ჩარლი მანგერი — Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე და უორენ ბაფეტის ბიზნესპარტნიორი გასული წლის ნოემბერში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„Berkshire Hathaway ვერ მოვიდოდა დღევანდელ მდგომარეობამდე ჩარლის შთაგონების, სიბრძნისა და წვლილის გარეშე“, — განაცხადა ბაფეტმა.
ამ სიბრძნის მთავარი ნაწილი იყო ჩარლი მანგერის უფრო ფართო მიდგომა ინვესტიციების მიმართ. ბაფეტმა საინვესტიციო სამყაროში მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ღირებულებაზე ორიენტირებულმა ინვესტორმა, ცდილობდა აღმოეჩინა შეუმჩნეველი და, შესაბამისად, ბაზარზე დაუფასებელი კომპანიები. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავდა ისეთი აქციების პოვნას, რომლებსაც, რეალურად, თავიანთ საბაზრო ფასზე მაღალი შინაგანი ღირებულება გააჩნდა.
დროთა განმავლობაში ჩარლიმ ბაფეტი დაარწმუნა, რომ კონკრეტული აქციების საბაზრო ღირებულებით ყიდვას ან თუნდაც მათთვის პრემიის გადახდას შეიძლება აზრი ჰქონოდა, თუ კომპანიის მთავარი ღირებულება მომავალში იქნებოდა გამოვლენილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შეიძლება კომპანიის აქციები ამჟამად ბაზარზე სწორად იყოს შეფასებული, მაგრამ ფასმა მომავალში გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.
ეს არის ზუსტად ის, რაც Berkshire-მა გააკეთა მაშინ, როდესაც ტკბილეულის მწარმოებელი ამერიკული კომპანია — See’s Candies შეიძინა. ეს იყო მანგერისა და ბაფეტის ყველაზე მსხვილი შენაძენი, ამავდროულად, ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მათმა ფირმამ მთლიანად შეისყიდა. უორენ ბაფეტი $25 მილიონის გადახდას ყოყმანობდა. ეს ფასი სამჯერ აღემატებოდა კომპანიის საბალანსო ღირებულებას, ხოლო მის მიერ გამომუშავებულ წლიურ მოგებას — 6-ჯერ.
„ჩვენ See’s Candies-ში $25 მილიონი დავაბანდეთ და კომპანიამ $2 მილიარდის ოდენობით შემოსავალი მოგვიტანა (გადასახადებამდე). ეს ფული კი სხვა ბიზნესებში ინვესტირებისთვის გამოვიყენეთ“ — განაცხადა ბაფეტმა.
ერთ-ერთი მაგალითი: 1980-იან წლებში See’s Candies-სგან მიღებულმა შემოსავალმა ხელი შეუწყო Berkshire Hathaway-ის მიერ Coca-Cola-ში მნიშვნელოვანი წილის შეძენას.
1982 წელს, See’s-ის შეძენიდან 10 წლის შემდეგ, ბაფეტს მისთვის თავდაპირველ ფასზე 5-ჯერ მეტი თანხა — $125 მილიონი შესთავაზეს.
ბაფეტის მიდგომა, რომელიც შეზავებულია ჩარლი მანგერის ფილოსოფიასთან, გულისხმობს ბაზრის იგნორირებას, რადგან ის არსებითად არაპროგნოზირებადია. Berkshire-ში ინვესტიციებს არჩევენ ბიზნესის თვალსაზრისით — ბიზნესის, რომელიც, მათი აზრით, გრძელვადიანი ღირებულების მომტანია.
„თქვენ ბიზნესს ყიდულობთ. ადამიანები ფიქრობენ, რომ აქციებში ინვესტირება ბიზნესში ფულის დაბანდებისგან განსხვავდება, მაგრამ ეს ასე არ არის“ — ამბობს უორენ ბაფეტი.