საფონდო ბირჟაზე ინვესტირება შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში სიმდიდრის დასაგროვებლად შესანიშნავი საშუალება იყოს. თუმცა, დამწყებთათვის, ხშირად აქციების სამყარო საშიში და რთული ჩანს. კარგი ამბავი ის არის, რომ დღევანდელ რეალობაში, სწორი ცოდნითა და მიდგომით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქციებში ინვესტირება. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ნაბიჯებს, რომლებიც საინვესტიციო მოგზაურობის საწყის ეტაპზე უნდა გადადგათ.
გაეცანით ფინანსური განათლების საფუძვლებს
სანამ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას დაიწყებთ, გარკვეული განათლების მიღება გადამწყვეტი ფაქტორია. გაეცანით ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორიცაა რისკი და ანაზღაურება, დივერსიფიკაცია, საინვესტიციო სტრატეგიები და ა. შ. არსებობს უამრავი რესურსი, მათ შორის წიგნები, სტატიები და ონლაინ კურსები, რომლებიც ძლიერი საფუძვლის შექმნაში დაგეხმარებათ.
განსაზღვრეთ საკუთარი ფინანსური მიზნები
ფინანსური მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა არის საკვანძო ნაბიჯი, რომელიც საინვესტიციო მოგზაურობისას ნავიგაციაში დაგეხმარებათ. კარგად დაფიქრდით და განსაზღვრეთ, რის მისაღწევად გსურთ ინვესტირება, მაგალითად, პენსიაზე გასასვლელად, სახლის საყიდლად თუ თქვენი შვილის განათლების დასაფინანსებლად. კონკრეტული მიზნის დასახვა საშუალებას მოგცემთ, მასთან შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგია შეარჩიოთ.
შექმენით სარეზერვო ფონდი
სანამ უშუალოდ აქციების შეძენაზე გადახვალთ, აუცილებელია, შექმნათ სარეზერვო ფონდი. მასში არსებული თანხა რამდენიმე თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად უნდა იყოს საკმარისი. ის მოქმედებს როგორც უსაფრთხოების ბადე, რომელიც გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში (მაგალითად, სამსახურის დაკარგვა) თქვენი ინვესტიციების გაყიდვას თავიდან აგაცილებთ.
შეაფასეთ რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონე
საინვესტიციო გეგმის შესადგენად ამის გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თქვენი ასაკი, შემოსავალი, ფინანსური ვალდებულებები და პირადი პრეფერენციები. რისკისადმი საკუთარი ტოლერანტობის დონის იდენტიფიცირებით შეძლებთ თქვენს საინვესტიციო პორტფელში გაერთიანებული აქტივების სწორი პროპორცია განსაზღვროთ.
შეარჩიეთ საინვესტიციო სტრატეგია
ისეთი საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევა, რომელიც თქვენს მიზნებსა და რისკისადმი ტოლერანტობას შეესაბამება, გადამწყვეტია. საინვესტიციო სტრატეგია შეიძლება ორიენტირებული იყოს ზრდაზე, ღირებულებაზე, დივიდენდებზე და ა. შ. თითოეული სტრატეგია გარკვეულ პრინციპებსა და მოსაზრებებს ეყრდნობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ის, რომელიც თქვენს პირად პრეფერენციებსა და მიზნებს შეესაბამება.
შეარჩიეთ საბროკერო ანგარიში
აქციებში ინვესტირებისთვის ანგარიში ცნობილ საბროკერო ფირმაში უნდა გახსნათ. შეისწავლეთ და ერთმანეთს შეადარეთ სხვადასხვა ვარიანტები ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა საკომისიო გადასახადები, სავაჭრო პლატფორმები, კვლევის ინსტრუმენტები, მომხმარებელთა მხარდაჭერა და საგანმანათლებლო რესურსები. შეარჩიეთ ისეთი საბროკერო ანგარიში, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება და მომხმარებლებს კომფორტულ გამოცდილებას სთავაზობს.
დაიწყეთ საინდექსო ფონდებით ან ETF-ებით
დამწყებთათვის გონივრული მიდგომაა საინდექსო ფონდებით ან ETF-ებით (საბირჟო ვაჭრობის ფონდი) დაწყება. ეს საინვესტიციო პროდუქტები გვთავაზობს მყისიერ დივერსიფიკაციას. ისინი უზრუნველყოფს წვდომას მრავალ აქციაზე და ცალკეულ კომპანიებში ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს.
მიმართეთ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციას
დივერსიფიკაცია რისკის მართვის ძირითადი სტრატეგიაა. თქვენი ფული სხვადასხვა სექტორზე, ინდუსტრიასა და აქტივთა კლასებზე გადაანაწილეთ. დივერსიფიკაციით მინიმუმამდე ამცირებთ ნებისმიერი ინდივიდუალური კომპანიის აქციების არასახარბიელო წარმადობის გავლენას თქვენს მთლიან პორტფელზე. დაბალანსებული საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად სხვადასხვა საინვესტიციო პროდუქტებში ინვესტირება განიხილეთ.
იქონიეთ მოთმინება და დისციპლინა
წარმატებული ინვესტირება მოთმინებასა და დისციპლინას მოითხოვს. ბაზრის მოკლევადიანი რყევების საფუძველზე იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ. მიჰყევით თქვენს საინვესტიციო გეგმა და ემოციურ რეაქციებს ნუ გამოავლენთ. გახსოვდეთ, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირებას გულისხმობს.
აკონტროლეთ და ხელახლა დააბალანსეთ პორტფელი
რეგულარულად გადახედეთ თქვენი პორტფელის წარმადობას და საჭიროების შემთხვევაში მასში კორექტირებაც შეიტანეთ. ინვესტიციები პერიოდულად განაახლეთ, რათა აქტივთა სასურველი განაწილება შეინარჩუნოთ. დროთა განმავლობაში, თქვენს საინვესტიციო პორტფელში ზოგიერთი ინვესტიციის წილი შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს, რაც პორტფელის შემადგენლობის ცვლილებას გამოიწვევს. ხელახალი დაბალანსებით დარწმუნდებით, რომ თქვენი ინვესტიციები თქვენს სამიზნე განაწილებას შეესაბამება.