პროტექციონიზმი გულისხმობს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ზღუდავს საერთაშორისო ვაჭრობას, შიდა ინდუსტრიების დასახმარებლად. პროტექციონისტული პოლიტიკა, როგორც წესი, შიდა ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, მაგრამ მისი მიზეზი ასევე შეიძლება უსაფრთხოება ან პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები იყოს.
პროტექციონიზმის გააზრება
პროტექციონისტული პოლიტიკა, როგორც წესი, ორიენტირებულია იმპორტზე, მაგრამ ის შეიძლება ასევე მოიცავდეს საერთაშორისო ვაჭრობის სხვა ასპექტებს, როგორიცაა პროდუქციის სტანდარტები და სახელმწიფო სუბსიდიები. პროტექციონიზმის ავკარგიანობა მწვავე კამათის საგანია.
ამ მიდგომის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, პროტექციონიზმი ხშირად აზიანებს ადამიანებს და ეკონომიკურ ობიექტებს, რომელთა დაცვასაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის შენელების და ფასების ინფლაციის გაზრდის საშუალებით ცდილობს. ეს კი თავისუფალ ვაჭრობას უკეთეს ალტერნატივად აქცევს. მეორე მხრივ, პროტექციონიზმის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია, ხელი შეუწყოს შიდა სამუშაო ადგილების შექმნას, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაზრდას და გლობალურ ასპარეზზე შიდა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.
პროტექციონისტული ინსტრუმენტების სახეები
ტარიფები
იმპორტის ტარიფები ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც მთავრობა პროტექციონისტული პოლიტიკის დანერგვისას იყენებს. ზოგადად, ყველა სახის იმპორტის ტარიფი ერიცხება იმპორტიორ ქვეყანას და დოკუმენტირებულია სახელმწიფო საბაჟოზე. ასეთი ტარიფები იმპორტის ფასს ზრდის.
საიმპორტო კვოტები
საიმპორტო კვოტები წარმოადგენს არასატარიფო ბარიერებს, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობის შეზღუდვის მიზნით წესდება. კვოტების მიზანია, ექსპორტიორის მიერ იმპორტიორისთვის მიწოდებული პროდუქციის მოცულობის შეზღუდვა. ეს, როგორც წესი, ნაკლებად მკვეთრი ქმედებაა, რომელიც, დეფიციტის დასაფარად, შიდა ბიზნესების საქონელზე უფრო მაღალ მოთხოვნას იწვევს.
კვოტები ასევე შეიძლება დაწესდეს დემპინგის თავიდან ასაცილებლად. ამ უკანასკნელს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც უცხოელი მწარმოებლები პროდუქციის ექსპორტს წარმოების დანახარჯებზე დაბალი ფასებით ახორციელებენ. ემბარგო, რომლის დროსაც განსაზღვრული პროდუქციის იმპორტი სრულიად აკრძალულია, ყველაზე მკაცრი ტიპის კვოტას წარმოადგენს.
პროდუქციის სტანდარტები
პროდუქტის უსაფრთხოება და დაბალი ხარისხის პროდუქტები ან მასალები, როგორც წესი, პროდუქციის სტანდარტების დანერგვის მთავარი მიზეზია. ამ ტიპის პროტექციონიზმი შეიძლება იყოს ბარიერი, რომელიც ზღუდავს იმპორტს ქვეყნის შიდა კონტროლის საფუძველზე. პროდუქციის სტანდარტების დანერგვამ ხშირად შეიძლება შიდა წარმოების უფრო მაღალი დონე გამოიწვიოს.
სახელმწიფო სუბსიდიები
სახელმწიფო სუბსიდიებს შეიძლება სხვადასხვა სახე გააჩნდეს. ზოგადად, ისინი შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი. პირველი მათგანი ბიზნესს ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. არაპირდაპირი სუბსიდიები კი არსებობს სპეციალური დანაზოგების სახით, როგორიცაა უპროცენტო სესხები და საგადასახადო შეღავათები.
ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაძლიერების მცდელობისას, მთავრობამ შეიძლება ბიზნესებს სუბსიდიები ექსპორტისთვის შესთავაზოს. ასეთი სახის სუბსიდიები კომპანიებს სტიმულს აძლევს, ექსპორტის გაზრდის საშუალებით, გლობალურ ექსპანსიას მიაღწიოს.