საფონდო ბირჟაზე სადაც მოვლენებს, ერთი შეხედვით, რიცხვები და სტატისტიკა წარმართავს, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანის ბუნების ხშირად არაპროგნოზირებადი და ემოციური ასპექტი. მასის ფსიქოლოგია გულისხმობს იმის შესწავლას, თუ როგორ მოქმედებს ჯგუფში ინდივიდების კოლექტიური ემოციები და ქცევები გადაწყვეტილების მიღებაზე. საფონდო ბირჟის კონტექსტში, მასის ფსიქოლოგიის გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის ნათელს ჰფენს იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლია, აქციების ფასები მოულოდნელ მწვერვალებამდე მიიყვანოს და წარმოუდგენელ მინიმუმებამდე დასცეს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.
მასების ფსიქოლოგია
მასების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული ეფექტი საფონდო ბირჟაზე არის ბრბოს ქცევის ფენომენი. ინვესტორები ხშირად მიჰყვებიან ბრბოს, ყიდულობენ/ყიდიან მაშინ, როდესაც ამას სხვები აკეთებენ. ასეთმა ქცევამ შეიძლება შექმნას „თვითაღსრულებული წინასწარმეტყველებების ეფექტი“ (მოლოდინი ან რწმენა, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს თქვენს ქცევებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ამ მოლოდინის რეალობად ქცევას გამოიწვევს), რაც კონკრეტული აქციების ფასების ზრდის ან კლების ტენდენციას გააძლიერებს. ეს ფენომენი ყოველთვის არ არის დაფუძნებული რაციონალურ ანალიზზე, მაგრამ ხშირად მომდინარეობს რაღაცის გამოტოვების შიშიდან (FOMO — fear of missing out) ან მარცხის შიშიდან (FOLO — fear of losing out).
ემოციების როლი
ემოციები, როგორიცაა შიში, სიხარბე და ოპტიმიზმი, გადამწყვეტ როლს თამაშობს საფონდო ბირჟის მოძრაობაში. Bull market-ზე, როგორც წესი, ოპტიმიზმი გაბატონებული სენტიმენტია. ასეთი განწყობა ინვესტორებს ყიდვისკენ უბიძგებს და აქციების ფასებს ზრდის. Bear market-ის დროს პირიქით, ბაზარს შიში იპყრობს, რაც პანიკურ გაყიდვებს და აქციების ფასების მკვეთრ ვარდნას იწვევს.
ბაზრის ბუშტები და კრახები
მასის ფსიქოლოგიას შეუძლია წარმოქმნას სპეკულაციური „ბუშტები“1, რომლებიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც აქციების ფასები მათ შინაგან ღირებულებას არ ეფუძნება. ასეთ დროს ინვესტორებს ამოძრავებთ სიხარბე და რწმენა, რომ ფასების ზრდა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. ეს ბუშტები გარდაუვალად გასკდება, რასაც ბაზრის კრახი მოჰყვება, რადგან განწყობა მკვეთრად გადადის უკიდურესი ოპტიმიზმიდან უკიდურეს პესიმიზმზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო 1990-იანი წლების ბოლოს Dot-com-ის ბუშტი, როდესაც ინვესტორები დიდი ოდენობის ფულს აბანდებდნენ ინტერნეტთან დაკავშირებულ აქციებში. საბოლოოდ კი ეს ბუშტი გასკდა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
კოგნიტური მიკერძოებები
ფსიქოლოგიური მიკერძოებებმა, როგორიცაა ზედმეტი თავდაჯერებულობა, „ფიქსაცია“2 , ხელმისაწვდომობის მიკერძოება3 , დადასტურების მიკერძოება4 და ზარალის აუტანლობა, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ინდივიდუალური ინვესტორების გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა, ამ მიკერძოებებმა ირაციონალური საინვესტიციო ქცევები გამოიწვიოს .
„საწინააღმდეგო ინვესტირება“5მასების ფსიქოლოგიის გაანალიზება ზოგიერთ ინვესტორს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს საპირისპირო მიდგომა, რომელიც გაბატონებულ განწყობას ეწინააღმდეგება. ამ სტრატეგიის მიმდევარი ინვესტორები ცდილობენ, აღმოაჩინონ ხელსაყრელი შესაძლებლობები მაშინ, როდესაც ბაზრის განწყობა ზედმეტად ოპტიმისტური ან პესიმისტურია. ისინი აქციებს ყიდულობენ მაშინ, როცა სხვები პანიკურად ყიდიან და ყიდიან მაშინ, როდესაც სხვა ინვესტორები ხარბად ყიდულობენ. ამით ისინი ბაზრის გადაჭარბებული რეაქციებისგან სარგებლის მიღებას ისახავენ მიზნად.
[1] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.
[2] პირვანდელ ინფორმაციაზე ზედმეტად დაყრდნობა.
[3] უახლესი ან ადვილად დასამახსოვრებელი ინფორმაციისთვის უპირატესობის მინიჭება.
[4] კოგნიტური მიკერძოება, რომლის დროსაც ინვესტორები ეძებენ თავიანთი შეხედულებების დამადასტურებელ ინფორმაციას, ხოლო უგულებელყოფენ ფაქტებს, რომლებიც ამ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.
[5] აქციების ყიდვა-გაყიდვა საბაზრო ტენდენციების წინააღმდეგ.