არსებობს მრავალი საინვესტიციო სტრატეგია, რომელშიც შეგიძლიათ ჩაერთოთ, როგორც ინდივიდუალური ინვესტორი. შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ მზარდი პოტენციალის აქციებში, დივიდენდურ აქციებში ან საინდექსო ფონდებში. ბერკეტების გასამყარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ოფციონი ან უძრავი ქონების იპოთეკა.
მაგრამ არსებობს ერთი საერთო საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ძალიან კარგად მუშაობს: გრძელვადიანი ხედვა. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი იქნება ის 5, 10 ან 20 წლის შემდეგ, ინვესტორების უმეტესობას ფანტასტიკურ შედეგებამდე მიიყვანს. გრძელვადიან პერსპექტივის უპირატესობაზე, ლეგენდარული ინვესტორი – უორენ ბაფეტიც ამახვილებს ყურადღებას:
„თუ არ გსურს აქციის ათი წლის განმავლობაში ფლობა, მისი ათი წუთით ფლობაზეც არ იფიქრო“.
თქვენ გეძლევათ დრო, რომ იყოთ მართალი
იმის პროგნოზირება, თუ რა ნიშნულზე იქნება კონკრეტული აქციის ფასი, რთულია. ორ პროფესიონალ ანალიტიკოსს, შეიძლება, სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდეს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება კონკრეტული კომპანიის აქციის ფასი 1 წლის შემდეგ, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ორივე ცდება.
აქციების ფასზე ხშირად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, რომლებიც კომპანიის მენეჯმენტის კონტროლს არ ექვემდებარება. თუ, მაგალითად, პანდემია იფეთქებს, შეიძლება მთელმა საფონდო ბირჟაც ვარდნა განიცადოს.
თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, გამარჯვებული იწყებენ გამოვლენას. კარგი კომპანიის აქციები, საბოლოოდ კონკურენტებს აჯობებს. ამ კომპანიებში ინვესტიცია სათანადოდ ანაზღაურდება, მაგრამ ამას, შეიძლება, გარკვეული დრო დასჭირდეს.
ისტორიულად, აშშ-ის საფონდო ბირჟას მაღალი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც მოსალოდნელზე ბევრად დაბალი შემოსავალი ფიქსირდებოდა. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ინვესტირება ისეთ ალტერნატიულ აქტივებში, როგორებიც არის ფულის ბაზრის ანგარიშები ან ობლიგაციები. რაც უფრო დიდი ხნით ჩადებთ ინვესტიციას, მით უფრო სავარაუდოა, რომ აშშ-ის აქციები სხვა აქტივთა კლასებს აჯობებს.
იხილეთ ცხრილი S&P 500-ის CAGR (ნაერთი წლიური ზრდის ტემპი) და მისი შედარება ობლიგაციების ანაზღაურებასთან.
საზომი | 5 წელი | 10 წელი | 20 წელი |
უმცირესი CAGR | (13.2%) | (5.9%) | (0.2%) |
უმაღლესი CAGR | 33.4% | 20.0% | 13.6% |
საშუალო CAGR | 7.2% | 6.9% | 6.6% |
იმ პერიოდების პროცენტული მაჩვენებელი, როდესაც S&P 500 ობლიგაციებზე უკეთეს შედეგებს აფიქსირებდა | 72.5% | 85.6% | 98.1% |
რაც უფრო დიდ ხანს დარჩებით ინვესტიციებში, მით უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ პოზიტიურ რეალურ მოგებას გამოიმუშავებთ და ობლიგაციებს აჯობებთ. გრძელვადიანი ჰორიზონტი გაძლევთ მეტ დროს იმისთვის, რომ მართალი აღმოჩნდეთ, თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში ცდებოდეთ.
გააკეთეთ უფრო დიდი ფსონები
გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის გამოყენება ასევე საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ უფრო დიდი ფსონები კომპანიებზე, რომელთა გრძელვადიან ხედვასაც იზიარებთ. კომპანიამ, შეიძლება, დიდი ინვესტიცია ჩადოს კვლევაში, განვითარებასა და ბიზნესის მასშტაბირებაში, რამაც, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში ზარალიც კი გამოიწვიოს მანამ, სანამ ჩადებული ინვესტიცია შედეგს მოიტანს.
Amazon არის ერთ-ერთი უმთავრესი მაგალითი, რომელიც გრძელვადიან ფსონებს აკეთებს, რაც მოკლევადიან პერიოდში მის საოპერაციო შემოსავალზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა კომპანიის მიერ გაკეთებულ ფსონებს უაღრესად კარგი შედეგები მოჰყვა. Amazon-მა ონლაინ საცალო ვაჭრობაში დომინანტური პოზიცია დაიკავა, ამავდროულად ბაზარზე წამყვანი ქლაუდ გამოთვლების სისტემა და აშშ-ში სიდიდით მესამე ციფრული სარეკლამო ბიზნესი შექმნა.
შეამცირეთ თქვენი საგადასახადო ტვირთი
გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნება ასევე საშუალებას გაძლევთ თქვენი საგადასახადო ტვირთი დაბალ დონეზე შეინარჩუნოთ. თუ გადაწყვეტთ კონკრეტული აქციების გაყიდვას, რადგან ისინი აღარ შეესაბამება თქვენს შეხედულებებს, დაგჭირდებათ აქტივების გადაბალანსება ან ლიკვიდაცია – ამით შეძლებთ გრძელვადიანი კაპიტალური მოგების მიღებას. გრძელვადიანი კაპიტალური მოგებას ხელსაყრელი საგადასახადო განაკვეთი ახასიათებს, როგორც წესი – 15%, მოკლევადიანი მოგება კი იბეგრება, როგორც ჩვეულებრივი შემოსავალი.
გარდა ამისა, შეძლებთ გადასახადების უფრო ეფექტურად დაგეგმვას. არსებობს უამრავი საგადასახადო სტრატეგია, რომლითაც შეგიძლიათ გრძელვადიანი პერსპექტივის შენარჩუნებისას ისარგებლოთ.
საგადასახადო ტვირთის დაბალ დონეზე შენარჩუნება, თქვენი ინვესტიციისთვის მეტ კაპიტალს უზრუნველყოფს. რაც უფრო მეტი კაპიტალის შენახვას შეძლებთ, მით უფრო გაიზრდება თქვენი პორტფელი დროთა განმავლობაში, რადგან თქვენ ყოველწლიურად არა მხოლოდ ზოგავთ ფულს გადასახადებზე, არამედ ეს ფული თქვენს სხვა ინვესტიციებს უერთდება.
თუ გრძელვადიან პერსპექტივას შეინარჩუნებთ, მეტი მოთმინება გექნებათ იმ ინვესტიციების მიმართ, რომელიც, თქვენი აზრით, მომგებიანი იქნება. საბოლოო ჯამში, ეს არის საუკეთესო გზა თქვენი ფულის ჯადოსნური ზრდისთვის.