ინვესტირება გარკვეულ რისკს ყოველთვის შეიცავს, მაგრამ ბაზრის ვარდნის დროს ეს გარემოება განსაკუთრებით მძაფრდება. ასეთ დროს შეიძლება თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოთ ფულის შენახვით, მაგრამ ეს რეალურად საუკეთესო ნაბიჯი არ არის, თუ ცდილობთ, რომ თქვენი სიმდიდრე სწრაფად გაზარდოთ. აი, რა უნდა იცოდეთ, სანამ ინვესტირებაზე უარს იტყვით.
ინვესტირება გრძელვადიანი სტრატეგიაა
მცირე და ხანმოკლე ზარალიც კი შემაშფოთებელია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინვესტირების სფეროში ახალია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აღმავლობა და ვარდნა საფონდო ბირჟისთვის დამახასიათებელი და სრულიად ნორმალური მოვლენებია. ხშირად აქციების ფასები (ძლიერი საფუძვლის მქონე კომპანიები, როგორც წესი, ვარდნის გადალახვას ახერხებენ) აღდგება და გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გამომუშავების საშუალებას გაძლევთ.
განვიხილოთ S&P 500 ინდექსი. ეს არის ცნობილი საფონდო ინდექსი, რომელიც აშშ-ის 500 უმსხვილეს საჯარო ვაჭრობის კომპანიას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორიის მანძილზე მრავალი bear market იყო, ინდექსმა თითოეული მათგანი გადალახა და საბოლოოდ ზრდა დააფიქსირა. ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი საშუალო წლიური ანაზღაურება 10.7%-ს შეადგენს.
პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე რომ განვიხილოთ, 30 წლის წინ S&P 500-ში $10,000 რომ ჩაგედოთ, დღეს ამ ინვესტიციის ღირებულება $211,000 იქნებოდა. ეს თანხა საინვესტიციო გადასახადებს არ ითვალისწინებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა. იგივე თანხა საშემნახველო ანგარიშზე რომ შეგენახათ, თქვენი სარგებელი ბევრად დაბალი იქნებოდა.
თუ სიმდიდრის რაც შეიძლება სწრაფად დაგროვებას ცდილობთ, ინვესტირება თქვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს. თუ ტრადიციულ შემნახველ ანგარიშებზე გააკეთებთ არჩევანს, ინფლაცია თქვენი ფულის მსყიდველუნარიანობას ნელ-ნელა შეამცირებს და თქვენი მიზნების მისაღწევად ყოველთვიურად გაცილებით მეტი ფულის გამოყოფა მოგიწევთ.
არსებობს ფული, რომელიც ინვესტიციაში არ უნდა ჩადოთ
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ადასტურებს, რომ ინვესტირება შეიძლება შესანიშნავი გადაწყვეტილება იყოს თქვენი გრძელვადიანი დანაზოგისთვის, მაგრამ დაკარგვის რისკი მას ცუდ არჩევანად აქცევს ფულისთვის, რომელიც შეიძლება მალე დაგჭირდეთ. ფული, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოიყენოთ, უმჯობესია შემნახველ ანგარიშზე შეინახოთ. ამგვარად, თქვენ არ მოგიწევთ ინვესტიციების გაყიდვა ზარალით მაშინ, როდესაც ამ თანხების გამოყენება დაგჭირდებათ.
თქვენი საგანგებო ფონდის შემნახველ ანგარიშზე მოთავსება ასევე შესანიშნავი არჩევანია. არასოდეს იცით, როდის დაგჭირდებათ ეს ფული, ამიტომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და დანაკარგებისგან დაცული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, თქვენზეა დამოკიდებული თუ რა მოცულობის თანხის შენახვას გადაწყვეტთ, მაგრამ სამი თვის საცხოვრებელი ხარჯები ის მინიმუმია, რომელსაც არ უნდა ჩამოსცდეთ.
თუ საგანგებო ფონდი არ გაქვთ, ინვესტირების დაწყებამდე პირველ რიგში ამაზე უნდა იმუშაოთ. ნებისმიერი სახის მოულოდნელი ხარჯების წარმოქმნის შემთხვევაში ეს თქვენი ფინანსური უსაფრთხოების შენარჩუნების გასაღებია.