დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ყველაზე გავრცელებულ ფინანსურ შეცდომებს, რომლებსაც ადამიანები ხშირად დიდ ეკონომიკურ სირთულეებამდე მიჰყავს. მაშინაც კი, თუ უკვე ფინანსური პრობლემების წინაშე დგახართ, ამ შეცდომების თავიდან აცილება შეიძლება გადარჩენის გასაღები იყოს.
გადაჭარბებული და დაუფიქრებელი ხარჯვა
მცირე ხარჯებს ხშირად დიდ დანაკარგებთან მივყავართ. შეიძლება საგანგაშოდ არ ჩანდეს ორმაგი კაპუჩინოს შეკვეთა, გარეთ ვახშმობა და ა. შ. მაგრამ მთლიანობაში ყველა ეს ხარჯი გროვდება და, როგორც წესი, საბოლოოდ დიდი მოცულობის დანაკარგებს ვიღებთ.
თუ ფინანსური სირთულეების წინაშე დგახართ, ამ შეცდომის გათვალისწინება ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ პერიოდში მცირე თანხაც კი ღირებულია.
დაუსრულებელი გადახდები
ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ყველაფერი, რისთვისაც ყოველთვიურად ან წლიდან წლამდე ფულს ხარჯავთ. მაგალითად, საკაბელო ტელევიზია, მუსიკალური სერვისები ან მაღალი დონის სპორტული დარბაზის წევრობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და თუ ფინანსური პრობლემების წინაშე დგახართ, უმჯობესია პრიორიტეტები სათანადოდ ჩამოაყალიბოთ, განსაზღვროთ, შეგიძლიათ თუ არა ამ ან სხვა მიმართულებით ხარჯების შემცირება.
ნასესხები ფულით ცხოვრება
აუცილებელი ნივთების შესაძენად საკრედიტო ბარათების გამოყენება გარკვეულწილად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა მაშინაც კი, თუ მომხმარებელთა მუდმივად მზარდი რაოდენობა მზად არის, გადაიხადოს ორნიშნა საპროცენტო განაკვეთი ბენზინის, სასურსათო და სხვა პროდუქტების შესაძენად, რომლებიც დავალიანების სრულად დაფარვამდე დიდი ხნით ადრე მთავრდება, ამის გაკეთება გონივრული ფინანსური ჩვევა ნამდვილად არ არის. საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად აძვირებს ნივთების ფასს. ზოგიერთ შემთხვევაში, კრედიტის გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს, რომ დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებთ.
ახალი ავტომობილის შეძენა
ყოველწლიურად მილიონობით ახალი ავტომობილი იყიდება, თუმცა მათ შესაძენად ნაღდი ფულის გადახდა ყველას არ შეუძლია. ახალი მანქანისთვის ნაღდი ფულის გადახდის შეუძლებლობა ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას უბრალოდ ვერ გასწვდებით. მანქანის შესაძენად ფულის სესხებით, მომხმარებელი იხდის პროცენტს გაუფასურებად აქტივზე, რაც მის ღირებულებასა და მასში გადახდილ ფასს შორის სხვაობას ზრდის. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ ბევრი ადამიანი ყოველ ორ ან სამ წელიწადში ერთხელ ახალ ავტომობილს ყიდულობს და თითოეულ შენაძენზე ფულს კარგავს.
ხანდახან ადამიანს სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ აიღოს სესხი მანქანის შესაძენად, მაგრამ რეალურად რამდენ მომხმარებელს სჭირდება დიდი ჯიპი? ასეთი ავტომობილების ყიდვა და მოვლა ძვირი ჯდება.
განიხილეთ უფრო იაფი, ეკონომიური და ადვილად მოსავლელი მანქანის შეძენა, ამ გზით საშუალება მოგეცემათ, დაზოგილი ფული სხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოთ.
სახლის შესაძენად ზედმეტად ბევრის დახარჯვა
როდესაც საქმე სახლის შეძენას ეხება, აუცილებელი არ არის დიდ ფართობზე ფოკუსირდეთ. თუ პატარა ოჯახი გყავთ, დიდი სახლის შეძენა დიდ გადასახადებთან და მოვლა-პატრონობის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ნამდვილად გსურთ ასეთი მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დარტყმა მიაყენოთ საკუთარ ყოველთვიურ ბიუჯეტს?
ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება
თუ ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობთ, თქვენთვის პატარა გაუთვალისწინებელი პრობლემაც კი შეიძლება ნამდვილ კატასტროფად იქცეს.
ჭარბი ხარჯვის კუმულაციური შედეგი ადამიანებს აყენებს არასაიმედო მდგომარეობაში, როდესაც შემოსავლიდან ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია და ერთი გამოტოვებული ხელფასიც კი დამღუპველი იქნება. ეს არ არის ის პოზიცია, რომელშიც გსურთ, ეკონომიკური რეცესიის დროს აღმოჩნდეთ. ბევრი ფინანსური დამგეგმავი გეტყვით, რომ გჭირდებათ 3 თვის საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი თანხა და ეს მხოლოდ მინიმუმია. უკეთეს შემთხვევაში, სჯობს ორიენტირად 6 თვე ან უფრო დიდი ვადა აიღოთ. ეს ფონდი იმოქმედებს, სწორედ როგორც „უსაფრთხოების ბადე“ ისეთი გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს, როგორიც არის, მაგალითად, სამუშაოს დაკარგვა.
პენსიისთვის ინვესტირებაზე უარის თქმა
თუ ფულის ინვესტირებაზე უარს იტყვით, შესაძლოა მუშაობის შეწყვეტა ვერასოდეს შეძლოთ. დრო დაუთმეთ ფინანსურ განათლებას, შეისწავლეთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების საფუძვლები და დაიწყეთ რაც შეიძლება მალე, რათა პენსიაზე მშვიდად გასვლა შეძლოთ. პენსიისთვის დაზოგვის დაგვიანება, საბოლოოდ საკმარისი დანაზოგის დაგროვებას უფრო ართულებს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირების ადრე დაწყება.
გეგმის არ ქონა
თქვენი ფინანსური მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ახლა. ადამიანები მრავალ საათს უთმობენ ტელევიზორის ყურებას ან სოციალური მედიის არხების დათვალიერებას, მაგრამ ფინანსებისთვის კვირაში ორი საათის გამოყოფა მათ გეგმებში არ შედის. აუცილებელია იცოდეთ, სად მიდიხართ, ამიტომ პრიორიტეტად აქციეთ ფინანსურ დაგეგმვაში გარკვეული დროის დახარჯვა.
დასკვნა
იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ზედმეტი ხარჯვის საფრთხეს, დაიწყეთ მცირე ხარჯების მონიტორინგით, რომლებიც სწრაფად გროვდება, შემდეგ გადადით დიდ ხარჯებზე. კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენი გადახდების სიას ახალ დავალიანებას დაამატებთ. დაბოლოს, თქვენი შემოსავლის ნაწილის ყოველთვიურად დაზოგვა და ჯანსაღი ფინანსური გეგმის შემუშავებაზე დროის დახარჯვა პრიორიტეტად აქციეთ.