ჯონ ბ. ნეფი ამერიკელი ინვესტორი, ურთიერთდახმარების ფონდის მენეჯერი და ქველმოქმედი იყო. მან სახელი გაითქვა ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების სტილითა და Vanguard’s Windsor Fund-ის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ მისი მეთაურობით, Windsor Fund გახდა ყველაზე დიდი ურთიერთდახმარების ფონდი, რომელმაც არსებობის მანძილზე უდიდესი შემოსავალი გამოიმუშავა. თუმცა, 1980-იან წლებში ის ახალი ინვესტორებისთვის დახურული იყო.
ნეფმა Vanguard-ში თანამდებობა 1995 წელს დატოვა. Windsor Fund-ში სამი ათწლეულის მანძილზე მუშაობისას ფონდის ყოველწლიური ანაზღაურება 13.7%-მდე გაიზარდა.
ხალხი ჯონ ნეფს „ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტორს“ უწოდებს, თუმცა იგი საკუთარ თავს „დაბალი P/E-ს ინვესტორად“ მოიხსენიებდა.
დღეს ამ წარმატებული ინვესტორის საინვესტიციო რჩევებს შემოგთავაზებთ.
- იყავით დისციპლინირებული
ერთხელ ჯონ ნეფმა თქვა, რომ თვითდისციპლინა და ცნობისმოყვარე გონება წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დისციპლინის ნაკლებობამ შეიძლება საფონდო ბირჟაზე წარუმატებლობა გამოიწვიოს. ბირჟაზე დისციპლინა გულისხმობს სურვილს და სწრაფვას, დარჩეთ კონცენტრირებული საკუთარი საინვესტიციო სტრატეგიის დაცვაზე.
- გარისკეთ
ჯონ ნეფი ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია გონებაგახსნილობა და რისკზე წასვლა მაშინ, როდესაც ეს საჭიროა. ხელსაყრელი შესაძლებლობების არსებობის დროს გარისკვის თავიდან არიდებამ შეიძლება ზარალიც გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქ საუბარია რისკზე, რომელიც ემოციურ და ირაციონალურ გადაწყვეტილებებს არ ეყრდნობა. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებელია, ჩაატაროთ საკუთარი კვლევა, გამოთვალოთ რისკის დონე და შემდეგ ის თქვენი რისკისადმი ტოლერანტობას შეადაროთ.
- მოძებნეთ ღირებულება
ჯონ ნეფი ხედავდა ღირებულებას გაუფასურებულ ან არასასურველ აქციებში მაშინ, როდესაც სხვები ამას ვერ ამჩნევდნენ. შემდეგ ამ ღირებულებას ბაზარიც აღმოაჩენდა და აქციების ფასებიც იზრდებოდა. ჯონს მტკიცედ სჯეროდა დაბალი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტის საფუძველზე ინვესტირების. Windsor Fund-ის წარმატებას იგი სწორედ ამ საინვესტიციო სტილს მიაწერდა. ამ მეთოდით ჯონმა 31 წლიანი მუშაობის მანძილზე ბაზრის 22-ჯერ დამარცხება შეძლო. წარმატებულმა ინვესტორმა ამ სტრატეგიას ყველაზე საიმედო საინვესტიციო მეთოდი უწოდა.
დაბალი P/E კოეფიციენტის მქონე აქციები, როგორც წესი, ნაკლებ ყურადღებას იპყრობს და ხალხი მათგან ნაკლებს მოელის. თუმცა ამ სტრატეგიით სწორად ინვესტირების შემთხვევაში მნიშვნელოვანი სარგებლის მიღება შეიძლება. უმეტესობას, როგორც წესი, ტენდენციური სიახლეები აინტერესებს და დაბალი P/E კოეფიციენტის მქონე აქციებში ინვესტირებაზე უარს ამბობს. თუმცა ჯონი ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას ასეთ არასასურველ აქციებზე.
- შეისწავლეთ ინდუსტრია
ჯონ ნეფი ამბობდა, რომ ბრძენი ინვესტორი ყოველთვის სწავლობს ინდუსტრიას, მის პროდუქტებსა და ეკონომიკურ სტრუქტურას. საზრიანი ინვესტორები აქტიურები არიან და ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობებს, რაც მათ მაღალი შემოსავლის გამომუშავებაში ეხმარება. მასების მიყოლის ნაცვლად სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოთ, რათა სწორი ინვესტიციების შერჩევა შეძლოთ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.