დამწყებებისთვის ინვესტირება შეიძლება ძალიან რთული იყოს. ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ ინფორმაციაზე წვდომა გაამარტივა, მაგრამ სასარგებლო ინფორმაციის საზიანოსგან გამიჯვნა ძნელია.
საიდან იწყებთ საინვესტიციო პორტფელის შექმნას? S&P 500 არის ამერიკის 500 ყველაზე ცნობილი კომპანიის კოლექცია. უმეტესობა მას ფართო საფონდო ბირჟის „ეტალონად“ თვლის და მისი შემოსავალი 1957 წელს დაარსების დღიდან ყოველწლიურად საშუალოდ 10.5%-ს შეადგენს.
S&P 500-ის საშუალებით სიმდიდრის დაგროვება უფრო მარტივია. ამ სტატიაში მოცემულია ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და რას უნდა ელოდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში.
საინდექსო ფონდების საშუალებით საფუძველი შექმენით
თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის უმჯობესი იქნება ძლიერი საძირკვლის შექმნა, რომელსაც შეგიძლიათ მოგვიანებით სხვა პოზიციები დაამატოთ. თუ ააშენებთ საძირკველს, რომელიც იშლება, მასთან ერთად სახლიც დაინგრევა. ეს ინვესტირების მსგავსია. გჭირდებათ ხარისხიანი მფლობელობა, რომელსაც დროთა განმავლობაში თქვენთვის სტაბილური სიმდიდრის შექმნა შეუძლია.
საინდექსო ფონდები ის შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. საინდექსო ფონდი არის აქციების კოლექცია, რომელიც ბაზარზე ერთი აბრევიატურული სიმბოლოს ქვეშ მიმოიქცევა. ის ინდექსის მუშაობასა და ქცევას ასახავს.
საინდექსო ფონდები არის ინვესტირების პასიური ფორმა, რომელიც დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვის საშუალებას გაძლევთ. ეს მეთოდი ბევრად ნაკლებად სტრესულია, ვიდრე ინდივიდუალური აქციების შერჩევა.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ საინდექსო ფონდები მხოლოდ დამწყებებისთვის არის და ისინი წარმადობით ჰეჯ-ფონდებს ჩამორჩება. ცნობილმა ინვესტორმა – უორენ ბაფეტმა ერთხელ წარმატებით დადო ფსონი, რომ ჰეჯ-ფონდის მენეჯერი ათი წლის განმავლობაში საბაზისო S&P 500 ინდექს ფონდის წარმადობას ვერ აჯობებდა.
შესანიშნავი საინდექსო ფონდი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
ერთ-ერთი შესანიშნავი საინდექსო ფონდია Vanguard S&P 500 ETF, რომელიც ამერიკის 500 საუკეთესო კომპანიას აერთიანებს. ეს ფონდი ინვესტირების პროცესს ძალიან ამარტივებს. შეგიძლიათ მეთოდურად იყიდოთ აქციები საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში და ამერიკის საუკეთესო კომპანიებს თქვენთვის სიმდიდრის დაგროვების საშუალება მისცეთ. ეს თითქმის „ავტოპილოტით“ ინვესტირებას ჰგავს.
ამ ფონდების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ მათ, სანაცვლოდ კი ისინი კომპენსაციის სახით თქვენ მიერ ინვესტირებული თანხის მცირე პროცენტს იღებენ, რომელსაც დანახარჯების კოეფიციენტი ეწოდება. ამ კოეფიციენტზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ, რადგან მაღალი თანაფარდობა დროთა განმავლობაში დაგროვდება და თქვენი მთლიანი ინვესტიციის ანაზღაურებას შეამცირებს.
Vanguard S&P 500-ს ძალიან დაბალი დანახარჯების კოეფიციენტი აქვს – მხოლოდ 0.03%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, $10,000-ის მოცულობის ინვესტიციისთვის თქვენ მხოლოდ $3-ს გადაიხდით.
რამდენის გამომუშავება შეგიძლიათ?
თქვენი საინვესტიციო ანაზღაურება დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული, კონკრეტულად იმაზე, თუ რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებთ და რამდენ დროს მისცემთ მას გასაზრდელად. თუმცა, აი, რას შეიძლება ელოდოთ: S&P 500 ყოველწლიურად საშუალოდ 10.5%-ს აბრუნებს და ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ხედავთ, თუ რამდენად კარგად იმეორებდა Vanguard S&P 500 ამ ინდექსის წარმადობას.
10.5%-ის ტოლი წლიური ანაზღაურება ნიშნავს, რომ თქვენი ფული ყოველ 7 წელიწადში გაორმაგდება. დავუშვათ, რომ დღეს $10,000-ის მოცულობის ინვესტიცია ჩადეთ. თუ 10.5%-იანი ანაზღაურება შენარჩუნდება, 7 წელიწადში – $20,000, 14 წელიწადში – $40,000, ხოლო 21 წელიწადში $80,000 გექნებათ.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინვესტირებას, მით უფრო მეტი დრო ექნება თქვენს ინვესტიციებს გასაზრდელად. ძალიან ბევრი ინვესტორი არაფრიდან იწყებს და პირველი დღიდან სარისკო აქციებით სარგებლის მიღებას ცდილობს. ამის ნაცვლად, თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის ძლიერი საფუძვლის შექმნაზე ორიენტირდით.