სპეციალიზაცია არის წარმოების მეთოდი, რომლის დროსაც ეკონომიკური ობიექტი ყურადღებას ამახვილებს საქონლის შეზღუდული ასორტიმენტის წარმოებაზე, რათა უფრო მაღალ ეფექტიანობას მიაღწიოს. მაგალითად, ბევრი ქვეყანა სპეციალიზებულია იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებაში, რომელიც მსოფლიოს მისი ნაწილისთვის არის დამახასიათებელი.
ამრიგად, სპეციალიზაცია წარმოადგენს გლობალური ვაჭრობის საფუძველს, რადგან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს საკმარისი საწარმოო შესაძლებლობები სრულად თვითშენარჩუნებისთვის.
სპეციალიზაციის გააზრება
სპეციალიზაცია არის შეთანხმება საზოგადოებაში, ორგანიზაციაში ან უფრო დიდ ჯგუფში, რომელშიც თითოეული წევრი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება კონკრეტულ საქმიანობას, იღებს პასუხისმგებლობას მის წარმატებულ შესრულებაზე.
მიკროეკონომიკური სპეციალიზაცია
სპეციალიზაციას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც მიკროეკონომიკურ, ისე მაკროეკონომიკურ დონეზე. ინდივიდუალური თვალსაზრისით, ეს კონცეფცია, როგორც წესი, კარიერის ან შრომის სპეციალიზაციის სახით ვლინდება. მაგალითად, ორგანიზაციის ან ეკონომიკის თითოეულ წევრს აქვს ნიჭის, შესაძლებლობების, უნარებისა და ინტერესების უნიკალური ნაკრები, რაც მას, კონკრეტული ამოცანების შესრულებაში, უნიკალურს ხდის.
შრომის სპეციალიზაცია იყენებს ამ უნიკალურ ნიჭს და ასაქმებს ადამიანებს იმ სფეროებში, სადაც ისინი საუკეთესოდ მუშაობენ. ეს ეხმარება როგორც თავად ინდივიდს, ისე — მთლიან ეკონომიკას.
თუ, მაგალითად, კონკრეტული ადამიანი ძლიერია მათემატიკაში, მაგრამ არ არის კომპეტენტური მწერალი, როგორც მისთვის, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება, თუ იგი მათემატიკის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში დასაქმდება.
სპეციალიზაცია ასევე შეიძლება ეხებოდეს ცალკეული ფირმის წარმოების შესაძლებლობებს. ქარხნის შექმნისას, კონვეიერი ეწყობა ეფექტიანობის გაზრდის მიზნით და არა ისე, რომ მთლიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეიქმნას.
მაკროეკონომიკური სპეციალიზაცია
ეკონომიკებს, რომლებიც მიმართავს სპეციალიზაციას, გააჩნია შედარებითი უპირატესობა საქონლის ან მომსახურების წარმოებაში. შედარებითი უპირატესობა გულისხმობს, სხვასთან შედარებით, საქონლის ან მომსახურების წარმოების უნარს უფრო დაბალი ზღვრული და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების დანახარჯებით.
როდესაც ეკონომიკას შეუძლია წარმოებაში სპეციალიზება, ის სარგებლობს საერთაშორისო ვაჭრობით. თუ, მაგალითად, ქვეყანა ბანანს უფრო დაბალ ფასად აწარმოებს, ვიდრე — ფორთოხალს, მას შეუძლია მიმართოს სპეციალიზაციას, მთელი თავისი რესურსი დაუთმოს ბანანის წარმოებას, ხოლო ფორთოხალი სხვა ქვეყნებისგან შეიძინოს.
სპეციალიზაცია ასევე ხდება ერთი ქვეყნის საზღვრებში, როგორც ეს არის შეერთებული შტატების შემთხვევაში. მაგალითად, ციტრუსის პროდუქტები უკეთესად იზრდება აშშ-ის სამხრეთისა და დასავლეთის თბილ კლიმატებში, ბევრი მარცვლეული პროდუქტი მოდის ცენტრალური დასავლეთის ფერმებში, ხოლო ნეკერჩხლის სიროფი ნიუ ინგლენდის ნეკერჩხლის ხეებისგან მოიპოვება. ყველა ეს რეგიონი ამ კონკრეტული საქონლების წარმოებაშია სპეციალიზებული.