (საშუალო კაპიტალი): $2-დან $10 მილიარდამდე
- Small-cap (მცირე კაპიტალი): $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე
- Micro-cap (მიკრო კაპიტალი): $50 მილიონიდან $300 მილიონამდე
- Nano-cap (ნანო კაპიტალი): $50 მილიონზე ნაკლები
უნდა გავითვალისწინოთ, რომ დროთა განმავლობაში ეს კატეგორიები და მასში ნაჩვენები სიდიდეები იცვლება, ამიტომ ეს განსაზღვრებები ფიქსირებული არ არის. მაგალითად ადრეულ 1980-იან წლებში, big-cap აქციების საბაზრო კაპიტალიზაცია $1 მილიარდი იყო, დღეს კი ეს სიდიდე მცირედ ითვლება.
ცვალებადი რაოდენობები
Big-cap აქციები Wall Street-ის ყურადღებას ყველაზე მეტად იქცევენ, რადგან სწორედ აქ ნახავთ მომგებიან საბანკო ბიზნესს.
მეორეს მხრივ, mega-cap აქციების რაოდენობა დროთა განმავლობაში იცვლება. 2007 წელს ასეთი აქციების რაოდენობა 17 იყო, მაგრამ ეს რიცხვი 2010 წლისთვის 5-ზე ნაკლებამდე შემცირდა 2008 წლის იპოთეკური კრიზისისა და დიდი რეცესიის გამო. 2017-2018 წლებში mega-cap აქციები ისევ აღორძინდა და ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა, როგორიც Apple-ა საბაზრო კაპიტალიზაციის ისტორიულ სიმაღლეებს მიაღწია.
და რა შეიძლება ითქვას small-caps აქციებზე? დაიმახსოვრეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი აქციების გამომშვებ კომპანიებს მცირე საბაზრო კაპიტალი აქვთ, ნუ იფიქრებთ, რომ მათში ინვესტირება კარგ შემოსავალს არ მოგიტანთ. პირიქით, ბევრი ღირებული აქცია შეიძლება იპოვოთ small-cap აქციებს შორის. ბევრი მათგანი კი შედეგებით big-cap აქციებსაც ჯაბნის.
დასკვნა
იარლიყები „დიდი“ და „მცირე“ ხშირად ძირითად ბირჟებსა და ინდექსებზეც არის მიკერებული, რაც ასევე დამაბნეველია. მიჩნეულია, რომ Dow Jones Industrial Average (DJIA) შედგება მხოლოდ big-cap აქციებისგან, როცა Nasdaq – small-cap აქციებისგან. ეს აღქმები ძირითადად ჭეშმარიტი 1990 წლამდე იყო, მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ტექნოლოგიური ბუმის შემდეგ საფონდო ბირჟებისა და ინდექსების საბაზრო კაპიტალიზაცია განსხვავებულია.
ისეთი იარლიყები, როგორიცაა „დიდი“ და „მცირე“ სუბიექტური, ფარდობითი და დროთა განმავლობაში ცვალებადია. დიდი კაპიტალის მქონე კომპანია ყოველთვის ნაკლებ რისკიანს არ ნიშნავს, მაგრამ big-cap აქციები ის აქციებია, რომლებითაც Wall Street-ის ანალიტიკოსები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. თუმცა ეს ინტერესი ხშირად იმას ნიშნავს, რომ big-cap არენაზე ღირებული აქციები არ არის.