პიტერ ლინჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ინვესტორი, ცნობილი ურთიერთდახმარების ფონდის — Fidelity Magellan Fund-ის ყოფილი მენეჯერი და ქველმოქმედია. 1977-დან 1990 წლამდე, პიტერის მმართველობის პერიოდში, Magellan Fund-ის საშუალო წლიური ანაზღაურება 29%-ს შეადგენდა, რამაც ეს ურთიერთდახმარების ფონდი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულად აქცია. ეს მაჩვენებელი დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-ის წარმადობას ორჯერ აღემატებოდა.
დღევანდელ სტატიაში კი შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი ინვესტორის რჩევებს, რომლებიც საფონდო ბირჟაზე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
- ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რაც გესმით
პიტერს მკაცრად სჯერა, რომ ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ისეთ კომპანიაში, რომლის ბიზნეს მოდელსა და საფუძვლებს კარგად ვიცნობთ. თუ აქციების შეძენამდე სიღრმისეულ კვლევას ჩაატარებთ, თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის მდგომარეობის საფუძვლიანად გაანალიზებას და სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.
- ხილულს მიღმა გაიხედეთ
პიტერმა ერთხელ თქვა: „ოქროს ციებ-ცხელების დროს მაღაროელების უმეტესობამ ფული დაკარგა, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც წერაქვებს, ნიჩბებს, კარვებსა და ჯინსის შარვლებს ყიდდნენ, კარგი მოგების გამომუშავება შეძლეს“. ამიტომ მნიშვნელოვანია, ინვესტორს ნაკლებად თვალსაჩინო შესაძლებლობების დანახვის და მოვლენებს შორის კავშირების აღმოჩენის უნარი გააჩნდეს.
მაგალითად, მსხვილი, ცნობილი კომპანია ყველასთვის თვალსაჩინოა. თქვენ კი მის მიღმა გაიხედეთ, მოძებნეთ ხარისხიანი ფირმები, რომლებიც გამოჩენილი კომპანიების საქმიანობას უწყობს ხელს და მათ პოპულარულობის მოპოვებაში ეხმარება.
- განიხილეთ ურთიერთდახმარების ფონდებში ინვესტირება
პიტერ ლინჩის თქმით, ურთიერთდახმარების ფონდებში ინვესტირება შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს, აქციებს საკუთარი კვლევების ჩატარების გარეშე ფლობდეს. შესაძლოა, სწორედ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ ინვესტორთაგანი, რომელსაც კონკრეტული აქციის შეძენამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარებისთვის დრო ან საკმარისი ინტერესი არ გააჩნია.
- ჩადეთ ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში
პიტერ ლინჩმა ერთხელ თქვა, რომ 10-20 წლიან ვადაში აქციების წარმადობა შედარებით პროგნოზირებადია. რაც შეეხება 2-3 წლიანი პერიოდის პროგნოზს, ამისთვის შეგიძლიათ მონეტა ააგდოთ.
აქციების ყიდვა-გაყიდვისას პიტერი არ ცდილობდა ეწინასწარმეტყველა საერთო საბაზრო ეკონომიკის მიმართულება. მას მტკიცედ სჯერა, რომ მოკლევადიანი რყევების პროგნოზირება დროდ და ძალისხმევად არ ღირს. თუ თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ძლიერია, დროთა განმავლობაში მისი აქციების ღირებულება გაიზრდება.
- ზარალი ბუნებრივია
არასოდეს უნდა ელოდოთ მხოლოდ წარმატებას. დანაკარგები აუცილებლად გელით. საფონდო ბირჟაზე წარმატების მიღწევა შეუცდომლობას არ მოითხოვს. პიტერის თქმით: შესაძლოა 10-დან 5 ან 6 შემთხვევაში მართალი აღმოჩნდეთ. მაგრამ თუ თქვენი მიერ შერჩეული წარმატებული აქციების ფასები 4-ჯერ, 10-ჯერ ან 20-ჯერ გაიზრდება, ისინი დანაკარგებს, შესაბამისად, 50%-ით, 75%-ით ან 100%-ით აანაზღაურებს.
ზარალი არ ნიშნავს, რომ ცუდი ინვესტორი ხართ. მარცხი ბუნებრივი მოვლენაა და ამის გააზრება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.