ნიუ-იორკის (NYSE) და Nasdaq-ის საფონდო ბირჟები არ გახსნილა სამშაბათ დილით, 2001 წლის 11 სექტემბერს, რადგან აშშ-ში ტერორისტები თავს დაესხნენ მსოფლიო სავაჭრო ცენტრს და პენტაგონს. American Airlines-ის „რეისი 11“ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ნაგებობას დილის 8:46 საათზე დაეჯახა, ხოლო United Airlines-ის „რეისი 175“-ის შეჯახება სამხრეთით განთავსებულ შენობასთან დილის 9:03 საათზე დაფიქსირდა. ეს შენობები უოლ სტრიტიდან სულ რამდენიმე ბლოკში მდებარეობდა.
მოგვიანებით, იმავე დილით, სამგზავრო თვითმფრინავი დაეჯახა პენტაგონს და მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, რომელიც ვაშინგტონისკენ მიემართებოდა, მგზავრებმა შენკსვილში, პენსილვანიაში ჩამოაგდეს.
თავდასხმებმა ძლიერ დააზიანა ან გაანადგურა ამერიკული ფინანსური და სამხედრო ძალაუფლების ორი ყველაზე ცნობილი სიმბოლო — ამ უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია თითქმის 3000 ადამიანის გარდაცვალება, ასევე რყევები საფონდო ბირჟასა და ეკონომიკაში.
ბაზრის რეაქცია
საბაზრო ქაოსის, პანიკური გაყიდვებისა და ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ღირებულების კატასტროფული დაკარგვის მოლოდინში, NYSE და Nasdaq დახურული დარჩნენ 17 სექტემბრამდე, რაც ყველაზე ხანგრძლივი შეყოვნება იყო დიდი დეპრესიის შემდეგ. უფრო მეტიც, ბევრ სავაჭრო, საბროკერო და სხვა ფინანსურ ფირმას ჰქონდა ოფისები მსოფლიო სავაჭრო ცენტრში და ვერ შეძლო ფუნქციონირების დაუყოვნებლივ აღდგენა თანამშრომლების გარდაცვალების და ორივე ნაგებობის ჩამონგრევის შემდეგ.
11 სექტემბრის შემდეგ NYSE-ს პირველ სავაჭრო დღეს Dow Jones Industrial Average (DJIA) ინდექსი დაეცა 684 პუნქტით, ანუ 7.1%-ით, რაც იმ დროისთვის საფონდო ბირჟის ისტორიაში რეკორდულად დიდი ერთდღიანი ვარდნა იყო. (მას შემდეგ ეს რეკორდი კორონავირუსის პანდემიის დროს მოიხსნა). 11 სექტემბრის შემდეგ პირველი სავაჭრო კვირის განმავლობაში კი დაფიქსირდა ყველაზე დიდი დანაკარგი NYSE-ს ისტორიაში. DJIA 14%-ზე მეტით შემცირდა, S&P 500 ინდექსი — 11.6%-ით, ხოლო Nasdaq Composite — 16%-ით. ამ პერიოდში საფონდო ბირჟამ დაახლოებით $1.4 ტრილიონის მოცულობის ზარალი განიცადა.
ბირჟებზე სავაჭრო აქტივობის განახლებისას აქციების მასშტაბური გაყიდვები ძირითადად ავიაკომპანიებსა და სადაზღვევო სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ American Airlines და United Airlines, კომპანიები, რომელთა თვითმფრინავებიც იქნა გატაცებული 11 სექტემბრის ტერაქტების მოსაწყობად. მყისიერი გავლენა მნიშვნელოვანი იყო. ოქროს ფასი თითქმის 6%-ით გაიზარდა უნციაზე $287-მდე, რაც ასახავდა ინვესტორების გონებაში არსებულ გაურკვევლობას და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას.
ასევე გაიზარდა ბუნებრივი აირისა და ნავთობის ფასები, რადგან გაჩნდა შიში, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის იმპორტი შემცირდებოდა. ერთი კვირის განმავლობაში, ეს ფასები თავდასხმამდე არსებულ დონეებს დაუბრუნდა, ვინაიდან ახალი ტერაქტები არ განხორციელებულა და შეერთებულ შტატებში ნედლი ნავთობის მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდა.
დარტყმა ავიაკომპანიებზე და სადაზღვევო სექტორზე
ტერორისტული თავდასხმის გამო ავიაკომპანიების აქციებმა ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. American Airlines-ის (AAL) აქციების ფასი 11 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით 39%-ით დაეცა, ხოლო United Airlines-ის (UAL) აქციებმა 42%-იანი ვარდნა განიცადა.
სადაზღვევო კომპანიებს საბოლოოდ მოუწიათ $40 მილიარდის მოცულობის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდ დამარცხებულებს შორის იყო უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway. სადაზღვევო კომპანიების უმეტესობამ შემდგომში შეწყვიტა პაკეტებში ტერორისტული აქტით გამოწვეული ზარალის გათვალისწინება. მზღვეველთა უმრავლესობა გადაურჩა ფინანსურ პრობლემებს, რადგან მათ გააჩნდათ ადეკვატური ფულადი რეზერვები ტერაქტით გამოწვეული ვალდებულებების დასაფარად.
