ჯორდან ბელფორტი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უოლ სტრიტისთვის სიხარბისა და დაუნდობლობის რეპუტაციის შექმნაზე. 1999 წელს მან თავი დამნაშავედ ცნო საფონდო ბირჟის მანიპულაციებსა და გრძელვადიან თაღლითობაში, რომელიც პენი აქციებთან1 იყო დაკავშირებული. მას შემდეგ ჯორდანმა უოლ სტრიტზე მიღებული გამოცდილება გამოიყენა, რათა ცნობილი სპიკერი და წიგნების ავტორი გამხდარიყო. ბელფორტმა დაწერა ორი მემუარი „Way of the Wolf“ და „The Wolf of Wall Street”. სწორედ ამ უკანასკნელით არის შთაგონებული მარტინ სკორსეზეს მიერ გადაღებული იმავე სახელწოდების ცნობილი ჰოლივუდური ფილმი, რომელშიც ჯორდან ბელფორტს ლეონარდო დიკაპრიო განასახიერებს.
ადრეული ცხოვრება და კარიერა
ჯორდან ბელფორტი (დაიბადა 1962 წლის 9 ივლისს) გაიზარდა ქუინსში, ნიუ-იორკში და ბიზნესის სფეროში ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა. მისი წიგნის — „უოლ სტრიტის მგელი“ — მიხედვით, ჯორდანი მუშაობდა მეგობართან ერთად, რათა საკუთარი ბავშვობის სახლის მახლობლად პლაჟზე ყინულის იტალიური დესერტები გაეყიდა. ზაფხულის თვეებში, საშუალო სკოლიდან კოლეჯში გადასვლამდე, ბელფორტმა და მისმა პარტნიორმა $20,000 გამოიმუშავეს.
ჯორდანი ამერიკულ უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობდა და გეგმავდა სტომატოლოგიურ სკოლაში ჩარიცხვას იმ თანხის გამოყენებით, რომელიც მან ადრინდელი წამოწყებიდან დაზოგა. თუმცა, როდესაც მერილენდის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სკოლის დეკანმა პირველ დღეს სტუდენტები გააფრთხილა, რომ სტომატოლოგია ფინანსური წარმატების გზა არ იყო, ბელფორტი ამ მიმართულებას ჩამოშორდა.
სტომატოლოგიურ სკოლაში მისი ხანმოკლე სწავლის შემდეგ ბელფორტის ერთ-ერთი ადრეული წამოწყება იყო კარდაკარ გაყიდვის ბიზნესი ლონგ აილენდზე. ჯორდანის თქმით, ეს საქმიანობა წარმატებული იყო — მან ბიზნესი განავითარა იქამდე, რომ ჰყავდა რამდენიმე მუშაკისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც კვირაში ორ ტონაზე მეტი პროდუქტის — ამ შემთხვევაში, ხორცისა და ზღვის პროდუქტების, გადაზიდვა შეეძლო. 25 წლის ასაკისთვის, ამ ბიზნესმა მარცხი განიცადა და ჯორდანმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მხოლოდ მაშინ დაინტერესდა ის საფონდო ბროკერად მუშაობით. ამ თანამდებობაზე ბელფორტი ოჯახის მეგობრის დახმარებით მოხვდა.
1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ბელფორტი 30 წლის ასაკს მიუახლოვდა, მან დააარსა Stratton Oakmont, over-the-counter2 საბროკერო ფირმა. Stratton Oakmont საოცრად კარგად მუშაობდა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში და ის თითქმის სამი ათეული კომპანიის IPO-ში3 ჩაერთო; მათ შორის იყო ფეხსაცმელების კომპანია — Steve Madden.
თაღლითობები და სხვა დანაშაულები
როგორც Stratton Oakmont-ის დამფუძნებელმა, ბელფორტმა ჩაიდინა უკანონო ქმედებები, რომელთა შედეგადაც ის საბოლოოდ ციხეში მოხვდა. Stratton Oakmont-მა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე თაღლითობაში, მათ შორის pump-and-dump4 სქემებში პენი აქციების ფასის ხელოვნურად გაზრდის მიზნით.
