საფონდო ბირჟა მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცვალებადია და ბევრი ინვესტორი ამ გარემოებით აღელვებულია. ასევე არსებობს შანსი, რომ რეცესიაც ვიხილოთ, რამაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ინვესტირება კიდევ უფრო გაართულოს.
გასაგებად რომ ვთქვათ, აშშ ოფიციალურად რეცესიაში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში დაღმავალია, ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ბიუროს – ორგანიზაციას, რომელიც რეცესიის გამოცხადებაზე არის პასუხისმგებელი, ჯერ არ განუცხადებია, რომ რეცესია დადგა.
თუ თქვენს ინვესტიციებზე პოტენციური რეცესიის ზემოქმედება გაწუხებთ, მარტო არ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა მოხდება მომავალში, არსებობს ერთი სარისკო ნაბიჯი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია.
თქვენი ინვესტიციების გაყიდვის რისკი
როდესაც საფონდო ბირჟა მღელვარეა, თქვენი ინვესტიციების დასაცავად რაიმეს გაკეთების სურვილი ნორმალურია. ასეთ დროს შეიძლება მაცდური იყოს თქვენი ფულის ბაზრიდან გატანის სურვილი იმ მიზნით, რომ არასტაბილურობის ზეგავლენა თავიდან აიცილოთ.
თუმცა, ვინაიდან საფონდო ბირჟა არაპროგნოზირებადია, ეს სტრატეგია შეიძლება სარისკო და ხშირ შემთხვევაში ძვირი იყოს.
მაგალითად, თუ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ აქციების ფასები უახლოეს მომავალში დაეცემა, ამიტომ ინვესტიციებს ყიდით და ფული ბაზრიდან გამოგაქვთ, ყოველთვის არის შანსი, რომ მომავალში ფასები, დაცემის ნაცვლად, გაიზარდოს. ამ შემთხვევაში თქვენ დიდი შემოსავლის მიღების შანსს დაკარგავთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი ნათლად ჩანს რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საფონდო ბირჟაზე ზრდის გამოტოვება:
შემდეგ თუ თქვენი ინვესტიციების გაყიდვას ინანებთ და ბაზარზე რეინვესტირებას გადაწყვეტთ, გაზრდილი ფასების გამო იმავე აქციებისთვის მეტი ფულის გადახდა მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ გამოტოვებთ პოტენციურ მოგებას, არამედ უფრო მაღალი საფასურის გადახდით ფულსაც დაკარგავთ.
უფრო უსაფრთხო გზა თქვენი ფულის დასაცავად
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, არასტაბილურობის პერიოდში თქვენი ფულის დასაცავად ერთ-ერთი საუკეთესო გზა არაფრის გაკეთებაა. უბრალოდ შეინარჩუნეთ თქვენი ინვესტიციები (იმ შემთხვევაში თუ თქვენს მფლობელობაში ხარისხიანი აქციებია და კომპანიის ბიზნესის საფუძვლებში უარესობისკენ არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც ინვესტიცია განახორციელეთ) და ბაზრის სტაბილიზაციას დაელოდეთ.
ტექნიკურად, თქვენ ფულს არ დაკარგავთ, თუ აქციებს არ გაყიდით. მოკლევადიან პერიოდში, შესაძლოა, თქვენმა საინვესტიციო პორტფელმა ღირებულება დაკარგოს, თუ აქციების ფასები შემცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. საბოლოოდ, ბაზარი აღდგება და თქვენმა პორტფელმა თავისი ღირებულება უნდა დაიბრუნოს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ S&P 500-ის bear ბაზრების ისტორია იხილოთ:
თქვენი საინვესტიციო პორტფელის აღდგენის საუკეთესო შანსების შესანარჩუნებლად, რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არსებობს:
- დარწმუნდით, რომ თქვენი პორტფელი სათანადოდ არის დივერსიფიცირებული: კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 25 აქციას სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ასეთ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ თქვენი ერთი ან ორი აქცია რეცესიის გადალახვას ვერ შეძლებს, ეს თქვენს დანარჩენ პორტფელზე მნიშვნელოვნად არ იმოქმედებს.
- ინვესტიცია ჩადეთ იმ ფულით, რომელიც უახლოეს მომავალში არ დაგჭირდებათ: ბაზრის ვარდნა ინვესტიციების გასაყიდად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დროა, რადგან აქციების ფასები შემცირებულია. თუ ინვესტირებას დაიწყებთ, მაშინ მზად უნდა იყოთ ბაზარზე თქვენი ფულის მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში დასატოვებლად.
- შეარჩიეთ სწორი აქციები: უფრო სავარაუდოა, რომ კომპანიები, რომლებსაც მყარი ბიზნეს საფუძვლები გააჩნია, რთული ეკონომიკური პერიოდის გადალახვას შეძლებს. რაც უფრო მეტ ასეთ აქციას ფლობთ, მით მეტია შანსი, რომ თქვენი პორტფელი ვარდნას გადალახავს.
ბაზრის ვარდნა დიდი გამოწვევაა და ასეთ დროს ღელვა ნორმალურია. თუმცა, გრძელვადიანი სტრატეგიის შენარჩუნებით და სწორ აქციებში ინვესტირებით, თქვენი ფული მაქსიმალურად დაცული იქნება.