სინანულის თეორია ამბობს, რომ ადამიანები წინასწარ განიცდიან სინანულს, თუ არასწორ არჩევანს გააკეთებენ და ისინი ამ მოლოდინს გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ. სინანულის შიშმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რაიმეს გაკეთებისგან თავის შეკავებაში ან, პირიქით, მოქმედებისკენ სწრაფვაში. სინანულის თეორიამ შეიძლება გავლენა იქონიოს ინვესტორის რაციონალურ ქცევაზე და გააუარესოს მისი უნარი, მიიღოს საზრიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები.
სინანულის თეორიის გააზრება
ინვესტირების თვალსაზრისით, სინანულის თეორიამ შეიძლება ინვესტორები რისკისადმი არაკეთილგანწყობილი ან, პირიქით, მისადმი მიდრეკილი გახადოს. მაგალითად, დავუშვათ, რომ ინვესტორი მცირე მზარდი კომპანიის აქციებს მხოლოდ მეგობრის რეკომენდაციის საფუძველზე ყიდულობს. ექვსი თვის შემდეგ აქციების ფასი 50%-ით მცირდება, ამიტომ ინვესტორი მათ ყიდის და ზარალს აფიქსირებს. მომავალში ამ სინანულის თავიდან ასაცილებლად, ინვესტორს შეუძლია, დასვას კითხვები და გამოიკვლიოს ნებისმიერი აქცია, რომლის შეძენასაც მას მეგობარი ურჩევს. ამასთან, შესაძლოა, ინვესტორმა გადაწყვიტოს, არასოდეს მიიღოს ამ მეგობრის რჩევა სერიოზულად, მიუხედავად მის მიერ შემოთავაზებული კომპანიის ძლიერი ბიზნეს საფუძვლებისა.
განვიხილოთ საპირისპირო შემთხვევაც. დავუშვათ, რომ ინვესტორმა არ გაითვალისწინა მეგობრის რჩევა და გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციების ფასი 50%-ით გაიზარდა. რაიმეს გამოტოვების სინანულის თავიდან აცილების მიზნით, ინვესტორი შეიძლება რისკებისადმი უფრო მიდრეკილი გახდეს და ამ მეგობრის მიერ მომავალში რეკომენდებული ნებისმიერი აქცია ყოველგვარი კვლევის ჩატარების გარეშე შეიძინოს.
სინანულის თეორია და ფსიქოლოგია
ინვესტორებს შეუძლიათ, შეამცირონ სინანულის წინასწარი განცდა, რომელიც მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გავლენას იქონიებს, თუ ისინი სინანულის თეორიის ფსიქოლოგიას გააცნობიერებენ. ინვესტორები უნდა დააკვირდნენ, თუ როგორ იმოქმედა სინანულმა წარსულში მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და ეს გამოცდილება ახალი შესაძლებლობის განხილვისას გაითვალისწინონ.
სინანულის თეორია და ბაზრის კრახები
საინვესტიციო სამყაროში, სინანულის თეორია და რაიმეს გამოტოვების შიში (FOMO) ხშირად ერთად მოქმედებს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია გახანგრძლივებული bull market-ების დროს, როდესაც ფასიანი ქაღალდების ფასები იზრდება და ინვესტორების ოპტიმიზმის დონე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მოგების მიღების შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშმა შეიძლება ყველაზე კონსერვატიული და რისკისადმი არაკეთილგანწყობილი ინვესტორიც კი აიძულოს, მოსალოდნელი კრახის გამაფრთხილებელი ნიშნები უგულებელყოს.
როდესაც ინვესტორების საკმარისი რაოდენობა ზედმეტად თავდაჯერებული ხდება, საქმე გვაქვს ამერიკელი ეკონომისტის — ალან გრინსპენის „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენთან. ამ დროს ინვესტორები ზედმეტ თავდაჯერებულობას მიჰყავს სიხარბემდე, შედეგად ბაზარი იზრდება იქამდე, რომ უზარმაზარი კორექტირება გარდაუვალი ხდება. ინვესტორები, რომლებიც ამ მოვლენის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან არიან ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზრის ზრდა სამუდამოდ გაგრძელდება.
სინანულის თეორია და ინვესტირების პროცესი
ინვესტორებს შეუძლიათ, სინანულის თეორიის ეფექტი შეამცირონ ისეთი სტრატეგიების გამოყენებით, როგორის არის, მაგალითად, ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოება. ეს მეთოდი რეგულარულ ინტერვალებში კონკრეტული თანხების ინვესტირებას გულისხმობს მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს ესა თუ ის აქცია მოცემულ მომენტში. ინვესტიციის ღირებულების გასაშუალოების სტრატეგია ინვესტირების პროცესიდან ემოციების გამორიცხვაში დაგეხმარებათ. ამ მეთოდის დროს გამოყენებული შუალედები თქვენზეა დამოკიდებული, შეგიძლიათ ინვესტიციები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად და სხვა, თქვენთვის კომფორტული, შუალედებით ჩადოთ. მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვროთ და დაიცვათ კონკრეტული განრიგი. თქვენი მიზანი უბრალოდ განსაზღვრული თანხის რეგულარული ინტერვალებით ინვესტირებაა. აქციებს ყიდულობთ როგორც მაქსიმალური ფასების, ასევე მათი ვარდნის პირობებში, რათა საბოლოოდ ინვესტიციის საშუალო ღირებულება შეამციროთ.