ფირმა ერთგვარ „Boiler Room“-ს5 წარმოადგენდა გუნდთან ერთად, რომელიც ინვესტორებზე, სპეკულაციურ ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდების იძულების მიზნით, ზეწოლას ახორციელებდა ყალბი დაპირებებით. როგორც ამბობენ, პიკში ფირმას დაახლოებით 1,000 საფონდო ბროკერი ჰყავდა და $1 მილიარდზე მეტის ღირებულების ინვესტიციებს აკონტროლებდა.
Stratton Oakmont-ის ისტორიის განმავლობაში, ფასიანი ქაღალდების დილერების ეროვნული ასოციაცია (NASD) ატარებდა თანმიმდევრულ სამართლებრივ ქმედებებს ფირმის წინააღმდეგ. 1996 წელს კომპანია დაიხურა. 1999 წელს ჯორდან ბელფორტს და მის თანამოაზრეს — დენი პორუშს ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრებასა და ფასიანი ქაღალდებით თაღლითობაში.
ბელფორტმა თავი დამნაშავედ ცნო pump-and-dump სქემებით თაღლითობაში, რასაც შეიძლებოდა მისი ინვესტორებისთვის $200 მილიონის ოდენობით ზარალი მიეყენებინა. ჯორდანს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და $110-მილიონიანი ჯარიმა დააკისრეს. საბოლოოდ მან ციხეს თავი 22 თვეში დააღწია.
ცხოვრება ციხის შემდეგ
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მთავრობასთან დადებული შეთანხმების შედეგად, ბელფორტს მოეთხოვებოდა 2009 წლამდე თავისი შემოსავლის 50%-ის გადახდა მის მიერ მოტყუებული ყოფილი ინვესტორებისთვის.
ფედერალურმა პროკურორებმა 2013 წელს შეიტანეს საჩივარი იმის შესახებ, რომ ბელფორტს წინა წლებში თავისი შემოსავლის შესაბამისი თანხა არ გადაუხდია. საბოლოოდ, ჯორდანმა ცალკე შეთანხმებას მიაღწია ფედერალურ ხელისუფლებასთან, რათა შეეწყვიტა გადახდები, რომლებიც ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული.
განაჩენის გამოტანისა და ციხეში გატარებული დროის შემდეგ, ჯორდან ბელფორტმა ხელახლა შექმნა საკუთარი თავი, როგორც სამოტივაციო სპიკერმა. ამ სფეროში მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა უოლ სტრიტზე სიხარბეს, ამბიციასა და ვნებას შორის განსხვავების შესახებ საუბარი. ჯორდანი ასევე მართავს კორპორატიულ ტრენინგებს, რომლებიც ორიენტირებულია გაყიდვების ეფექტიანი გუნდების შექმნაზე.
[1] იაფი აქციები, რომლებიც გამოშვებულია მცირე კომპანიის მიერ. ასეთი აქციის ღირებულება $5-ზე ნაკლებია.
[2] Over-the-counter (OTC) ფასიანი ქაღალდები არ გვხვდება აშშ-ის მთავარ ბირჟებზე და მათით ვაჭრობა შეიძლება ბროკერების-დილერების ქსელის მეშვეობით.
[3] პირველადი საჯარო შეთავაზება — როდესაც კერძო კომპანია პირველად ყიდის აქციებს საჯაროდ.
[4] მანიპულაციური სქემა, რომლის მიზანიც არის ფასიანი ქაღალდების ფასის გაზრდა ყალბი რეკომენდაციების საშუალებით.
[5] ეს არის ოპერაცია ან ადგილი, როგორც წესი, ე. წ. ქოლ ცენტრი, საიდანაც მაღალი ზეწოლის განხორციელების უნარის მქონე გამყიდველები უკავშირდებიან პოტენციურ ინვესტორებს სპეკულაციური, ზოგჯერ თაღლითური ფასიანი ქაღალდების გასაყიდად.