ინვესტირება თავდაცვის სექტორში
აღსანიშნავია, რომ ტერაქტის შემდეგ ზოგმა სექტორმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. ზოგიერთი ტექნოლოგიური კომპანიის, ასევე თავდაცვისა და შეიარაღების კონტრაქტორების აქციების ფასებმა აღმასვლა განიცადა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ინვესტორების აზრით, აშშ-ის მთავრობა ემზადებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის. აქციების ფასები ასევე გაიზარდა კომუნიკაციებისა და ფარმაცევტული ფირმებისთვის.
დაუცველობა ფიზიკური განადგურების მიმართ
11 სექტემბრის თავდასხმამ საფონდო ბირჟის თითქმის ერთი კვირით დახურვა გამოიწვია და გამოავლინა მისი დაუცველობა ფიზიკური განადგურების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ NYSE-ს შენობა არ დაზიანებულა, ორი სავაჭრო ცათამბჯენის განადგურების გამო ბევრი საკომუნიკაციო კავშირი გაწყდა.
ამის საპასუხოდ, NYSE-მ და სხვა ბირჟებმა გადადგეს დრამატული ნაბიჯები ფიზიკური შეფერხებისგან დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის ძირითადად ელექტრონულ ვაჭრობაზე გადასვლის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებამ აშშ-ის ბაზრები ფიზიკური თავდასხმებისგან უფრო დაცული გახადა, თუმცა მასშტაბური კიბერშეტევების მიმართ დაუცველობა ბევრად უფრო გაიზარდა.
გავლენა საჰაერო მოგზაურობაზე
2001 წლის 11 სექტემბრამდე, აგვისტოში, აშშ-ში საჰაერო მოგზაურობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია 65.4 მილიონი მგზავრით. 9/11-ის შემდეგ საჰაერო მგზავრობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. მგზავრების რაოდენობას 11 სექტემბრამდე არსებული ნიშნულისთვის 2005 წლის ივლისამდე არ გადაუჭარბებია. მრავალი ავიაკომპანიის გაკოტრებამ და გაუჩინარებამ, ბევრი საჰაერო მარშრუტისა და მიმართულების გაუქმებამ, ასევე უსაფრთხოების უფრო მკაცრმა ზომებმა ხელი შეუწყო ინდუსტრიაში პრობლემების წარმოქმნას.
9/11-მდეც კი, აშშ-ის ავიახაზების ინდუსტრიას წინაღობებთან გამკლავება უწევდა რეცესიის გამო. ფედერალურმა მთავრობამ ავიაკომპანიებს $15 მილიარდის მოცულობის დახმარების პაკეტი შესთავაზა, მაგრამ რამდენიმე მათგანი მაინც გაკოტრდა.
მცირე ბიზნესი და მომხმარებელთა ნდობა
მცირე ბიზნესის სექტორმა დიდი ზარალი განიცადა — განსაკუთრებით საწარმოებმა, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარეობდა. თითქმის 18,000 მცირე ბიზნესი დაიხურა ან განადგურდა. მთავრობამ, მცირე ბიზნესის ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის ჯგუფების მეშვეობით, გასცა სესხები და ფულადი გრანტები კვალიფიციურ ბიზნესებზე მანჰეტენში, ვირჯინიაში, პენტაგონის მახლობლად და ფირმებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც ტერაქტის გამო ფინანსურად დაზარალდნენ.
Consumer Confidence Index და მიჩიგანის უნივერსიტეტის Index of Consumer Sentiment დაეცა იმ დონემდე, რომელიც, შესაბამისად, 1996 და 1993 წლებამდე არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ინდექსი ეფუძნება გამოკითხვებს, რომლებიც ზომავს მომხმარებელთა განწყობას და მათ მიდრეკილებას, შეიძინონ სხვადასხვა დიდი, თუ მცირე საქონელი და მომსახურება.
აშშ-ის ეკონომიკა ცნობილია თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით. DJIA, Nasdaq Composite და S&P 500 ინდექსებს ერთ კვირაზე მეტი დრო არ დასჭირვებია 9/11-მდე არსებულ დონეებზე დასაბრუნებლად. აშშ-ის ეკონომიკის ზომა, მასშტაბები და სიმტკიცე იმდენად დიდი იყო, რომ, ყველა გამოთვლის დასრულების შემდეგ, ზიანი შედარებით მცირე აღმოჩნდა. ყველაზე მძიმე ეფექტები იგრძნობოდა გეოგრაფიულად შეზღუდულ არეალში — მანჰეტენზე, ვაშინგტონსა და ვირჯინიაში.
9/11-ის ტერაქტის მომდევნო წლებში აშშ-ის ეკონომიკას სხვადასხვა სერიოზული ეკონომიკური პრობლემა შეექმნა. თუმცა 11 სექტემბრის ტრაგიკულმა თავდასხმებმა, რომელთა მიზანიც, ტერორისტების ლიდერის — ოსამა ბინ ლადენის თქმით, ამერიკის ეკონომიკის განადგურება იყო, შედეგი ვერ გამოიღო.