კენეთ ფიშერი, საინვესტიციო ანალიტიკოსი და თვითშემდგარი მილიარდერი, ალბათ ყველაზე ცნობილია Fisher Investments-ის დაარსებით. ფირმა, რომელიც საინვესტიციო კონსულტირებით არის დაკავებული, დაფუძნებულია კამასში, ვაშინგტონში, $205 მილიარდზე მეტის ღირებულების აქტივებს მართავს 40,000-ზე მეტი მომხმარებლისთვის. Fisher Investments-ის კლიენტებს ძირითადად დიდი ქონების მფლობელი პირები და ინსტიტუციური ინვესტორები წარმოადგენენ.
გარდა ამისა, კენმა გაითქვა სახელი, როგორც მწერალმა, ფინანსური მიმომხილველმა და ინდუსტრიის ლიდერმა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
1950 წელს სან-ფრანცისკოში დაბადებული ფიშერი ცნობილი ინვესტორის — ფილიპ ფიშერის შვილია. მიუხედავად საინვესტიციო სამყაროსთან მჭიდრო კავშირისა, უმცროსი ფიშერი მაშინვე ამ ინდუსტრიაში არ აღმოჩენილა. კენმა საშუალო სკოლაში სწავლა შეწყვიტა, რადგან ჩათვალა, რომ ეს დროის კარგვაა. ამის ნაცვლად, იგი ჩაირიცხა ადგილობრივ კოლეჯში, სადაც, მისი თქმით, უკეთესი გაკვეთილების მიღება შეძლო. იქიდან ფიშერი არკატაში, კალიფორნიაში, ჰუმბოლდტის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდა, სადაც მან მეტყევეობის შესწავლა დაიწყო. საბოლოოდ მან მიმართულება შეიცვალა და 1972 წელს მოიპოვა ხარისხი ეკონომიკაში.
სწავლის დასრულების შემდეგ ფიშერი სან-ფრანცისკოში დაბრუნდა. მან მამამისის ფირმაში დაიწყო ტრენინგის გავლა ინვესტორად. მოგვიანებით კენმა შერწყმისა და შესყიდვების კონსულტანტად და კვლევის ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მან დრო დაუთმო საინვესტიციო თეორიის შესწავლას და ინვესტიციების შესახებ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბებას.
Fisher Investments-ის დაარსება
1979 წელს, კოლეჯის დამთავრებიდან შვიდი წლის შემდეგ, ფიშერმა Fisher Investments სულ რაღაც $250-ის ოდენობით საწყისი კაპიტალით დააარსა. 1993 წლისთვის ფირმის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულებამ $1 მილიარდს მიაღწია.
თავდაპირველად ფირმა მხოლოდ ინსტიტუციური ინვესტორების მომსახურებაზე იყო ფოკუსირებული. 1995 წელს Fisher Investments-მა ჩამოაყალიბა თავისი კერძო კლიენტთა ჯგუფი, რომელიც დიდი ქონების მფლობელ პირებს ემსახურება. 2000 წელს Fisher Investments გაფართოვდა გლობალურად, მოიცვა დიდი ბრიტანეთი და კანადა. 2012 წელს ფირმამ გახსნა შვილობილი კომპანია, რომელიც ევროპულ ბაზარს ემსახურება. დღეს Fisher Investments მუშაობს 40,000-ზე მეტ ინდივიდუალურ ინვესტორთან და დაახლოებით 175 ინსტიტუტთან.
კენეთ ფიშერის საინვესტიციო ფილოსოფია
კენ ფიშერს მტკიცედ სწამს როგორც კაპიტალიზმის, ის თავისუფალი ბაზრების. მას სჯერა ქცევითი ფინანსების, რომელიც ეყრდნობა ფსიქოლოგიას იმის ასახსნელად, თუ რატომ იღებენ ინვესტორები ირაციონალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. იგი ასევე არის მონაცემთა გამოყენების მომხრე ფართოდ მიღებული საინვესტიციო რწმენების გამოწვევის მიზნით.
ფიშერი განთქმულია იმით, რომ თავისი თეორიული ნაშრომის მეშვეობით P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტის, როგორც საინვესტიციო ანალიზის ინსტრუმენტის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. P/S კომპანიის აქციების მთლიან ფასს მის მიერ წარმოქმნილ მთლიან გაყიდვებთან აფარდებს და ეს მაჩვენებელი ფართოდ გამოიყენება დაუფასებელი აქციების გამოსავლენად.
ფინანსური მიმომხილველი და მწერალი
საინვესტიციო ანალიტიკოსად მუშაობის გარდა, ფიშერი ასევე ფინანსური მიმომხილველი და მწერალია. მან დაწერა 11 წიგნი სხვადასხვა ფინანსურ საკითხზე და ოთხი მათგანი New York Times-ის ბესტსელერი გახდა. გარდა ამისა, იგი არის რამდენიმე აკადემიური კვლევითი ნაშრომის ავტორი ჟურნალებისთვის — Financial Analysts Journal, Journal of Investing, Journal of Behavioral Finance და ა. შ.
ამასთან, კენეთის, როგორც ფინანსური მიმომხილველის კარიერა დაკავშირებულია Forbes-სთან, USA Today-სთან, იტალიურ Il Sole 24 Ore-სთან, გაერთიანებული სამეფოს Financial Times-სთან, დანიის Børsen-სთან და ნიდერლანდების De Telegraaf-სთან.
გატაცებები და ქველმოქმედება
მიუხედავად იმისა, რომ კენ ფიშერმა კოლეჯში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მას სატყეო მეურნეობისადმი სიყვარული არასოდეს დავიწყებია. მისი გატაცების საფუძველს, სავარაუდოდ, ბავშვობის მშობლიურ ქალაქ სან მატეოს (კალიფორნია) წითელი ხის ტყის ბანაკები წარმოადგენს. 2006 წელს კენმა თავის ალმა მატერს — ჰუმბოლდტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, $3.5 მილიონი შესწირა ფონდისთვის — Kenneth L. Fisher Chair in Redwood Forest Ecology, რომელიც მხარს უჭერს ეკოლოგიურ კვლევებს და კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის ლაბორატორიებსა და საველე აღჭურვილობას უზრუნველყოფს.
ფიშერი და მისი მეუღლე — შერილინი ცნობილები არიან ქველმოქმედებით სატყეო მეურნეობის მიღმაც. მაგალითად, წყვილმა $500 000 შესწირა სან მატეოს საჯარო ბიბლიოთეკის ფონდს კენეტ და შერილინ ფიშერების ჟურნალისტიკის ცენტრისთვის.