ტიმოთი კიმი — კორეელი ანტერპრენერი, რომელიც 18 წლის ასაკში ბუდაპეშტიდან აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, 2017 წელს, საკუთარი ძალისხმევით, მილიონერი გახდა. ამ დროისთვის ის მხოლოდ 31 წლის იყო. ტიმოთის თქმით, გამდიდრებისთვის სულაც არ არის საჭირო, ინტელექტუალი იყო. მისი აზრით, ამის ნაცვლად, უბრალოდ უნდა გაიგოთ, რა გააკეთეს წარმატებულმა ადამიანებმა გასამდიდრებლად და მათ ნაბიჯებს მიჰყვეთ.
„არც ისე ჭკვიანი ვარ, საშუალო დონის სტუდენტი ვიყავი და ალბათ კონცენტრაციის პრობლემაც მაქვს“, — ამბობ ტიმოთი. „მე უბრალოდ ვიპოვე სწორი ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და გავიმეორე ის, რასაც ისინი აკეთებენ.“
მილიონერი ინვესტორი თავის სწრაფ წინსვლას უაღრესად წარმატებული ადამიანების რჩევების გათვალისწინებას უკავშირებს. სინამდვილეში, მას შეიძლება ვერც მიეღწია ამ მიზნისთვის, თუ Biola-ს უნივერსიტეტში სწავლის დროს ყოფილი პროფესორისგან მიღებულ რჩევებს არ გაითვალისწინებდა.
ტიმოთი ამბობს, რომ მისი კოლეჯის ბიზნესის პროფესორი გამდიდრდა მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟაზე რამდენიმე წარმატებული ინვესტიცია განახორციელა. ერთ დილას პროფესორმა უდარდელად განუცხადა კლასს, რომ ახლახან, არასწორი არჩევანის გამო, ბირჟაზე $60,000 დაკარგა. თუმცა, მან 19 წლის ტიმოთისა და მის თანაკლასელებს ინვესტირებისკენ მოუწოდა.
ტიმოთი ხედავდა, თუ რამდენად წარმატებული გახდა მისი პროფესორი ხარისხიანი ინვესტიციების განხორციელებით და რომ $60,000-ის ოდენობით ზარალი მას სულაც არ აღელვებდა, ამიტომ ის პროფესორის რჩევას მიჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ის მხოლოდ მინიმალურ ხელფასს იღებდა, მუშაობდა პერსონალურ ტრენერად და კამპუსის თანამშრომლად, ახალგაზრდა ტიმოთიმ საფონდო ბირჟაზე დაახლოებით $1000-ის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.
ინვესტიციიდან უკუგების მიღების შემდეგ, ის ამ სფეროთი შეპყრობილი გახდა. „ყოველ ჯერზე, როცა ზედმეტი ფული გამომიჩნდებოდა, მას ინვესტიციებში ვაბანდებდი“ — ამბობს მილიონერი.
მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც მილიონერი გახდა, მან გზას არ გადაუხვია და გავლენიანი ადამიანებისგან რჩევების მიღება განაგრძო.
ტიმოთის თქმით, Youtube-ზე განთავსებული უფასო ონლაინ კურსები და წარმატებული ადამიანების წიგნები შესანიშნავი რესურსია ცოდნის მისაღებად. „არ გჭირდებათ ბორბლის ხელახლა გამოგონება. თუ ვინმე ამ საქმეს უკვე კარგად აკეთებს, უბრალოდ მათგან მაგალითი უნდა აიღოთ” — ამბობს ის.
ეს აზრი რეალობას არ არის მოკლებული. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე, ლეგენდარულმა ინვესტორმა — უორენ ბაფეტმა თქვა, რომ წიგნმა “The Intelligent Investor” მისი ცხოვრება შეცვალა. ინვესტირების ეს სახელმძღვანელო, რომელიც 1949 წელს გამოიცა კოლუმბიის ბიზნეს სკოლის ყოფილმა პროფესორმა — ბენჟამინ გრეჰემმა დაწერა.
წიგნში გრეჰემი განიხილავს „ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებას“, ანუ ბაზარზე დაუფასებელი აქციების შეძენას და მათ დიდი ხნის განმავლობაში ფლობას. მოგვიანებით სწორედ ეს მიდგომა იქცა ბაფეტის საინვესტიციო სტრატეგიის ძირითად პრინციპად.
მრავალმა წარმატებული ადამიანი მიჰყვა ექსპერტების რჩევებს კარიერის დასაწყისში ან იმ კონკრეტულ სფეროებში, რომლებშიც დახელოვნებულნი არ იყვნენ. Microsoft-ის თანადამფუძნებელი — ბილ გეითსი მილიარდერ უორენ ბაფეტს საინვესტიციო საკითხებში თავის მენტორად მოიხსენიებს, ხოლო მარკ ცუკერბერგს, Facebook-ის ადრეულ წლებში, Apple-ის დამფუძნებელმა — სტივ ჯობსმა გაუწია დახმარება.