ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა მარტივი გადაწყვეტილებებით. ხშირად პრიმიტიულ საკითხებს ზედმეტად დიდ დროს ვუთმობთ, რაც თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ განწყობას ლოგიკური ახსნები აქვს და მისი მარტივად მოგვარებაც შეიძლება თუ გავიაზრებთ, რატომ განვიცდით სტრესს.
ერთ-ერთი პირველი მიზეზი ასე ჟღერს: ზოგჯერ იმდენად ბევრი ვარიანტი გვაქვს, რომ მათი ერთმანეთთან შედარება გვიჭირს. მართალია, დიდი ხანია, ეკონომიკის მეცნიერები მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ მეტი არჩევანის არსებობა უკეთესია, თუმცა 2000 წელს ამერიკელი ფსიქოლოგები ამ იდეას დაუპირისპირდნენ — კვლევის ფარგლებში, როდესაც ჯემის დაგემოვნების დღე მოაწყვეს, გაცილებით მეტმა ადამიანმა იყიდა ჯემი, როდესაც ნაკლები არჩევანი ჰქონდათ.
აქედან გამომდინარე, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ არჩევანის სიმრავლეს შფოთვის გამოწვევა შეუძლია. ადამიანებს ხშირად აკლიათ ან თვლიან, რომ მათ არ აქვთ გამოცდილება, რათა სწორად შეაფასონ თავიანთი ვარიანტები. მაგალითად, როდესაც საქმე გვაქვს ფინანსურ გადაწყვეტილებასთან.
ასევე, ზოგიერთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ მარტივს ვუწოდებთ, შესაძლოა, რეალურად ემოციურად დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს — მაგალითად, იმის გადაწყვეტა, თუ რა ჩაიცვათ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მხოლოდ მოდას არ უკავშირდება. თანაც, ხშირად ცალკეული ფაქტორებიც საკმარისია სტრესის დონის ასამაღლებლად და როდესაც ბევრი ასპექტი ერთად იყრის თავს, შფოთვა ძლიერდება.
პიროვნების საკითხი
კვლევის ფარგლებში კიდევ ერთი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც ადამიანების გადაწყვეტილების სტრატეგიასა და კეთილდღეობას შორის კავშირზეა ფოკუსირებული. მკვლევრებმა გადაწყვეტილების მიღების ორი ძირითადი სტრატეგია გამოავლინეს: მაქსიმიზაცია და დაკმაყოფილება.
მაქსიმიზაცია არის ტენდენცია, როდესაც ადამიანი საუკეთესო ვარიანტის პოვნას ცდილობს. ხოლო დაკმაყოფილების მთავარ არსზე სახელწოდებაც მიგვანიშნებს — ეს არის სტრატეგია, რომელიც მისაღები ვარიანტის პოვნას გულისხმობს.
ცხადია, ორივე მათგანი პიროვნების ინდივიდუალურ თვისებებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი ჩვენგანი მაქსიმიზაციისკენაა მიდრეკილი და პერფექციონისტული იდეალების მიღება სურს. სხვებისთვის კი უბრალოდ კმაყოფილებაც საკმარისია. ალბათ, პირველი მათგანი უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ, მაგრამ ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბერი შვარცმა აღმოაჩინა, რომ ე. წ. მაქსიმიზატორები გაცილებით ხშირად განიცდიან სინანულს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ისინი გამუდმებით ფიქრობენ, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესი შედეგის მისაღებად.
ჩვევა ჩამოიყალიბეთ
შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება მართლაც გონებრივად დამღლელი იყოს. ასე რომ, ზოგჯერ ყოველდღიური არჩევანის გაკეთება რთულია. ამისგან თავის დასაღწევად, XIX-XX საუკუნეების ერთ-ერთმა უდიდესმა მოაზროვნემ, უილიამ ჯეიმსმა საზოგადოებას რამდენიმე რჩევა გაუზიარა.
უილიამ ჯეიმსის შეხედულებებმა მრავალი თანამედროვე მკვლევარი შთააგონა. ერთ-ერთი იდეა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ფსიქოლოგ დანიელ კაჰნემანის წიგნში Thinking, Fast and Slow, არის მოსაზრება, რომ ჩვენ ინფორმაციის დამუშავების ორ განსხვავებულ მექანიზმს ვიყენებთ: სისტემა I და სისტემა II. პირველი გულისხმობს არაცნობიერ, სწრაფ და ინტუიციურ აზროვნებას, რომელიც მცირე ძალისხმევას მოითხოვს. ხოლო მეორე მიზანმიმართული აზროვნების მექანიზმია.
ამის გათვალისწინებით, ყოველდღიური მარტივი დავალებები შეგვიძლია, ჩვევად ვაქციოთ და არაცნობიერს მივანდოთ. ეს აქტივობებზე ზედმეტ ფიქრს აგვარიდებს თავიდან. ამერიკელმა მწერალმა მერლინ მანმა თქვა: „აზროვნება შეიძლება მოქმედების მტერი იყოს“ — მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ აზრის ბოლომდე მიღება, სიმართლის მარცვალი აქაც არის. ზოგჯერ ჩვენმა არაცნობიერმა უკეთ იცის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ და მუდმივად დაძაბულად ყოფნა ამ სიგნალებს ბლოკავს.
ამავდროულად, დაგეხმარებათ ვარიანტების რაოდენობის შემცირებაც. Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი ცნობილი იყო იმით, რომ თითქმის ყოველდღე მსგავსი ტანსაცმელი ეცვა, ნაწილობრივ უმარტივესი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად.