უილიამ ჯოზეფ ო’ნილი იყო ცნობილი ინვესტორი, საფონდო ბირჟის ბროკერი და მწერალი. ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, რომელმაც კვლევისა და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპიუტერები ჩართო. ამასთან, უილიამმა დააარსა გავლენიანი საინვესტიციო გამოცემა — Investor’s Business Daily.
ო’ნილი ასევე არის ცნობილი წიგნების ავტორი — How to Make Money in Stocks და 24 Essential Lessons for Investment Success.
ადრეული ცხოვრება და განათლება
უილიამ ო’ნილი 1933 წლის 25 მარტს, ოკლაჰომაში დაიბადა. მის ადრეულ წლებსა და ფინანსურ ჩვევებზე გავლენა იქონია დიდმა დეპრესიამ. იგი Southern Methodist University-ში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა, ბაკალავრის ხარისხი 1955 წელს მოიპოვა, შემდეგ კი აშშ-ის საჰაერო ძალებს შეუერთდა.
საფონდო ბირჟის ბროკერი
უილიამმა თავისი კარიერა 1958 წელს ლოს-ანჯელესში, Hayden, Stone, & Co.-ში საფონდო ბირჟის ბროკერად მუშაობით დაიწყო. კლიენტების სიის და პორტფელის შექმნისას მან აღმოაჩინა, რომ მონაცემთა ანალიზი საინვესტიციო წარმატების გასაღები იყო. 1963 წელს მან დააარსა William O’Neil Co. Inc. ამ ფირმამ შექმნა ფასიანი ქაღალდების პირველი კომპიუტერიზებული ყოველდღიური მონაცემთა ბაზა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 70,000-ზე მეტ კომპანიას ადევნებდა თვალს. 30 წლის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ადგილი შეიძინა1.
„CAN SLIM“
ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის გამოყენებით, ო’ნილმა შექმნა „CAN SLIM“ სტრატეგია —შვიდ მახასიათებელზე დაფუძნებული ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი აქციების ფასი გაიზრდება. „CAN SLIM“ წარმოადგენს აკრონიმს, რომლის მნიშვნელობაც შემდეგია:
(C)urrent (მიმდინარე) — კომპანიის მიმდინარე EPS (მოგება თითო აქციაზე) მინიმუმ 18%-20%-ით უნდა აღემატებოდეს გასული წლის იმავე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს.
(A)nnual (წლიური) — წლიური EPS უნდა ასახავდეს მატერიალურ ზრდას სულ მცირე წინა ხუთი წლის განმავლობაში.
(N)ew (ახალი) — კომპანიას უნდა ჰქონდეს რაღაც ახალი, მაგალითად, პროდუქტი, მენეჯმენტი და ა. შ.
(S)hares (წილები, აქციები) — კომპანია უნდა ცდილობდეს საკუთარი აქციების გამოსყიდვას, რასაც ხშირად აქვს ადგილი მაშინ, როდესაც მენეჯმენტი მაღალ სამომავლო მოგებას ელის.
(L)eader (ლიდერი) — კომპანია თავის კატეგორიაში ლიდერი უნდა იყოს.
(I)nstitutional sponsors (ინსტიტუციური სპონსორი) — კომპანიას უნდა ჰყავდეს რამდენიმე, მაგრამ არა ძალიან ბევრი, ინსტიტუციური სპონსორი.
(M)arket (ბაზარი) — ინვესტორი უნდა აცნობიერებდეს, თუ როგორ მოქმედებს მთლიანი ბაზარი კომპანიის აქციებზე და როდის არის მათ შესაძენად/გასაყიდად საუკეთესო დრო.
Daily Graphs
1972 წელს უილიამ ო’ნილმა დააარსა Daily Graphs, როგორც საფონდო ბირჟის გრაფიკების ბეჭდური წიგნი, რომელიც გამომწერებს ყოველკვირეულად მიეწოდებოდა. ეს გრაფიკები ინდივიდუალურ ინვესტორებს სთავაზობდა კვლევის იმავე ინსტრუმენტებს, რომლებსაც ინსტიტუციური ინვესტორები (კომპანია ან ორგანიზაცია, რომელიც ფულს კლიენტების ან წევრების სახელით აბანდებს) იყენებდნენ. გრაფიკებმა პოპულარობა მოიპოვა სიცხადისა და დიზაინის გამო. 2010 წელს კი MarketSmith-მა Daily Graphs-ის საინვესტიციო კვლევის სერვისის შემდეგ — ონლაინ თაობას ჩაუყარა საფუძველი. ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზზე დაფუძნებული საფონდო გრაფიკები ო’ნილის შვიდ ძირითად ფაქტორს აერთიანებს.
Investor’s Business Daily
1984 წელს უილიამმა ეროვნული ბიზნეს გაზეთი — Investor’s Daily გამოუშვა. მოგვიანებით, 1991 წელს, მისი სახელი უფრო ნაცნობი Investor’s Business Daily-ით (IBD) შეიცვალა. 2021 წელს News Corp-მა გამოაცხადა, რომ დათანხმდა Investor’s Business Daily-ის შეძენას ო’ნილისგან.
IBD გთავაზობთ უნიკალურ ინსტრუმენტებს, კვლევებს და ანალიტიკურ პროდუქტებს. 2023 წლის მონაცემებით, IBD-ის ვებგვერდის ყოველთვიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 5.2 მილიონს გადააჭარბა.
[1] 2006 წლიდან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) საჯარო კომპანიაა, მაგრამ მანამდე ის კერძო ფირმა იყო და თქვენ შეგეძლოთ მისი წევრი აქ „ადგილის შეძენის“ საშუალებით გამხდარიყავით. ადგილის ფლობა ადამიანს ამ საფონდო ბირჟის დარბაზში ვაჭრობის საშუალებას აძლევდა.