საფონდო ბირჟა მაღალი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა მისგან სარგებლის მისაღებად სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. აუცილებელია, რომ დამწყებმა ინვესტორებმა ამ სფეროში გარკვეული ცოდნის ბაზა შეიქმნან, რათა დადებითი შედეგის მიღწევა შეძლონ. საინვესტიციო სამყაროში წარმატებული მოღვაწეობისთვის როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ინვესტორებისთვის, ყოველთვის სასარგებლოა საინვესტიციო შეცდომების განხილვა, რათა ისინი თავიდან იქნას აცილებული. ამ სტატიაში კი დამწყებების მიერ დაშვებულ 5 გავრცელებულ საინვესტიციო შეცდომას განვიხილავთ.
ტრეიდერის მიდგომით ინვესტირება
ტრეიდერსა და ინვესტორს შორის ძირითადი განსხვავება ის არის, რომ ეს უკანასკნელი გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული. ტრეიდერები ხშირად ყიდულობენ და ყიდიან, რათა ბაზრის მოკლევადიანი მოძრაობებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, ინვესტორები კი რეგულარულად ინვესტირების საშუალებით წლების განმავლობაში რთული პროცენტის ეფექტს იყენებენ და მნიშვნელოვან სიმდიდრეს აგროვებენ. რთული პროცენტის მექანიზმი მოქმედებს მაშინ, როდესაც ფული, რომელსაც ინვესტიციებიდან იღებთ, თავად იწყებს კიდევ უფრო მეტი ფულის გამომუშავებას. წარმოიდგინეთ, რომ $1,000 მოცულობის ინვესტიციას დებთ და წლიურ 10%-იან ანაზღაურებას იღებთ. პირველ წელს მიიღებთ $100-ს. თუ $100-ის რეინვესტირებას განახორციელებთ, ახლა თქვენ მიიღებთ $1,100-ის 10%-ს . მომავალ წელს მიიღებთ $1,210-ის 10%-ს და ა. შ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო და რთული პროცენტი ინვესტირებისას.
მაღალი ანაზღაურების დევნა
აქციების შერჩევისას მაღალი ანაზღაურების დევნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საინვესტიციო შეცდომაა. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ აქციების ფასების მოძრაობა ციკლურია. თუ კონკრეტული აქცია ან ფონდი მოცემულ პერიოდში მაღალ შემოსავალს გამოიმუშავებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასე იქნება. შესაძლოა, ეს მხოლოდ მომენტალური ზრდა იყოს.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ კომპანია საფუძვლიანად შეისწავლოთ, გააანალიზოთ მისი ზრდის მიზნები, ბიზნეს მოდელი, მენეჯმენტი, სხვა მსგავსი ფაქტორები და საინვესტიციო გადაწყვეტილება მათზე დაყრდნობით მიიღოთ.
კომპანიაზე ემოციური მიჯაჭვულობა
თუ ძალიან მოგწონთ კომპანიის პროდუქტი, მისი მიდგომები და ა. შ. შეიძლება მასზე ემოციურად მიჯაჭვული გახდეთ, რაც ინვესტირებიდან სასურველი შედეგების მიღებაში ხელს შეგიშლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს მაქსიმალურად ობიექტური იყოთ, კომპანიაზე დაკვირვებისას ემოციები პროცესიდან გამოთიშოთ და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოთ. თუ თქვენი საინვესტიციო პორტფელისთვის საჭირო იქნება კონკრეტული კომპანიის აქციების გაყიდვა, ასეც უნდა მოიქცეთ.
ინვესტიციების სხვების რჩევებზე დაყრდნობით ჩადება
თუ ინვესტიციას ინდივიდუალურ აქციებში დებთ, ამას სხვისი რჩევის საფუძველზე ნუ გააკეთებთ, ჩაატარეთ საკუთარი კვლევა.
უნდა ისწავლოთ, თუ როგორ გამოიკვლიოთ კომპანია, შეისწავლოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები. გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს მისი ბიზნეს მოდელი – როგორ გამოიმუშავებს კომპანია ფულს. შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ვებგვერდი ფულს ნივთების გაყიდვით გამოიმუშავებს, მაგრამ ასევე შესაძლებელია სინამდვილეში შემოსავლის უდიდესი ნაწილი რეკლამებზე მოდიოდეს.
ამასთან, ისწავლეთ ფინანსური ანგარიშგების წაკითხვა, რათა გაიგოთ, თუ რამდენად სწრაფად იზრდება კომპანია და არსებობს თუ არა რაიმე საგანგაშო ნიშნები, როგორიც არის სწრაფად მზარდი დავალიანება, ან მარაგები, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გაყიდვები. თუ ეს ყველაფერი ზედმეტად ბევრ სამუშაოდ გეჩვენებათ, შეგიძლიათ გადაერთოთ დაბალი საკომისიოს მქონე საინდექსო ფონდებზე, რომელიც მარტივი და ეფექტური გრძელვადიანი ინვესტიციაა.
დივერსიფიკაციაზე უარის თქმა
დივერსიფიკაციის საჭიროების უგულებელყოფა ერთ-ერთი ყველაზე არასწორი ნაბიჯია, რომელიც შეგიძლიათ ინვესტირებისას გადადგათ. აუცილებელია, რომ თქვენი რისკები საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებით დააბალანსოთ. შეეცადეთ თქვენი ფული რამდენიმე სექტორის მინიმუმ 25 განსხვავებულ აქციაზე გაანაწილოთ იმისთვის, რომ ერთი კომპანიის ან სექტორის დაზარალებამ თქვენზე დიდად არ იმოქმედოს.
საინდექსო ფონდში ინვესტირება არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომელიც ერთი შესყიდვით პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებას გაძლევთ. რა თქმა უნდა, საინდექსო ფონდებში ინვესტირება ვერ იქნება იმის გარანტი, რომ ზარალს არ განიცდით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ისინი, როგორც წესი, ინვესტორებს ძლიერი შემოსავლით უზრუნველყოფს.