საფონდო ბირჟა აქციების მყიდველებისა და გამყიდველების შეხვედრის ადგილია. ბირჟაზე აქციების ფასი აუქციონის პრინციპით განისაზღვრება — მყიდველებს აქციების შეძენა დაბალ ფასად სურთ, მფლობელების მიზანი კი საკუთარი კომპანიების წილის მაღალ ფასად გაყიდვაა. ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობას “სპრედი” ეწოდება.
სპრედი ბროკერის შემოსავლის ძირითადი წყაროა — სავაჭრო ოპერაციის შესრულების შემდეგ შუამავალი ფასებს შორის სხვაობას საკომისიოს სახით იღებს.ბირჟებზე ფასები მუდმივად იცვლება, ამ ცვლილებას მოთხოვნა-მიწოდების ტენდენციები განსაზღვრავს. გარდა ამისა, ფასებზე ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა სახის ფაქტორები მოქმედებს.
თუ კომპანიის მოგება მზარდია და ის თვითგანვითარებისთვის რეინვესტიციას არ იშურებს, მის აქციებზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, ფასიც მოთხოვნის პროპორციულად დგინდება. საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის დასაწყებად საბროკერო კომპანიაში ანგარიშის გახსნა დაგჭირდებათ — საქართველოში ასეთ შესაძლებლობას საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart იძლევა.საინვესტიციო ანგარიშის გახსნის შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას.
აქციების გარდა, საფონდო ბირჟებზე სხვა ინსტრუმენტებითაც ვაჭრობენ, მათ შორისაა: ობლიგაციები (კორპორაციული და სახაზინო ობლიგაციები), ETF-ები, ფიუჩერსები, ოფციონები, კრიპტოვალუტები, სასაქონლო პროდუქტები (ნავთობი, ოქრო) და სხვა.