თუ საკმაოდ დიდი ხნით გადადეთ ინვესტირება, რადგან არ იყავით დარწმუნებული, საიდან დაგეწყოთ, გახსოვდეთ, მარტონი არ ხართ. სინამდვილეში, ადამიანთა უმეტესობას ეშინია ინვესტირების. ბევრი ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ ერთ დღესაც ფინანსურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უნდა მიაღწიოს, მაგრამ ზუსტად არ იცის ამ მდგომარეობამდე როგორ მივიდეს.
თუკი ოდესღაც ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტები და სასურველი რესურსები მხოლოდ უოლ სტრიტის ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი, ხელოვნური ინტელექტი (AI) და დიდი მონაცემთა ბაზები, ამ ინდუსტრიას საცალო ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომად აქცევს. არ აქვს მნიშვნელობა საინვესტიციო მოგზაურობის რა ეტაპზე იმყოფებით, მაშინაც კი, თუ სრულიად ახალბედა ხართ, თქვენი ფინანსური მომავლისთვის შეგიძლიათ ფული დაზოგოთ. უბრალოდ გჭირდებათ ისეთი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც შეგეფერებათ.
ქვემოთ განვიხილავთ ოთხ საინვესტიციო სტრატეგიას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ დამწყები ხართ.
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება
ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორები თავიანთი ინვესტიციებიდან მაქსიმალურ ანაზღაურებას ელიან. ისინი ნამდვილი გარიგებებზე მონადირეები არიან. ასეთი ინვესტორები ეძებენ აქციებს, რომლებიც, მათი აზრით, ბაზარზე რეალურზე ბევრად დაბალ ფასად მიმოიქცევა. როდესაც საბოლოოდ ბაზარი გააცნობიერებს ამ აქციების ნამდვილ ღირებულებას, მათი ფასები გაიზრდება და ინვესტორები კი მოგებას მიიღებენ. უორენ ბაფეტი ცნობილი ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტორია, რომელმაც მრავალჯერ შეძლო აქციების იმაზე ბევრად ძვირად გაყიდვა, ვიდრე შეიძინა.
ამასთან, ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების უარყოფითი მხარე ის არის, რომ წარმოუდგენლად სუბიექტურია – თქვენ წყვეტთ არის თუ არა ბაზარი სწორი ან არასწორი კონკრეტული აქციების ფასების მიმართ, ამ მოსაზრებების ჩამოყალიბებას კი დიდი დრო სჭირდება. იმისთვის, რომ ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიოთ, საფუძვლიანად უნდა გქონდეთ გამოკვლეული როგორც კომპანიები, ასევე დიდი ბაზრები.
ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება
ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირება არის პრაქტიკა ისეთ აქტივებში ინვესტირებისა, რომლებსაც, თქვენი აზრით, ფასის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. აქედან გამომდინარე, მზარდი პოტენციალის აქციებს იპოვით ისეთ განვითარებად ინდუსტრიებში, როგორებიც არის ტექნოლოგიური და სამედიცინო სექტორები. მზარდი პოტენციალის აქციები, ჩვეულებრივ, ორ კატეგორიად იყოფა:
- მოკლევადიანი ინვესტიციები: ამ დროს ინვესტიციის შენარჩუნება ხდება ერთ წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში. ამის მიზეზი არის ინვესტორების ვარაუდი, რომ კომპანია სწრაფად გაიზრდება, რაც აქციების ფასის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
- გრძელვადიანი ინვესტიციები: ამ დროს, ინვესტორები ინარჩუნებენ ინვესტიციას ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან მიიჩნევენ, რომ კომპანია წლების ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში სტაბილურად გაიზრდება.
იმისათვის, რომ ზრდაზე ორიენტირებულმა ინვესტიციამ თქვენ სასარგებლოდ იმუშაოს, უნდა გქონდეთ გააზრებული მიმდინარე სიჯანსაღე იმ აქციებისა, რომელში ინვესტირებასაც აპირებთ. ასევე უნდა გესმოდეთ კომპანიის ისტორიული წარმადობა და მისი ზრდის პოტენციალი შესაბამის ინდუსტრიაში. ზრდაზე ორიენტირებული ინვესტირების უარყოფითი მხარე ის არის, რომ კომპანიების უმეტესობა, რომლებიც აგრესიულად მზარდია, როგორც წესი, დივიდენდებს არ იხდის. ეს არის სარისკო ფსონი, რომელსაც შუალედში უკუგება არ გააჩნია.
იმპულსური ინვესტირება
იმპულსური ინვესტირება გულისხმობს, კომპანიის ფინანსებში მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული შაბლონებისა და შეუსაბამობების ძიებას. იმპულსური ინვესტორები ცდილობენ გამოიყენონ აქციები, რომლებიც ან ზედმეტად დაფასებულია ან დაუფასებელი. ისინი მიიჩნევენ, რომ მზარდი აქციები ზრდას კვლავ განაგრძობენ, ხოლო აქციები, რომლებიც მუდმივად ზარალს განიცდიან, მომავალშიც შეინარჩუნებენ ამ ტენდენციას.
იმპულსური ინვესტორების მიერ განხორციელებული ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციებს თან მაღალი სავაჭრო ხარჯები ახლავს, რადგან ყოველ აქციაზე ვაჭრობისთვის ბროკერი ან საინვესტიციო ფირმა იღებს საკომისიო ანაზღაურებას. თუ თქვენ ხართ დამწყები ინვესტორი, რომელსაც ბევრი დრო და ფული აქვს, შეიძლება, ეს თქვენთვის შესაფერისი სტრატეგია იყოს.
შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტირება
შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტიცია ფოკუსირებულია ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენაზე, რომლებიც შემოსავლის მუდმივ წყაროს უზრუნველყოფს, ისეთ აქციებში ინვესტირების საპირისპიროდ, რომელთა ღირებულებაც, თეორიულად, შეიძლება, გაიზარდოს. ეს სტრატეგია თქვენი საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობას ზრდის. შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტირება შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს:
- დივიდენდის მიღებაზე ორიენტირებული ინვესტირება: ეს მაშინ ხდება, როდესაც კომპანია ინვესტორებს რეგულარულად უხდის მოგების ნაწილს დივიდენდების სახით.
- ობლიგაციებში ინვესტირება: ობლიგაცია არსებითად არის სესხი, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტი ან მთავრობა გარანტირებული პროცენტისა და ძირითადი თანხის დაფარვის სანაცვლოდ გასცემს. გადახდები ობლიგაციებზე თანმიმდევრულად ხორციელდება.
შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტირების მთავარი ნაკლი არის იმის გარანტიის არარსებობა, რომ ის მოგიტანთ თავდაპირველ დაბანდებაზე მეტ ან მინიმუმ მის ტოლ ამონაგებს.
რა თქმა უნდა, საუკეთესო საინვესტიციო სტრატეგიის გაშიფვრა, შეიძლება, რთული იყოს. თქვენ გჭირდებათ რისკისადმი ტოლერანტობის კარგი გაგება, საინვესტიციო მიზნების და ინვესტიციის ვადების გააზრება და სწრაფვა, რომ ბაზრის რყევებს გაუმკლავდეთ.